x
მეტი
  • 28.02.2021
  • სტატია:108733
  • ვიდეო:351135
  • სურათი:477111
მორალური განვითარების თეორიები

image

ადამიანისათვის, როგორც სოციალური არსებისათვის, აუცილებელია საზოგადოებასთან აქტიური თანაცხოვრება, როგორც თითოეულ უჯრედს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა და მისი არსება განსაზღვრულია ერთიანი ორგანიზმით, ასევე ადამიანის ცხოვრებაც გამოხატულებას პოულობს და მნიშვნელობას იძენს მხოლოდ საზოგადოებაში. თუ ადამიანი გაემიჯნება და დაუპირისპირდება დანარჩენ სამყაროს, მაშინ ის ვერ განვითარდება. მხოლოდ ჯანსაღ სოციალურ გარემოში, საზოგადოებასა და სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობაში ყალიბდება ჩვენი არსება. სოციალიზაცია მოიცავს რიგ პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოების წევრი აღიჭურვება იმ ცოდნით და უნარ-ჩვევებით, რაც საზოგადოებაში ცხოვრებას სჭირდება. ამგვარად, სოციალიზაცია პიროვნების აღზრდა და ჩამოყალიბებაა. მორალური ნორმების, ისევე როგორც სხვა სოციალური ნორმების, შესრულება არ არის სამართლებრივად უზრუნველყოფილი. სოციალური ნორმები ხალხის ცნობიერებაში არსებობს და ზეპირი ფორმით გადაეცემა თაობიდან თაობას. სოციალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია მორალური განვითარება.

რას ნიშნავს მორალი? მორალი და მორალური ნორმები წმინდა ადამიანური ფენომენია, ვინაიდან ცხოველებს ის არ გააჩნიათ. მორალი ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე სოციალური წესების მექანიკურად დამახსოვრებაა. ცნება მორალი, ზნეობა, გულისხმობს ადამიანის ქცევის განმსაზღვრელ პრინციპებს, ნორმებსა და ღირებულებებს. ზნეობრივი ოქროს წესი კი გულისხმობს შემდეგს: მოექცე სხვა ადამიანს ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცენ. განვითარებასთან ერთად ადამიანები (ბავშვები) სწავლობენ რა არის კარგი და რა ცუდი. ადამიანთა მორალური რწმენების უმრავლესობა ფორმირდება იმ ადამიანების გვერდით, ვინც მათ გარშემოა, მორალი არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. ჩვენი მორალური განწყობები განსაზღვრავს იმ წესებსა და მოვალეობებს, რომლებსაც ვემორჩილებით სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.

პიაჟეს მიხედვით, მორალი განისაზღვრება როგორც ადამიანის პატივისცემა სოციალური ნორმების მიმართ და მისი სამართლიანობის გრძნობა. მისი აზრით, ზნეობრიობის განცდა ბავშვებში ვითარდება როგორც მათი მუდმივად განვითარებადი კოგნიტური სტრუქტურებისა და ასევე მუდმივად მზარდი სოციალური გამოცდილების ურთიერთქმედების შედეგი. ბავშვთა მორალური განვითარება ორ სტადიას გაივლს: პირველ სტადიაზე, რომელსაც პიაჟემ მორალური რეალიზმი (შუა ბავშვობის დასაწყისი) უწოდა, ბავშვებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ყველა წესის შესრულება. მაგალითად, თამაში უნდა ითამაშონ მხოლოდ განსაზღვრული წესებით. ზნეობრივი ქცევის შესახებ ამ ასაკის ბავშვი მისი შედეგებით მსჯელობს, ხოლო განზრახვა მისი ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, მიაჩნია, რომ ის ბავშვი უფრო დამნაშავეა, ვინც დედას ეხმარებოდა და შემთხვევით ხუთი თეფში გაუტყდა, ვიდრე ის, ვინც გაბრაზებისას განზრახ გატეხა ერთი თეფში. შუა ბავშვობის დასასრულს ბავშვები გადადიან მორალური რელატივიზმის სტადიაში. ახლა ისინი აცნობიერებენ, რომ წესები მხოლოდ ადამიანების ურთიერთშეთანხმების პროდუქტს წარმოადგენს და საჭიროების შემთხვევაში მათი შეცვლა შეიძლება. ამას ბავშვები იმის გაგებისკენ მიჰყავს, რომ არ არსებობს აბსოლუტურად სწორი ან აბსოლუტურად არასწორი და რომ მორალური ქცევა დამოკიდებულია განზრახვაზე და არა შედეგზე.

