x
რატომ უნდა აშენდეს ჰესები საქართველოში? რა პოტენციალი აქვს მას საქართველოსთვის?

ჰესი
დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში არსებული ჰესების 40% (10 000–მდე კაშხალი) მრავალფუნქციურია: მათი დანიშნულება არა მხოლოდ ელექტროგენერირება, არამედ ირიგაცია (5977 კაშხალი), სასმელი წყლით მომარაგება (4334 კაშხალი), წყალდიდობების მართვა (4789 კაშხალი), რეკრეაცია (2879 კაშხალი), ნაოსნობის განვითარება და თევზის მოშენებაა (1850 კაშხალი).


  • ჰესების შენება ეფექტური საშუალებაა წყალდიდობების წინააღმდეგ. წყალმოვარდნის ალბათობა 10%-დან მცირდება 1%-მდე და საფუძველია დიდი ზარალის თავიდან აცილების. მაგალითად 2010 წელს ჩინეთში მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ჰიდროელექტროსადგურმა “სამი ხეობის კაშხალმა” ბოლო 130 წლის მანძილზე უდიდეს წყალდიდობას გაუძლო (70 000 კუბური მეტრი წამში). ამ პერიოდში კაშხლიდან მხოლოდ 40 000 კუბური მ/წმ წყალი გაედინებოდა, ხოლო დანარჩენი წყალსაცავში აკუმულირდებოდა. ამით ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და მრავალმილიარდიანი ზარალი თავიდან იქნა აცილებული. ყოველწლიურად იზრდება კატაკლიზმები მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, რომელიც ყოველწლიურად 200 მილიონ ზარალს ნახულობს ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად.

  • ჰესების შენება საფუძველია დაახლოებით 20 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვაზე საქართველოში.

  • საფუძველია მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად. სადღეისოდ მსოფლიოში ჰიდროენერგეტიკის ინდუსტრია 2 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

  • ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IHA) ინფორმაციით, ჰიდროენერგია მსოფლიოში არსებული ენერგოწყაროებიდან ერთ-ერთი ყველაზე სუფთა რესურსია. მას 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის გენერაციაზე ნახშირორჟანგის (CO2) ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ემისია აქვს. ასოციაციის კვლევის შედეგების თანახმად, ქვანახშირის ნაცვლად ჰიდრორესურსის გამოყენება ყოველწლიურად ჰაერის 4 მილიარდი ტონა სათბურის აირებით დაბინძურებას გამორიცხავს და ატმოსფეროში გაფრქვეულ გლობალურ გამონაბოლქვს 10%-ით ამცირებს.

  • ყოველწლიურად იზრდება მსოფლიოში ჰესების მშენებლობა. ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IHA) ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს მსოფლიოს ჯამში 21.8 გიგავატი (გვტ) დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები შეემატა. აქედან 9.2 გვტ მოდის აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებზე, 4.9 გვტ - სამხრეთ ამერიკაზე, 4.0 გვტ - სამხრეთ და ცენტრალურ აზიაზე, 2.2 გვტ - ევროპაზე, 1.0 გვტ - აფრიკაზე, 0.6 გვტ - ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაზე.



  • იაფი, ხელმისაწვდომი, სუფთა ენერგიაა, განსხვავებით ქარის და მზის ენერგიისგან, რაც ამჟამად უმეტესად ინსტალირებულია საქართველოში მიკროსადგურების სახით, სტაბილურობით გამოირჩევა 24 საათის განმავლობაში.

