x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108999
  • ვიდეო:351297
  • სურათი:477867
ტვინის გადანერგვა ფანტასტიკა აღარ არის. ტვინის გადანერგვა უკვე რეალურად მიმდინარეობს


image
ბევრს მიაჩნია, რომ დღეს ინფორმაციული ომია. არა, ბატონებო, ეს ომი უკვე მოძველდა, დღეს აზრობრივი ომია. ეს იგივეა, რაც ტერმინი "სემანტიკური ომი" და გაცილებით საშიშია ჩვენი ცნობიერებისთვის, ვიდრე ინფორმაციული ომები. თუმცა როგორც აზრობრივი ომის, ისე ინფორმაციული ომის წარმოების გზა და იარაღი საინფორმაციო საშუალებებია.


აზრობრივი ომი ცვლის მსოფლიოს მთელ მოდელს, ინფორმაციული ომი კი - რომელიღაც ცალკე სეგმენტს.

აზრობრივი ომი მთელ მოსახლეობაზე მუშაობს, ინფორმაციული - მის მცირედ ნაწილზე.

აზრობრივი ომი გათვლილია უფრო ხანგრძლივ პერიოდზე, ინფორმაციული ომი კი დაინტერესებულია შედეგის მომენტალური დადგომით. საინფორმაციო ომი ინარჩუნებს არსებულ მენტალურ მექანიზმებს, ინფორმაციული ომი ცდილობს ააშენოს ახალი.

აზრობრივი ომი დაკავებულია კონცეპტუალური ცვლილებით, გადატანით, გადათარგმნით. ამ მიზეზის გამო მისი საყვარელი მებრძოლები არიან მწერლები ანუ ისინი, ვინც დაკავებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიით. ინფორმაციული ომის მებრძოლები არიან ჟურნალისტები, რადგან გუშინდელი გაზეთი მხოლოდ ისტორიკოსებს აინტერესებთ.


აზრობრივი ომის მაგალითები უხვად იყო ჩვენს შორეულ თუ ახლო წასრულში: ცივი ომი, გარდაქმნის პერიოდი ე.წ "პერესტროიკა", ბარხატოვან-ვარდოვანი და ფერადი რევოლუციები...


თარჯიმანს იცით ხომ რა ფუნქციაც აქვს?


"პერესტროიკა" სწორედ იმ კონცეპტუალური თარჯიმანის ფუნქციას ასრულებდა, რომლის შედეგადაც პიროვნებები მტრების სიიდან მეგობრების სიაში გადადიოდნენმაგ, ტროცკი და ბუხარინი), ხოლო მეგობრები, პირიქით, მტრები ხდებოდნენ (მაგ. ლენინი და სტალინი). პარალელურად ქუჩების, მოედნების სახელწოდებები იცვლებოდა, იცვლებოდა მემორიალური ძეგლებიც.


აზრობრივი ომი, იცით, რას აკეთებს? ადამიანის საკუთარი ინტერპრეტაციების აპარატს აძლევს უარის თქმის დავალებას. როცა მოსახლეობას უკეთდება ასეთი აზრობრივი ვაქცინაცია, მას უკვე თვითონ შეუძლია მოახდინოს აზრობრივი ნაკადების ცენზურა და ესა თუ ის ფაქტი „სიცრუედ“ ან „სიმართლედ“ აღიქვას. ამას ადამიანი იმის საფუძველზე აკეთებს, შეესაბამება თუ არა მოცემული მოვლენა, ფაქტი ან მომენტი მსოფლიოს სურათს, რომელიც ახალი გარდაქმნითი პროცესით მოვიდა.

როცა საქმე გვაქვს აზრობრივ ომთან, თქვენ წარმოიდგინეთ, სიტყვიერი მასალის ფლობაც არაა აუცილებელი. აზრობრივი ომი, ლიტერატურის გარდა, შეიძლება შემოიტანოს მასობრივი კულტურის პროდუქტებმა, ფართო მოხმარების საგნებმა. სწორედ ისინი ახდენენ მსოფლიოს მომავალი სურათის ელემენტების იმპლანტაციას. სწორედ ამიტომ კრძალავს ირანი ბარბისა და სიმპსონების თოჯინებს. საბჭოთა რადიკალური მიდგომაც ახსოვს ჩვენს უფროს თაობას, როცა რევოლუციის შემდგომ საბავშვო ბაღებში აიკრძალა თოჯინების შეტანა, რომ ბავშვებს სექსუალური გადახრები არ დაწყებოდათ, სკამების ნაცვლად კი გაჩნდა გრძელი სკამმერხები, ბავშვებში კოლექტივიზმის გასავითარებლად. ( ქართული სარკაზმი გახსოვთ, ალბათ, ფილმიდან "თოჯინები იცინიან")


