x
მეტი
  • 19.04.2021
  • სტატია:110574
  • ვიდეო:352138
  • სურათი:481115
"18 წელი მამაჩემის ტყვე ვიყავი". შემზარავი ისტორია ჟულიენ მოდისა, რომლისგანაც ზეადამიანის შექმნა სურდათ

image

გამოცდა ელ.სადენებით, ცივი შხაპი, სოციალური იზოლაცია, ღამეები ბნელ სარდაფში მღრღნელებთან ერთად-ყველა ეს ზომა "სასწავლო" ხასიათს ატარებდა.

ნაყიდი ცოლი

ეს ისტორია 1936 წელს დაიწყო. 34 წლის ფრანგმა ბიზნესმენმა, ლუი დიდიემ უჩვეულო შეთანხმება დადო ღარიბ მაღაროელთა წყვილთან–მან მათი უმცროსი ქალიშვილი იყიდა. მამაკაცმა ბავშვის მშობლებს აღუთქვა, რომ გოგონას კარგ განათლებას მისცემდა და კარგ ცხოვრებას უზრუნველყოფდა. პირობა მხოლოდ ერთი იყო: მშობლები ვერასოდეს ნახავდნენ შვილს. ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა, ლუი დიდიე კი მდიდარი იყო და საკუთარი ავტოსალონი ჰქონდა... და ისინი დათანხმდნენ.

მამაკაცმა შეასრულა ის პირობა, რომ ჟანინმა დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში დიდიე არა მხოლოდ გოგონას აღზრდით იყო დაკავებული, ის თავისთვის ზრდიდა წყნარ და მშვიდ მეუღლეს. როდესაც ჟანინს 28 წელი შეუსრულდა, მას გოგონა შეეძინა. პატარა მოდი მამის მთავარი პროექტი გახდა. მის აღსაზრდელად ლუი დიდიემ საფრანგეთის სამხრეთში მამული შეიძინა და ოჯახი იქ გადაიყვანა.

image

ეს განმარტოებული სახლი მას შემთხვევით არ აურჩევია. პირველ რიგში, შვილი უნდა დაეცვა გარე, მისი აზრით დამანგრეველი სამყაროსგან, მეორე-მამაკაცს მისი ხასიათის გამოწრთობა უნდოდა ყველასგან მოშორებით, წყნარად, სიმარტოვეში. პირველ წლებში გოგონას ნებას რთავდნენ მეცადინეობის შემდეგ ბაღში ეთამაშა. 5 წლის ასაკიდან კი დაიწყო შეზღუდვები.

ბავშვი ექსპერიმენტებისთვის

ლუის გრანდიოზული გეგმები ჰქონდა. მას უნდოდა აღეზარდა ადამიანი, რომელიც კაცობრიობას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანდა. მისი აზრით, ამ ადამიანს უნდა შესძლებოდა გადაელახა ნებისმიერი წინააღმდეგობა და საფრთხე. სპეციალურად ამისთვის, მამაკაცმა შეიმუშავა თავისებური აღზრდის მეთოდიკა, სახლი კი გამოცდების პოლიგონად აქცია. დედა მოდის განათლებით იყო დაკავებული, მამა კი მას გამძლეობაში ავარჯიშებდა.

image

მშობლები დარწმუნებული იყვნენ: გრძნობების ნებისმიერი გამოხატვა სახიფათო სისუსტეა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, ისევე როგორც შიში და სიზარმაცე. მოდი ყველანაირ ადამიანურ პირობებს იყო მოკლებული: მას ეძინა საწოლში ლეიბის გარეშე, ოთახი კი არ თბებოდა. დაბანა მხოლოდ კვირაში ერთხელ შეიძლებოდა, ისიც მშობლების მიერ გამოყენებულ ბინძურ, გაციებულ წყალში. გოგონას არ ჰქონდა სათამაშოები, არ ჰყავდა ამხანაგები, კვების რაციონიდან გამორიცხეს ხილი, იოგურტები და ახალი პური. მას ძირითადად უგემური და დაბალკალორიული საკვებით კვებავდნენ. მამის ჩანაფიქრით, ბავშვის ორგანიზმს უნდა ესწავლა ვიტამინების დეფიციტთან გამკლავება. შეზღუდვები ეხებოდა ტუალეტის ქაღალდსაც კი: გოგონას უფლება ჰქონდა, მხოლოდ ერთი კუბიკი მოეხია. 7 წლის, რომ გახდა, მოდისთვის ახალი გამოცდა მოიგონეს: ახლა საკვების ყოველ მიღებას კონიაკი ან ვისკი ახლდა თან. ამან ბავშვის ღვიძლზე დამღუპველად იმოქმედა. "მამა ამბობდა, სიმთვრალესთან გამკლავება სასარგებლო იარაღია. ამის საშუალებით მტრის ჩანაფიქრის გაგება შეიძლება"-იხსენებს მოდი.