  • ჩვენდა სასიხარულოდ ჰიდროენერგეტიკა უახლოეს წლებში თანდათან ნავთობპროდუქტების ჩაანაცვლებას დაიწყებს, იმდენად დიდი მოთხოვნა უჩნდება ევროპას ელექტროენერგიაზე, (მას შემდეგ ჩვენც) ელექტრომანქანებზე მასობრივად გადასვლის გამო. პროგნოზირებენ, რომ ელექტრო მანქანების ბაზრის წილი განვითარებულ ქვეყნებში 7-10 წლის პერსპექტივაში იქნება 30-50%-ის ფარგლებში. ამჟამად ის ავტომწარმოებლები ვინც არ გადადის ელექტრომობილების წარმოებაზე, ჩამორჩება კონკურენტებს გაყიდვებში. აღნიშნული კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ელექტროენერგიის წარმოების საჭიროებას.

  • ჩვენ აუცილებლად უნდა ავითვისოთ ჩვენი ჰიდრო პოტენციალი. რატომ და რა პოტენიალი აქვს მას? მაგალითისთვის მოვიყვან, რომ სწორედ ჰიდროპეტენციალი იყო ის აუცილებელი წყარო, რომელიც ათვისებული იქნა ნორვეგიის და შვეიცარიის მიერ ათეული წლების წინ, მათი ჰიდროპოტენციალის 70%-მდე და მათ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე დიდი გავლენა იქონია. მათ მიერ პოტენციალის ათვისება დღესაც შეუქცევადია. სწორედ ჰესები იყო ის ბაზისი, საფუძველი, რომელმაც ათეულ წლების განმავლობაში მათი ქვეყნების ეკონომიკა და ხალხთა კეთილდღეობა უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. რატომ? ჩვენ გარშემო არსებული ნივთების 90%-ის შექმნას ენერგია სჭირდება. მის გარეშე ქვის ხანაში ვიქნებით და ვერაფერს შევქმნით. სწორედ ენერგიაზე დამოკიდებულებაა ერთ-ერთი მიზეზი დიდი სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების და გავლენების გადანაწილების. ენერგიის გარეშე ვერაფერს შევქმნით, ვერანაირ პროდუქციას, საწარმოებს დიდი ენერგია სჭირდება, დეფიციტის შემთხვევაში არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, შეფერხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა. გვინდა კი ესეთი სცენარი? ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რა ეტაპზეც იყო ათეული წლების წინ შვეიცარია, ნორვეგია. არ იქცა იქ ჰესების შენება ტრაგედიად, პირიქით სხალხთა კეთილდღეობის საფუძველი შეიქმნა.


  • თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული ჰესები 9-10 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და ასეთ შემთხვევაში მინიმუმამდეა დაყვანილი მოსახლეობის დაზიანების საფრთხე. წარსულში ჰესების მშენებლობასთან მიმართებაში მხოლოდ ეკონომიკური მიდგომას განიხილავდნენ, დღეს ეს მიდგომა შეცვლილია და გარემოსდაცვითი მიდგომა დაემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად.


  • 2019 წელს 12.3 ტერავატ/სთ ენერგია მოვიხმარეთ. საქართველოს ეკონომიკურად გამართლებული ჰიდრო პოტენციალი 40 ტერავატსაათია. 2019 წელს ელექტროენერგიის იმპორტში 78 მილიონი დოლარი გადავიხადეთ, ჩვენი დიდი ჰიდრო პოტენციალის ფონზე. პროგნოზირებულია, რომ 10 წელში 20-22 ტერავატ/სთ.ელექტროენერგიის მოხმარებაზე ავალთ და ჩვენი იმპორტზე დამოკიდებულება კიდევ გაიზრდება. ვიყიდოთ მილიარდ დოლარამდე ელექტროენერგია მეზობლებისგან ისევ, რაც უახლოეს 10 წელში არის მოხმარება პროგნოზირებული? რუსეთი გვყავს სანდო პარტნიორი ელექტროენერგიის იმპორტში? ვაუფასუროთ ვალუტა კიდევ დიდი მოცულობის ელექტროენერგიის ყიდვით? ვალუტის კურსს სწორედ მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. თუ არაფერს ქმნი, პროდუქტს ან მომსახურებას, ვალუტა უფასურდება. ვიყიდოთ ყველაფერი? ისედაც იმპორტის წილი ჩვენი ქვეყნის იმპორტში მაღალია - 70%-მდე. თითქოს ქუვეითივით ნავთობის ჭაბურღილებზე ვცხოვრობდეთ, დიდი შემოსავლები და მყარი ვალუტა გვქონდეს. ჯერ 10-მდე არ ასულა ხომ ვალუტის კურსი? იმის ნაცვლად რომ იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად ვიქცეთ ზოგადად, კიდევ ვცდილობთ სხვაზე დამოკიდებულების ზრდას ჰესების შენებაზე უარის თქმით, როცა მილიარდობით ინვესტიციის საფუძველია აქ ჰესების შენება, რა დროსაც იქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები, იზრდება კეთილდღეობის ხარისხი, არ ვიქნებით დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე და რაც მთავარია საფუძველია ჩვენი ქვეყანაში ეკონომიკის და კეთილდღეობის სწრაფი ზრდისთვის.