როგორც ინფორმაციულს, ასევე აზრობრივ ომს ერთი მიზანი აქვს - ადამიანის თავში შეჭრას ცდილობს, თქვენს და ჩემს თავში შეჭრას, ძველი ღირებულებების მოსპობას და ახლის ჩანერგვას! ანუ მიზანი ტვინის, ასე ვთქვათ, გადანერგვაა...


ომის ორივე ფორმა აქტიურია როგორც პოლიტიკაში, ასევე ბიზნესში..


ბიზნესი? რატომაც არა! ბიზნესმაც ხომ უნდა შეცვალოს სამყაროს მოდელი?! ყველაზე ახლოს ამ პროცესთან სოციალური მარკეტინგი დგას, სოციალური ინჟინერია. ყველაფერი ეს ბიზნესიდან პოლიტიკაში და პოლიტიკიდან ბიზნესში მეთოდების გადატანის საშუალებებს იძლევა. მაგალითად, მარკეტინგის ერთ-ერთ სახელმძღვანელოს ჰქონდა ქვესათაური: „ როგორ მუშაობს კარგი მარკეტინგი დემოკრატიის გაუმჯობესებაზე“!

ბიზნეს-აზრობრივი ომები ბრენდების შემთხვევაში: თითოეული ბრენდი ექსპლუატაციას უწევს თავის რომელიმე ფასეულ შემადგენელ ნაწილს. მაკდონალდსი ყიდის არა ტრადიციულ ნაჭერ პურს ხორცით, არამედ კარგი ხარისხის სახვევში შეხვეულს. როცა მაკდონალდსი საქართველოში პირველად გაიხსნა, ბევრი ჩვენგანი ამერიკული კულტურის დასაგემოვნებლად მიდიოდა იქ. ანუ პროდუქტის ფიზიკური შემადგენლობა მთლიანად ჩანაცვლებული იყო ფასეულით.


ნებისმიერი ბრენდი ეფუძნება კონკრეტულ საქონელთან დაკავშირებული აზრების წინსვლას. ბრენდის პროდუქციის ყიდვისას, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ბრენდის გადასახადია და არა პროდუქციის ფიზიკური მდგომარეობის და თვისებების, ჩვენ ვყიდულობთ აზრებს, უფრო სწორად, ვააქტიურებთ აზრებს საკუთარ თავში...

არამატერიალური კომპონენტით ოპერირებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს... ძველი რომი მოქალაქეობას აძლევდა უცხოელებს, რაც განიხილებოდა, როგორც უდიდებულესი ფასეულობა. კოკო შანელმაც შეიტანა თავისი არატრადიციული პროდუქტი - პატარა შავი კაბა მოდად ყველასთვის.

ის, რაც უსაფრთხო და მიმზიდველია ერთ გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, სხვა ეტაპზე საშიში გახდეს. სწორედ ასე მუშაობს შედეგების დაგეგმვის მოდელი, სადაც არის პირველი, მეორ, ე მესამე და ა. შ. დონის შედეგები.


უკრაინელმა პოლიტოლოგ-ფსიქოლოგმა, იაკოვენკომ სსრკ-ს დაშლის მიზეზები საბავშვო ზღაპრების ფორმის შეცვლით მენტალობის ტრანსფორმაციაში დაინახა, რადგან ისინი ცნობიერების მატრიცების ფორმირებას ახდენენ. სსრკ-ში წარმოიშვა მოთხოვნა ახალ ზღაპარზე, პასუხად მოვიდა მერი პოპინსისა და მუმი ტროლის თარგმანები. ბავშვებმა, რომლებიც ამ ზღაპრებზე გაიზარდნენ, მხიარულად დაასაფლავეს სსრკ.

ფრთხილად იყავით საბავშვო ზღაპრებთან.... იმ პროგრამებთანაც, რომელსაც თქვენი ბავშვები სკოლებში სწავლობენ. აკონტროლეთ ისინი.