რაც შეეხება ლოურენს კოლბერგს, მან გამოყო მორალური განვითარების სამი ძირითადი დონე და თითოეული მათგანი ორ სტადიად დაყო. პირველ დონეს მან პრეკონვენციური დონე უწოდა, მეორეს – კონვენციური, ხოლო მესამეს – პოსტკონვენციური.

დონე I. პრეკონვენციური მორალი (10 წლამდე)

სტადია 1. მორჩილება და დასჯაზე ორიენტირება. კოლბერგის პირველი სტადია პიაჟეს მორალური განვითარების პირველ სტადიას შეესაბამება. ბავშვს მიაჩნია, რომ ვიღაც “ყოვლისშემძლე ადამიანები” ადგენენ წესების ფიქსირებულ კრებულს, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ. ამ სტადიაზე ბავშვები ჯერ კიდევ არ აზროვნებენ ისე, როგორც საზოგადოების წევრები. ისინი ზნეობას განიხილავენ როგორც რაღაც გარეგანს, მათგან დამოუკიდებელს, რაღაცას, რაც მათ უნდა გააკეთონ ან არ გააკეთონ, რადგან ასე ამბობენ “დიდი ბიძიები”.

სტადია 2. მარტივი ინსტრუმენტული ჰედონიზმი. ამ სტადიაზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ არ არსებობს ერთი სწორი შეხედულება, რომელიც “ყოვლისშემძლე ფიგურისგან” გამომდინარეობს. სხვადასხვა ინდივიდს შესაძლოა სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდეს. მაგრამ თავდაპირველად ეს გაგება ძალზე კონკრეტულია, ისინი მართებულად მიიჩნევენ, როდესაც ადამიანი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

დონე II. კონვენციური მორალი. (10-დან 16 წლამდე)

სტადია 3. კარგი ადამიანური ურთიერთობები. ამ სტადიაზე ბავშვები – რომლებიც, როგორც წესი, უკვე მოზარდ ასაკს არიან მიღწეულები – მორალს განიხილავენ როგორც უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი შეთანხმებაა. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანებმა ოჯახისა და საზოგადოების მოლოდინების შესაბამისად უნდა იცხოვრონ და “კარგად” მოიქცნენ. კარგი საქციელი აღნიშნავს კარგი მოტივებისა და ისეთი პიროვნებათაშორისი გრძნობების ქონას, როგორებიცაა სიყვარული, ემპათია, ნდობა და სხვებზე ზრუნვა.

სტადია 4. სოციალური წესრიგის შენარჩუნება. მეოთხე სტადიაზე მყოფ ადამიანებს სულ უფრო და უფრო მეტად აღელვებთ საზოგადოება. ამჯერად ადამიანი ემორჩილება კანონებს და ასრულებს თავის მოვალეობებს, რათა სოციალური წესრიგი შენარჩუნდეს.

დონე III. პოსტკონვენციური მორალი (16 წლიდან)

სტადია 5. სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები. მეხუთე სტადიაზე რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ კარგი საზოგადოება ყველაზე უკეთ შეიძლება წარმოვადგინოთ სოციალური კონტრაქტის სახით, რომელშიც ადამიანები ნებით ერთვებიან საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. ისინი აცნობიერებენ, რომ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს საზოგადოების შიგნით აქვთ განსხვავებული ღირებულებები, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ყველა ჭკვიანი ადამიანი ეთანხმება ორ პუნქტს: პირველი – დაცულ იქნეს ისეთი ბაზისური უფლებები, როგორებიცაა სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება; მეორე – ნებისმიერი უთანხმოება მოგვარდეს დემოკრატიული პროცესების დახმარებით.