  • ჩვენი ჰიდრო პოტენციალის სრულად ათვისების შემთხვევაში გვაქვს პოტენციალი 20 ტერავატ-საათამდე ელექტროენერგია ევროპას მივაწოდოთ, შავი ზღვის ქვეშ თუ ელექტროგადამცემ ხაზს გავიყვანთ (3 მილიარდი ჯდება დაახლოებით, როგორც აფასებენ). უახლოეს 10 წელში პროგნოზირებულია რომ ელექტრო მანქანებზე მასიურად გადასვლის გამო დაახლოებით 800 ტერავატ/სთ. მოთხოვნა უჩნდება ევროპას ელექტროენერგიაზე.


  • ვთვლი, რომ მავნებლობაა იმ პოტენციალის არგამოყენება რომელიც გვაქვს და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ჰესების შენებაზე უარის თქმით ვაძლევს უფლებას ჩვენზე ზემოქმედების და მანიპულირების, რაც უახლოეს წარსულში გამოიხატა - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჩაბნელების, გაყინვის, უიმედობის გაჩენის, წარმოების გაჩერების, საინფორმაციო ვაკუმში მოქცევის, სიღარიბის ჭაობში ჩარჩენის, განათლების სისტემის მოშლის და ყველა სფეროში სტაგნაციის სახით.


  • ჩვენს რეგიონში კრიზისები ხშირია. მეზობელი ქვეყნები საომარ მდგომარეობაში არიან კონფლიქტური რეგიონების და მრავალი სხვა მიზეზების თუ ფაქტორების გამო. ჩვენც ბოლო 30 წელში 3 ომი გადავიტანეთ, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს, რთულ რეგიონში ცხოვრებიდან გამომდინარე. შვეიცარია, ჩვენსავით ჰიდრო რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, ზოგადად ძალიან განვითარებული და მაღალშემოსავლიანი. ის არ აძლევს საკუთარ თავს იმის ფუფუნებას, რომ თავისი ჰიდრო პოტენციალის დიდი ნაწილი არ აეთვისოს? ჩვენ ღარიბი ქვეყანა, ძალიან რთულ, ომით, კრიზისებით და კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონში მდებარე, რატომ ვაძლევთ უფლებას თავს, რომ სხვაზე დამოკიდებული ვიყოთ. რატომ ვჭრით იმ ტოტს, რომელიც საყრდენია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ზრდისთვის. 2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი 40%-ით გაიზარდა. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევით ვკარგავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების პოტენციალს, მილიონობით თანხის ელექტროენერგიის იმპორტში გადახდით ვაუფასურებთ ჩვენს ვალუტას, ვზრდით ინფლაციას და პროდუქტების ფასებს. რატომ?


  • 2020 წლის პირველ კვარტალში, როდესაც ინდუსტრია მეტ-ნაკლებად გაჩერებული იყო, საქართველო მაინც ენერგო დეფიციტური ქვეყანა იყო, დიდი ჰიდრო პოტენციალის ფონზე.