ახალი ლიტერატურა საუკეთესოდ ასახავდა იმას, რაც ადამიანებს ს უ რ დ ა თ! იმავდროულად, იდეოლოგიურად მოტივირებული საბჭოთა ლიტერატურა ფუნქციონირებდა დროსთან ფეხშეუწყობლად, რადგან მისი საუკეთესო ნიმუშები მეორე მსოფლიო ომამდელ პერიოდში იყო შექმნილი. ის ოყო უფრო სერიოზული, ახალი ლიტერატურა კი - მხიარულებაზე აგებული... და სიცილმა გაიმარჯვა სერიოზულობაზე.ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ აზრობრივ ომში არ შეიძლება იბრძოლო ისე, როგორც ინფორმაციულ ომში. ახალი ზღაპრების აკრძალვა არ შეიძლებოდა, რადგან მათ ითხოვდა საზოგადოება. ამიტომ ისინი უნდა შეექმნათ თვითონ ქვეყნის შიგნით. ინფორმაციულ ომში კი შეიძლება ჩაკეტო ინფორმაცია, დაახშო წყარო... ან გადაფარო სხვა ინფორმაციით... ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ!


აზრობრივი ომის საუკეთესო მაგალითი, რომელსაც 3 ეტაპი აქვს და რომელიც გარდაქმნის პერიოდში ჩვენ თვალწინ მოხდა:


პირველი ეტაპი - ძველი ფასეულობებისა და შინაარსის ენაზე ინტერვენცია.... გორბაჩოვმა დაიწყო ლენინის მიმართ სიყვარულით განმსჭვალული გამოთქმების ტრადიციული ფრქვევა მიმართვებში

მეორე ეტაპი- ახალი ფასეულობების, მაგრამ ძველი შინაარსის ენაზე ინტერვენცია.

ერთ-ერთ მოხსენებაში გორბაჩოვმა სიტყვა რევოლუცია სათაურშივე გამოიყენა, მაგრამ სხვა მნიშვნელობით - ტრანსფორმაციის მნიშვნელობით, ანუ ამ ეტაპზე ხდება ცნებების ჩანაცვლება.

მესამე ეტაპი- ახალი ფასეულობების ენაზე ინტერვენცია ახალი შინაარსით. გორბაჩოვის „რევოლუცია გრძელდება“

ამის შედეგად, გარდაქმნის პერიოდმა ძირეულად შეცვალა არა მარტო ძველი გმირები, არამედ ახალი სახეებიც შემოიტანა... და სწორედ ეს ახალი გმირები გახდნენ ტელეეკრანის გმირებიც. ძველი გმირი ეღარ ხვდება ეკრანზე, რადგან ჰეროიზმის ახალი ფორმატი გაჩნდა.

ინფორმაციული ომით გამოწვეული შედეგი დროთა განმავლობაში შეიძლება შემცირდეს, რადგან ადამიანმა, შესაძლოა, მიიღოს ახალი ინფორმაცია. აზრობრივი ომის როლი კი - ყოველთვის თუ არა, ხანგრძლივად მაინც იქნება შენახული, რადგან მისი ზემოქმედებით ადამიანი საკუთარ თავში ჰქმნის მსოფლიოს ახალ მოდელს და იწყებს ცხოვრებას მისი კანონების შესაბამისად. აზრობრივი ომის მიზანია, შეცვალოს სწორედ ძირითადი მექანიზმები და არა ცალკეული კომპონენტები. ამიტომ შედეგი ხდება უკუშეუქცევადი.


ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ უკეთ გააანალიზოთ ის, რაც გარედან შემოდის ჩვენში, ის რაც ჩვენს ცნობიერებას ქვასავით წვეთ-წვეთობით ხეთქავს, ნელ-ნელა და თანდათანობითობის პრინციპით...


მე ვერ დავაგდებ ჩემი სტატიების ხარისხს იმისთვის, რომ ფული ვაკეთო, ვერც იაფფასიანი ტრიუკებით მოვიზიდავ მნახველებს, რადგან საბოლოო ჯამში, ვიცი, ეს რა მდარე გემოვნების მქონე, ტვიტგამორეცხილ საზოგადოებას შეგვიქმბნის, რომელშიც მერე თვითონაც უნდა ვიცხოვრო!









0
114
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0