x
მეტი
  • 01.03.2021
  • სტატია:108784
  • ვიდეო:351165
  • სურათი:477237
რეინოს დაავადება

image
რეინოს სინდრომი, ცნობილი როგორც რეინოს ფენომენი არის მდგომარეობა, როდესაც მცირე არტერიების სპაზმი იწვევს სისხლის ნაკადის შემცირებას. მას ეწოდა ფრანგი ექიმის მორის რეინოს სახელი, რომელმაც აღწერა მდგომარეობა 1862 წელს. ეს დაავადება ვითარდება სხეულის გარკვეულ ნაწილებზე, როგორიცაა ხელის თითები ან ფეხის თითები, იშვიათად ცხვირზე, ტუჩებსა და ყურებზე.

რეინოს დაავადების დროს, შესაბამისი უბნის მომმარაგებელი არტერიები განიცდიან სპაზმს სიცივისა და სტრესის ზემოქმედების ქვეშ. სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლის მიწოდება იკლებს. დროთა განმავლობაში ეს არტერიები შეიძლება გასქელდეს რაც კიდევ უფრო გაართულებს სისხლის მიწოდებას. სპაზმის ხანგრძლივობა საკმაოდ მცირეა, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათსაც.

არსებობს დაავადების ორი ტიპი:

პირველადი. პირველად ტიპს რეინოს დაავადება ეწოდება და ყველაზე გავრცელებული ფორმაა. რეინოს დაავადებას არ ახლავს თან რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია ვაზოსპაზმის გამოწვევა.

მეორეული. მეორეულ ტიპს რეინოს ფენომენი ეწოდება და გამოწვეულია სხვა დაავადებით. მეორეული რეინოს ფენომენი უფრო იშვიათია, ვიდრე რეინოს დაავადება, მაგრამ ხშირად უფრო მძიმეა. ნიშნები და სიმპტომები ძირითადად უფრო მოგვიანებით, 40 წლის ასაკისათვის გამოვლინდება, შედარებით პირველად ფორმასთან.

მეორეული რეინოს გამომწვევი მიზეზებია:

შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები. პაციენტთა უმეტესობას, რომელთაც აქვთ კანის გასქელებისა და დანაწიბურების დაავადება– სკლეროდერმა, ასევე აღენიშნებათ რეინოს ფენომენი. სხვა დაავადებებია: მგლურა, რევმატოიდული ართრიტი და შოგრენის სინდრომი.

არტერიების დაავადებები. რეინოს ფენომენი შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიების სხვადასხვა პათოლოგიებთან, როგორიცაა ფოლაქების დაგროვება სისხლძარღვებში– ათეროსკლეროზი ან კიდურების არტერიების ანთებითი მდგომარეობა– ბერგერის დაავადება. სისხლის მაღალი წნევა, რომელიც ეხება ფილტვის არტერიებს– ფილტვის პირველადი ჰიპერტენზია შესაძლოა იყოს დაკავშირებული რეინოსთან.

მაჯის გვირაბის სინდრომი. ამ დროს ვითარდება ზეწოლა მაჯის მთავარ ნერვზე, რაც იწვევს დაბუჟებას და ტკივილს ხელში. ხელი ამ დროს მეტად სენსიტიურია სიცივისადმი და ვითარდება რეინოს ეპიზოდები.

განმეორებითი მოძრაობა ან ვიბრაცია. კლავიატურაზე ხშირი აკრეფა, ფორტეპიანო და მსგავსი აქტივობები, ასევე ვიბრაციულ ტექნიკაზე მუშაობა ასოცირებულია რეინოს ფენომენის მაღალ რისკთან.

მოწევა. თამბაქო იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას და რეინოს ფენომენს.

დაზიანებები. ხელის ან ფეხის დაზიანებები, როგორიცაა მოტეხილობა, ოპერაცია, მოყინვა შეიძლება გახდეს რეინოს ფენომენის მიზეზი.

გარკვეული მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი: ბეტა–ბლოკერები (მაღალი წნევის სამკურნალოდ), შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატები (ერგოთამინი, სუმატრიპტანი), ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის წამლები, ქიმიოთერაპიული აგენტები, სისხლძარღვების შევიწროვების გამომწვევი მედიკამენტები (გაციების საწინააღმდეგო საშუალებები) ასოცირებულია რეინოს ფენომენთან.