  • რასაკვირველია ჰიდროენერგეტიკას აქვს გვერდითი ნეგატიური გავლენა ბუნებაზე. გავშალოთ ფართოდ ეს თემა, ანალიზისთვის. ჰიდროელექტროსადგურებს ჯერჯერობით აქტიურ კონკურენციას მხოლოდ ბირთვული სადგურები და თბოსადგურები უწევენ. საქართველოში ბირთვული სადგურის მშენებლობა ვფიქრობ არ არის მიზანშეწონილი. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მისგან მომდინარე საფრთხეა. ჩერნობილის კატასტროფა არც არავის დავიწყებია, არც უახლოეს წარსულში იაპონიაში მოხმდარი კატასტროფა ატომურ რეაქტორზე. ზოგადად ტენდენციაა მსოფლიოში ბირთვული რეაქტორების დახურვის, მაგალითად გერმანიამ დახურა ატომური ელექტროსადგური. პირობითად ჩვენ რატომ უნდა ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური? სხვა ალტერნატივა ენერგიის წარმოებაზე არ გაგვაჩნია? რატომ უნდა დავაყენოთ მოსახლეობა საფრთხის ქვეშ, რაც ატომური ელექტროსადგურიდან მომდინარეობს ზოგადად, მაშინ როცა 20% გვაქვს ათვისებული ჰიდრო პოტენციალის და დანარჩენი პოტენციალი შეგვიძლია ავითვისოთ. რაც შეეხება მზის ენერგიას, ამჟამად მზის მიკროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე საქართველოში უმნიშვნელოა, 2.5 მეგავატი დაახლოებით. პერსპექტივა მზის ენერგიის ათვისების, სავარაუდოდ 7-10 წლის პერსპექტივაში იქნება, ფასის კლების პარალელურად და ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიების დახვეწის და გაიაფების ხარჯზე.შედარებისთვის გვრჩება თბოსადგურები:თბოსადგურები ბუნებრივ აირზე მუშაობს, 1 კვ/სთ ენერგიის გამოსამუშავებლად ის ატმოსფეროში გამოყოფს დაახლოებით 0, 2 კგ ნახშირორჟანგს. მაგალითადნამოხვანში დაგეგმილი ჰესის სიმძლავრე 250 მეგავატია, ანუ 250 000 კვ/სთ - ანუ თბოსადგური, რომელიც გამოიმუშავებს იგივე მოცულობის ენერგიას, საათში ატმოსფეროში გამოყოფს 250 000 * 0.2 = 50 ტონა CO2 -ს . ეს წელიწადში 438 000 ტონის ტოლია. როგორც ვიცით ნახშირორჟანგისგან ჰაერის გასუფთავებას მცენარეები ახდენენ. 1 ჰ შერეული ტყე, სადაც დაახლოებით 300 ძირამდე საშუალო ხეა წელიწადში შთანთქავს დაახლ. 17 ტონა ნახშირორჟანგს, ანუ ზემოთ დათვლილი რაოდენობის ნახშირორჟანგისგან ჰაერის გაწმენდას დაჭირდება 25 764 ჰექტარი ტყის მასივი. ეს დაახლოებით 7.72 მილიონი საშუალო ზომის ხეა. გამოდის რომ, შედარებისთვის, ნამოხვანში ჰესის აშენება 7, 72 მილიონი ხის დარგვის ტოლფასია. გასაგებია, რომ ამ მასშტაბის მშენებლობა გარემოზე გარვეულ ზემოქმედებას მოახდენს, ამას ვერ გავექცევით, მაგრამ ენერგია გვჭირდება და რაღაც გზით ის აუცილებლად უნდა მივიღოთ, იმ მრავალი სიკეთის გამო, რასაც მისგან ვიღებთ.


