x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108734
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477111
ისინი  თვალებს მუქი სათვალით, ხოლო  აზრებს - დახურულ ბლოგებში მალავენ, სულს ზომავენ გრამებში და თვლიან, რომ ეს ცხოვრების ნორმაა

image

უფლის დესპანის მოხსენება დედამიწელთა მდგომარეობის შესახებ:

ისინი ცხოვრობენ სამყაროში, სადაც ყველაფერს ქაღალდზე ამოტვიფრული ჰოლოგრამები წყვეტენ და უნაცვლებენ მეგობრებსა და ახლობლებს. იქ საუბრობენ ყოვლისშემძლე ღმერთზე, მაგრამ მონეტარული კულტი ყველაფერზე მაღლა დგას.


ისინი ნაკვებნი არიან ცრურწმენებით... ყველგან და ყველაფერზე ჰკიდებენ იარლიყებს, ქმნიან სტანდარტებს. იქ მორალისტურად განსჯიან განსხვავებულებს განსხვავებულობისთვის. ისინი სხედან ტელევიზორებთან თუ კომპიუტერებთან და არ აინტერესებთ, რომ ფანჯრის მიღმა, იქვე, მათივე ქუჩის მოსახვევში ვიღაც ცუდად გახდა, ვიღაც ულუკმაპუროდ გდია, უფრო მოშორებით ბავშვები ლეიკემიით იღუპებიან... სისხლის ბანკი კი ცარიელია დონორობის სურვილუქონელთა გამო.


სამაგიეროდ, ისინი ლოცულობენ, მარხულობენ, მუხლებს იღლეტენ ტაძრებში. მათივე სიტყვებით, „ლოცვა ისეთ სულიერ სიმშვიდეს ანიჭებთ, რომ მეტი არ შეიძლება“. მეტი, ჰო, მეტი. მთავარი ხომ სიმშვიდეა? - შიგნიდან ჩარაზული დარაბები და ღია სარკმელი...


მათ არასდროს უფიქრიათ, რომ ნამცეცები არიან სამყაროს უზარმაზარ წიაღში, მიკრონის სულ რაღაც მეათასედი ნაწილი.


მათს ქვეცნობიერში, მართალია, ბჟუტავს აზრი, რომ არასწორად ცხოვრობენ და სასწრაფოდ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება ყოველი არსისა და არსების მიმართ, მაგრამ ათას „მსხვილმანზე“ ფიქრით დაღლილთა გონებას აღარ ძალუძს, აიძულოს სხვაგვარად იცხოვრონ.


ჰოდა, ისინიც ცხოვრობენ, ...


არსებობისთვის წესების გარეშე იბრძვიან და მათთან ბუნებრივთან ერთად აქტუალურია ხელოვნური გადარჩევის პროცესი.


ისინი ავტომატურად მაგალითს აძლევენ შვილებს და... ასე, თანდათან, ნელ-ნელა სულიერად კვდებიან.


ისინი თვალებს მუქი სათვალით, ხოლო აზრებს - დახურულ ბლოგებში მალავენ, სულს ზომავენ გრამებში და თვლიან, რომ ეს ცხოვრების ნორმაა.


ბოლოს და ბოლოს, მათთვის არჩევანი მიგვიცია..


და ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სურს!...

1
37
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
37
  
0 1 1