რეინოს დაავადების ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია შეტევების სიხშირეზე, ხანგრძლივობაზე, სისხლძარღვების სპაზმის სიძლიერეზე. რეინოს დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:

  • ცივი თითები
  • ფერის ცვლილება კანზე სიცივეშია ან სტრესის დროს
  • დაქვეითებული მგრძნობელობა, მჩხვლეტავი შეგრძნება ან ტკივილი სტრესის მოხსნის ან გათბობის შემდეგ

შეტევის დროს, დაზიანებული კანი თავდაპირველად მოთეთრო ფერისაა. შემდეგ, კანი ლურჯდება, ცივდება და ქვეითდება მგრძნობელობა. თუ კანი გათბა და სისხლის მიმოქცევა აღდგა, დაზიანებული არე ხდება წითელი, მტკივნეული, შესიებული. ფერთა ცვლილების თანმიმდევრობა ყველა პაციენტში ერთნაირი არ არის და ყველას არ აღენიშნება სამივე ფერის განვითარება.

ადამიანების დაახლოებით 4% -ს აქვს დაავადება. პირველადი ფორმის დაწყება ჩვეულებრივ 15-დან 30 წლამდეა და უფრო ხშირად გვხვდება ქალებში.

პირველადი მკურნალობა სიცივის თავიდან აცილებაა. სხვა ღონისძიებები მოიცავს ნიკოტინის ან სტიმულატორის გამოყენების შეწყვეტას. მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს კალციუმის არხების ბლოკატორების და ილოპროსტის გამოყენებას. მძიმე დაავადება იშვიათად შეიძლება გართულდეს კანის წყლულებით ან განგრენებით.

მიჩნეულია, რომ პირველადი რეინო ნაწილობრივ მაინც მემკვიდრეობითია, თუმცა სპეციფიკური გენები ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. კოფეინი, ესტროგენი და არასელექტიური ბეტა-ბლოკატორები ხშირად ჩამოთვლილია როგორც დამამძიმებელი ფაქტორები.

ძირითადი დაავადების მკურნალობა;

  • სისხლძარღვების გასაფართოვებელი საშუალებები;
  • ფიზიოთერაპია;
  • თრომბის საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
  • ქირურგიული ჩარევა;
  • ექსტრაკორპორალური ჰემოკორექცია.

დაავადების ძირითადი საშიშროებაა ტროფიკული წყლულის, სეპსისის, ჩირქოვანი ვარიკოტრომბოფლებიტის გაჩენა.

პრეპარატებიდან შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ემდიკამენტები:

ვაზოდილატორები - კალციუმის არხების ბლოკატორები, როგორიცაა დიჰიდროპირიდინები, ნიფედიპინი ან ამლოდიპინი. მათ აქვთ თავის ტკივილის, გამონაყარისა და ტერფის შეშუპების გვერდითი ეფექტები, მაგრამ, როგორც წესი, ეს არ არის ისეთი სიმძიმის, რომ მკურნალობის შეწყვეტა მოითხოვონ. არსებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ კალციუმის არხების ბლოკატორები მხოლოდ ოდნავ ეფექტურია შეტევების სიხშირის შემცირებაში.

სიმპათოლიზურმა საშუალებებმა, მაგალითად, ალფა-ადრენობლოკატორმა პრაზოზინმა, შეიძლება დროებით გაათავისუფლონ რეინოს მეორადი ფენომენი.

ლოსარტანს შეუძლია და ადგილობრივ ნიტრატებს შეამცირონ შეტევების სიმძიმე და სიხშირე, ხოლო ფოსფოდიესტერაზის ინჰიბიტორებმა - სილდენაფილმა და ტადალაფილმა შეიძლება შეამცირონ მათი სიმძიმე.

ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებმა ან აგფ ინჰიბიტორებმა შეიძლება ხელი შეუწყონ სისხლის მიმოქცევას თითებში, და ზოგიერთმა მტკიცებულებამ აჩვენა, რომ ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები (ხშირად ლოსარტანი) ამცირებენ შეტევების სიხშირეს და სიმძაფრეს, და შესაძლოა ნიფედიპინზე უკეთესს.


0
97
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ჭანტურია1
მარიამ ჭანტურია1
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0