  • თბოსადგურების შენება ამცირებს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, (გაზს მეზობელი სახელმწიფოებისგან ვიძენთ) გარდა იმისა რომ გარემოზე დიდი უარყოფითი ზემოქმედება აქვს.


  • ჩვენ რომ მდიდარი, მაღალი ტექნოლოგიების მფლობელი და ძლიერი არმიის-სპეცსამსახურების სახელმწიფო რომ ვიყოთ, ზოგადად ბუნების მეტ ფრაგმენტს შევინახავდით ხელუხლებად და მეტს ვიფიქრებდით ეკოლოგიაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული პოტენციალისთვის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ქვეყნების დიდი ნაწილი არ აძლევს თავს ფუფუნებას, რომ ჰიდრო პოტენციალის შემთხვევაში, არ ააშენოს ჰესები. უნდა ვიცოდეთ რომ ჰიდროენერგეტიკა და შემდეგ აღნიშნულის ბაზაზე ეკონომიკა თუ არ განვავითარეთ, ეკოლოგიას მეტი ზარალი მიადგება. რაჭა და სვანეთი, სადაც ჰესების შენების პოტენციალია, მთლიანად გაიჩეხება, იმიტომ რომ მოსახლეობის გამოკვების, გათბობის, საოჯახო სასტუმროების ფუნქციონირების და ა. შ. სხვა საშუალება არ იქნება. ამიტომ ჰიდროსადგურები უნდა ავაშენოთ იმისთვის რომ ბუნება და ეკოლოგია გადავარჩინოთ ამ რეგიონებში. დიდი ჰესების შენებით ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება ფული, რომელიც კონკრეტული რაიონის საჭიროებებს ემსახურება, რაც არც თუ ისე მცირე თანხაა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტისთვის.


  • ზოგადად სერვისის ეკონომიკაზე გათვლა (ტურიზმი, მომსახურების სერვისები და ა. შ.) რომ საქართველოს ეკონომიკისთვის სტრატეგიული არ არის პანდემიის, კრიზისის (რაც ჩვენს რეგიონში არაა იშვიათობა) პირობებში, ყველამ დაინახა ბოლო დროს. იმპორტზე (70%) და აქედან გამომდინარე სხვაზე დამოკიდებულების გამო დიდი სახელმწიფო ვალი ავიღეთ, ვალუტა გაგვიუფასურდა, გაიზარდა უმუშევრობა, ინფლაცია, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, პროდუქტებზე ფასები, შემცირდა ინვესტიციები, ექსპორტი და ა. შ. მრავალი თავის ტკივილის მიზეზი შეიქმნა სხვაზე დამოკიდებულება. ჩვენი ქვეყნის რეალური (წარმოების) ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვანია. ამიტომ ჰესების შენება უმნიშვნელოვანესია მიმდინარე და მომავალი გამოწვევების გადალახვისთვის. ჩვენი ქვეყნის მწარმოებლურობის და ექსპორტის ზრდაზე რომ ვიზრუნოთ, ბაზისად ენერგია აუცილებელად გვჭირდება. ენერგიის გარეშე ვერაფერს შევქმნით და ისევ დიდხანს სიღარიბეში ვიცხოვრებთ, ვიქნებით ისეთივე ღარიბი ქვეყანა, როგორიც დღეს ვართ. პანდემიის პირობებში წარმოებასა და ექსპორტზე ორიენტირებულმა რიგმა ქვეყნებმა მაგალითად გერმანიამ, ჩინეთმა 2020 წელს დადებითი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.


  • თუ არ მოხერხდა რამოდენიმე მსხვილი წყალსაცავიანი ჰესის მშენებლობა საქართველოში, გაგვიჭირდება პიკური საათების და წყალმარჩხი სეზონის დროს გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ელექტროენერგიაზე, რა დროსაც ისევ იმპორტის ზრდაზე ფიქრი მოგვიწევს.






1
314
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგიტა ხურცია
გოგიტა ხურცია
314
  
2021, 17 იანვარი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1