სტადია 6. უნივერსალური ეთიკური პრინციპები. ამ უმაღლეს საფეხურზე სწორი ქმედება განისაზღვრება სინდისის თვითამორჩეული ეთიკური პრინციპებით, რომლებიც ვრცელდება მთელ კაცობრიობაზე, განურჩევლად კანონისა და სოციალური შეთანხმებისა. ეს ფასეულობები აბსტრაქტულია და არა ათ მცნებასავით კონკრეტული. მეექვსე საფეხურზე მყოფები, წესისამებრ, საუბრობენ ისეთ პრინციპებზე, როგორებიცაა თანაბარი ზრუნვა ყველა ადამიანის მოთხოვნილებაზე, თითოეული პიროვნებისთვის პატივის მიგება და ღირსების პატივისცემა.

კოლბერგმა თავის გვიანდელ შრომებში გამოთქვა მოსაზრება, რომ მეხუთე და მეექვსე სტადია არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ ერთ სტადიაში უნდა გაერთიანდესო.

რაც შეეხება მორალურ მსჯელობას, ამ საკითხში კოლბერგი ეთანხმებოდა პიაჟეს შეხედულებებს და ამბობდა, რომ მორალური მსჯელობის გნვითარებას განაპირობებს არა მხოლოდ მომწიფება და სოციალიზაცია, არამედ მორალურ პრობლემებზე ბავშვის საკუთარი ნააზრევი. მორალურ განვითარებას კოლბერგის მიხედვით საფუძვლად უდევს სამი კრიტერიუმი:

  • ორიენტაცია ავტორიტეტზე.
  • ორიენტაცია ტრადიციაზე, წესებზე.
  • ორიენტაცია პრონციპებზე.

არსებობს თუ არა სქესის მიხედვით განსხვავება ზნეობაზე მსჯელობაში?

ზოგი მონაცემი გვიჩვენებს, რომ ქალებს აქვთ ტენდენცია, ხაზი გაუსვან ზრუნვას ანუ ემპათიური პერსპექტივის გამოყენებას, მაშინ როცა მამაკაცები ან სამართნიალობას გამოყოფენ ან თანაბრად ფოკუსირდებიან სამართლიანობასა და ზრუნვაზე. ამჟამად არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ სამართლიანობა და ზრუნვა არ არის სქესისთვის დამახასიათებელი ზნეობრიობები. ყოველდღიური ზნეობრივი პრობლემების შესახებ, მოზარდი და მოზრდილი ქალები იმავე საფეხურის მსჯელობას ავლენენ, რომელსაც მათი თანატოლი მამაკაცები.

მორალურ მსჯელობაზე მოქმედი ფაქტორები:

