x
მეტი
  • 25.02.2021
  • სტატია:108656
  • ვიდეო:351122
  • სურათი:476896
"ინგლისელი" - ნიკო ლორთქიფანიძე (მინიატურა)

image



გემი ნელ-ნელა შემოდის ნავთსაყუდელში. ფარნები, ვით უხილავი გველეშაპის პატარა თვალები, ჩნდება. ზღვა ჩუმია. იგი არც კი მოსჩანს. მოსჩანს მხოლოდ ხელისგულივით

სწორი შავი სივრცე, რომელიც უერთდება უვარსკვლავო და უმთვარო ნაცრისფერ

ცას. ნაპირზე ყავახანაში ზის საზოგადოება, ჩვეულებრივ უფერული და უღიმღამო. ჩვენს გვერდით სუფრას მოუსხდა სამი ინგლისელი ზღვაოსანი. ერთი მათგანი

ძლიერ ყმაწვილია და მშვენიერ შთაბეჭდილებასაც ახდენს. ოქროს ხუჭუჭი თმა,

ლმობიერი და ენერგიული გამომეტყველება, თხელი ტუჩები, ტკბილი ხმა, მარდი მიხრა-მოხრა, მაღალი ტანი - მომხიბველი, შავი ტუჟურკა და თეთრი წაღები და შალვარი, თეთრი ქუდი შავი

არშიით, მოკლე, ფერდზე ჩამოკიდებული ბებუთი, - ყველაფერი უხდება.

ჩვენს სუფრას მოუახლოვდა ერთი ნაცნობი ქალი.

ყმაწვილიოფიცერი, რომელიც ენატკბილათ ემუსაიფებოდა ამხანაგებს, შეაჩერდა ახლად მოსულ, ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ, ქალს.

ქალი გვეპატიჟებოდა - გავისეირნოთო.

ინგლისელი მარდათ წამოდგა, მოგვიახლოვდა, ერთი მეომრის სალამი მოგვცა და მერმე, თითქოს ჩვენ იქ არც ვყოფილიყავით, დამტვრეულის რუსულით ქალს მიმართა:

- ქალბატონო, უკაცრავად მაგრამ, პირველად ჩემს ცხოვრებაში ვნახე თქვენისთანა ქალი და პირველად ვგრძნობ ძალას, რომლის წინააღდგომა არ შემეძლო...

ხელს გთხოვთ, მე გიცდით, რამდენ ხანსაც გნებავსთ... ცნობებს ჩემზე, თუ აქ არ კმარა, ჩემი ამხანაგები და გემზე მყოფი უფროსები, ბათომის კონსულისაგან გაიგებთ. ჩემთვის სულ ერთია, ვინც უნდა ბრძანდებოდეთ თქვენ... ჩემთვის საკმაოა თქვენი თანხმობა და თქვენში გამოსახული აღმოსავლეთის ზღაპარი. ჭეშმარიტად სპილოს მოუტანია თავისი ეშო, ყორანს ფრთა, ირემს ყელი, გველს მოქნილობა, მარჯანი ტალღას, რომ შეექმნა უცოდველ მიწას ცის მიმზიდველი ჯადოქალი და ეს ხელი კი არა, ხუთთავიანი პოემა არის - და ინგლისელმა მოწიწებით აიღო, ხელზე აკოცა. - არა! - ეამბორა. - არა! - ემთხვია. ინგლისელი ისე გულწრფელათ ლაპარაკობდა, ისე სადათ, თითქოს ასედაც უნდა ყოფილიყო: სიტყვა ვერვინ გააწყვეტინა, ხელი ვერვინ შეუშალა. თვით მისი მეგობრები გაკვირვებული უცქეროდნენ და რადგან ენა არ იცოდენ, ვერ გაეგოთ, რაში იყო საქმე.

- მე გათხოვილი ვარ! - უპასუხა ქალმა და მის სიტყვებში თითქოს სიხარული იხატებოდა.

- უკაცრავათ!

ინგლისელმა მეომართა სალამი მისცა ქალს, შეტრიალდა და ნავისაკენ წავიდა.

ამხანაგები უკან დაედევნენ. ნავმა გასწია გემისაკენ.

რამოდენიმე წუთის შემდეგ გემიდან მოისმა საყვირის გამაფრთხილებელი ხმა.

საჩქაროთ დაბრუნდა ნავი.

- რა მოხდა? რა ამბავია?

- თავიანთ ექიმს უძახიან...

ინგლისელის ერთი ამხანაგი მოვიდა საჩქაროთ ჩვენთან.

- ყმაწვილმა, რომელიც ეხლა გაგეცნოთ, თავი მოიკლა; თქვენ სამახსოვროთ ეს ბეჭედი გამოგიგზავნათ; მოგახსენათ, ბეჭედი უკანასკნელი წერტილი იქნება მშვენიერი ხუთთავიანი პოემისაო...

ინგლისელი შებრუნდა.

და სანამ ვინმე პასუხს მოასწრებდა, ნავში ჩაჯდა ექიმთან ერთად, რომელმაც მოირბინა საყვირის ხმაზე.

- რა ვუყო ახლა ამ ბეჭედს? - იკითხა ქალმა.

პასუხი ვერავინ მივეცით.

ქალმა გაიკეთა ბეჭედი. მართლაც, რაც ბუნებას შეექმნა, ის ოქრომჭედლის ხელოვნებას დაეგვირგვინებინა, პოემის ღირსი იყო საუცხოო წერტილი.

- იცი რა, კოტე? ამ ბეჭდის ტარება უხერხულია, წაიღე და გაყიდე.

- გავყიდო?.. ხუმრობ?

- სრულიადაც არ ვხუმრობ!.. მაშ, რა ვუყო?

- რაც გინდა ... - ჯავრით და გესლით უპასუხა ქმარმა ქალს. მოიძრო თავისი ჯვრის-წერის ბეჭედი, გადაუგდო ქალს და უთხრა:

- შეგიძლია ესეც გაჰყიდო. მშვიდობით!

სამუდამოდ დაშორდა ცოლ-ქმარი ერთმანეთს.

2
41
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
41
  
17 იანვარი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

16 იანვარი, 1:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2