x
მეტი
  • 19.04.2021
  • სტატია:110575
  • ვიდეო:352138
  • სურათი:481118
ტარიელ ხარხელაური გარდაცვლილ შვილს, ბექას!
image
" მაშ, დავიჯერო, არ გიჭირს ბიჭო?!
თოვლს
და ფიფქები ხეებს აცვივა...
არ მომერიდო, კარს ვტოვებ ღრიჭოდ,
და როცა გინდა მოდი, სახლში ვარ...
გრძელია ღამე, ბუხარი ბჟუტავს,
ხშირად ვიბერტყავ, მუხლებს ნაცრიანს,
ვუზივარ ვახშამს, არ, ჩადის ლუკმა,
შენზედა ვჯავრობ, თხლად რომ გაცვია...
კარს უკან ძაღლი წკმუტუნებს, ოხრავს,
ვერ ფარავს სახეს წაჭრილი კუდით,
მგლის ნაკბილები აყრია ოხრად,
ბებერ ტორებზე მგლის სუნი უდის...
ღრუბლები მთებზე მოეწყვნენ ზანტად,
ცაზე ხანდახან გაჩნდება მთვარე,
მჩხავანა გახდა გულთეთრი კატა,
წეღანაც ჯოხით გავაგდე გარეთ...
უპატრონობით გაბერწდა ძროხა,
ვერ ჩამოვყარე მთებიდან თივა,
თხის ქონით დამსკდარ თითებსა ვპოხავ
და წელიც ისე საშინლად მტკივა...
დაღლითაც მალე ვიღლები, შვილო,
ბინდიც მგლისფერად ჩამიდგა თვალში,
არც გულისცემის არ მომწონს კილო,
არც აღარავინ მაკითხავს სახლში...
ვარ ბეჩაობით...ჩემთვის ვყრანტალებ...
ვიფარებ ზურგზე დაძენძილ ფარდაგს...
რა გითხრა,
ისევ ისე მაწამებს,
ზამთრის გრძელ ღამით ხშირ-ხშირი შარდვა...
გაძლება უნდა...
ვო, ამ გაძლებას...
მირჩევენ, სხვისთვის რჩევას რა უნდა,
ვერ მიხვდებიან აძაგძაგებულს
გულს, ვედრე ხონჩით წინ არ დაუდგამ,
თუ, არ აწუხებთ, ვერ გაამტყუნებ,
მათ ასე სჯერათ,
ასე ასწავლეს,
სახლში ნაკლებად ვმასპინძლობ სტუმრებს,
საკუთარს
თვითონ ვღეჭავ ნაწლავებს...
ჰო,
კიდევ მართლა, რაუნდა მეთქვა,
ა,
გამახსენდა, გეტყვი ახლავე,
ჩემს გამოსვლაზე რას ფიქრობს ღმერთი?!
აქ ყოფნას ნუღარ გამისაფლავებთ...
მაშ, დავიჯერო, არ გიჭირს, ბიჭო?!
თოვლს
და ეს თოვლი შენ არ გაცვივა?... "
1
87
4-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
87
  
26 იანვარი, 4:07
გული მეტკინა
0 1 1