  • ოჯახი- მორალური აზროვნების ფორმირებაში განუზომელია მშობელთა წვლილი. ბავშვები, რომლებიც ემოციურად დამოკიდებულნი არიან მშობლებზე და განიცდიან ძლიერ მიჯაჭვულობას მათ მიმართ, მათზე გაცილებით მორალურები იზრდებიან, ვისაც ასეთი ურთიერთობები არ აქვს.
  • თანატოლები- ბრაუნმა და თეობალდმა აღწერეს ოთხი ხერხი, რომელთა საშუალებითაც თანატოლებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ერთმანეთის ქცევაზე:
  • თანატოლთა მხრივ ზეწოლა;
  • ნორმებთან შესაბამისობის მოლოდინი;
  • შესაძლებლობების შექმნა;
  • კოპირება.
    • რელიგია- კვლევათა უმრავლესობა მოწმობს, რომ რელიგია დადებით გავლენას ახდენს მოზარდთა ქცევაზე. მაგალითად, მორწმუნე ახალგაზრდა უფრო თავშეკავებულია ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების მიმართ, ვიდრე მისი ნაკლებად მორწმუნე თანატოლი. ისინი ასევე ნაკლებად ამჟღავნებენ დევიანტური ქცევის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა ჩხუბი, ვანდალიზმი და უხამსი სიტყვების გამოყენება. მორწმუნე თინეიჯერებს იშვიათად აქვთ სქესობრივი კონტაქტი ქორწილამდე.
    • ტელევიზია- დღითი დღე იზრდება ტელევიზიისა და მასობრივი მედიასაშუალებების როლი ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ ბუნებრივია, რომ საზოგადოებას აღელვებს, რა გავლენას ახდენს ტელევიზია მოზარდის ღირებულებათა ჩამოყალიბებაზე. მღელვარების მიზეზი უმთავრესად ძალადობისა და სექსუალობის შემცველი სცენებია. ძალადობა ტელევიზიით რამდენიმე მიზეზის გამო იწვევს აგრესიას რეალურ ცხოვრებაში: ტელევიზორში ძალადობა არც ისე შოკისმომგვრელია და უფრო მსუბუქი ჩანს, ხანდახან ნორმალურიც კი. აგრესიის დემონსტრირებას უმეტესად დადებითი პერსონაჟები ახდენენ და მათი ამგვარი ქცევა, წესისამებრ, ჯილდოვდება და აღტაცებას იწვევს. გარდა ამისა, ტელევიზორში ნაჩვენები საბრძოლო მოქმედებების დემონსტრაცია მაყურებლის ნერვულ სისტემას აღიზიანებს, რის შედეგადაც მათ უფრო მეტად უჭირთ თავიანთ აგრესიასთან გამკლავება, თუ ვინმემ მათი პროვოცირება სცადა, გამუდმებით ასეთი სცენების ყურების შემდეგ კი ადამიანს ძალადობა შოკს აღარ ჰგვრის და ის აღარ განიცდის თანაგრძნობას თავისი მსხვერპლის მიმართ.

    ზნეობრივი მსჯელობა და ქცევა

    ზნეობრივ აზროვნებასა და საქციელს შორის ცხადი კავშირი არსებობს, ცხადი თუმცა სუსტი, რადგან კოგნიციის გრადა, მორალურ ქცევაზე კიდევ ბევრი, სხვა ფაქტორი ზემოქმედებს ემპათიის, სიმპათიისა და დანაშაულის გრძნობის ემოციის ჩათვლით, ასევე ინდივიდუალური განსხვავება ტემპერამენტში, წარსული გამოცდილება, რომელიც გავლენას ახდენს ზნეობრივ არჩევანსა და გადაწყვეტილების მიღებაზე და ზნეობირივი თვითრელევანტურობა- ხარისხი რომლისთვისაც ზნეობრიობა უმთავრესია თვითშეფასებისთვის.

    საბოლოოდ, საზოგადოების სულიერი ცხოვრების წყაროები უნდა ვეძიოთ არა შეხედულებესა და იდეებში, არამედ საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობებში, რომლის ასახვასაც ეს იდეები წარმოადგენენ. საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების ცვალებადობა განსაზღვრავს ზნეობრივი ნორმებისა და პრინციპების ცვალებადობას. ადამიანის ქცევა დეტერმინებულია არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობებით, რომელთა შედეგადაც წარმოიშობა ზნეობრივი ინტერესები, მაგრამ საზოგადოებრივ ურთიერთობებს განვითარების საკუთარი პროგრესული ობიექტური ტენდენცია აქვს და პროგრესული ძალები სწორედ ისეთ მოთხოვნებს ჩამოაყალიბებენ, რომლებიც შესაბამისობაში იმყოფებიან საზოგადოებრივი განვითარების პროგრესულ ტენდენციასთან. ზნეობა ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობას ემსახურება. ჩვენ ყოველ ქმედებას საფუძვლად უდევს მორალი და განსაზღვრავს მის ხასიათს საზოგადოებაში თანაცხოვრების წესებთან მიმართებაში.











    0
    12
    შეფასება არ არის
    ავტორი:ანი ფერიაშვილი
    ანი ფერიაშვილი
    12
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0