image

დროდადრო გოგონას ცივ და ბნელ სარდაფში ფეხშიშველს სტოვებდნენ მღრღნელებთან ერთად. დედამ მის სვიტერს ეჟვნები მიაკერა, რათა გოგონა არ განძრეულიყო. დედის სიტყვებით, ხმა იზიდავდა ვირთხებს. ამავე მიზეზით მას აკრძალული ჰქონდა ტირილი. შვილს ემოციების გაკონტროლება რომ ესწავლა, აიძულებდნენ 10-10 წუთი ელ.სადენის ღობეზე ჰქონოდა ჩავლებული ხელი. ვარჯიშისგან თავისუფალი დრო ეთმობოდა გაკვეთილებს, მუსიკას და სპორტს. ბავშვს ასწავლიდნენ ფარიკაობას, ტანვარჯიშს, ცურვას. მამა თვლიდა, რომ მხოლოდ მუსიკოსები სძლებენ კონცლაგერებში. მოდიმ ისწავლა ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე, საქსოფონზე, საყვირზე, აკორდეონზე და კონტრაბასზე დაკვრა.

ნანატრი თავისუფლება

ჟულიენ მოდი ირწმუნება, რომ ადამიანობა შეინარჩუნა მხოლოდ მუსიკის, წიგნებისა და ცხოველების წყალობით. მას ჰყავდა იხვი, გერმანული ნაგაზი და პონი. ასაკთან მატებასთან ერთად გოგონამ ისწავლა მამის მოტყუება. მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, იგი მაინც ახერხებდა ჩუმად ტკბილეულის ჭამას, ძვრებოდა ფანჯრიდან და ღამღამობით ბაღში სეირნობდა.

შეიძლება გადაიტანო ყველანაირი გამოცდა და მაინც იპოვო გამოსავალი-დარწმუნებულია მოდი.

ჟულიენის ცხოვრება შეიცვალა მუსიკის მასწავლებლის გამოჩენის შემდეგ. მუსიე მოლინმა შეამჩნის ჩალურჯებები და იარები მის ტანზე და მიხვდა რაც ხდებოდა. მან დაარწმუნა მოდის მშობლები, რამდენიმე გაკვეთილი თავის სახლში ჩაეტარებინა, სადაც პროფესიონალური ინსტრუმენტები და უფრო შემოქმედებითი გარემო იყო. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლუი დიდიე დასთანხმდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ქალიშვილმა საკმარისი მომზადება გაიარა და არასოდეს წავიდოდა მამის ნების წინააღმდეგ. თავის მოსწავლესთან ერთი ერთზე დალაპარაკების შემდეგ მოლინი დარწმუნდა თავის ეჭვებში, ცოტა მოგვიანებით კი ჟულიენს მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში დააწყებინა მუშაობა. სწორედ აქ შეხვდა ქალიშვილი თავის პირველ სიყვარულს. ამ დროისთვის მამამისს უკვე შერჩეული ჰყავდა ქალიშვილისთვის "შესაფერისი" საქმრო-50 წლის ჰომოსექსუალისტი. თუმცა მუსიე მოლინი კვლავ ჩაერია. მან ურჩია ლუის, მოდი ახალგაზრდა სტუდენტი ჩარლისთვის გაეყოლებინა, რომელთანაც მოდის უკვე რომანტიული ურთიერთობა ჰქონდა. ლუი დიდიე ამ ამბით აღტაცებული არ დარჩენილა, მაგრამ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დალოცა ქალიშვილი, თუმცა მნიშვნელოვანი პირობა წაუყენა: პირველ დაძახებისთანავე სახლში უნდა დაბრუნებულიყო და მამისთვის მიეხედა სიცოცხლის ბოლომდე.

რეაბილიტაცია და ახალი ცხოვრება

მამა მოტყუვდა. 18 წლის შინაპატიმრობის შემდეგ მოდიმ უარი თქვა მშობლებთან დაბრუნებაზე. მას დიდხანს მოუწია ადამიანებთან ურთიერთობის შესწავლა და ჯანმრთელობის აღდგენა. ღვიძლის პრობლემების გარდა, ქალიშვილს კბილების პრობლემაც აღმოაჩნდა. ფსიქოთერაპევტები მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ მას დანაშაულის გრძნობასთან გამკლავებისა და რეგულარული პანიკური შეტევების დაძლევაში.

image

თავის ისტორიას ჟულიენ მოლი არ უზიარებდა მეუღლესაც კი. მან ამის შესახებ მხოლოდ 1981 წელს შეიტყო-ლუი დიდიეს სიკვდილის შემდეგ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქალიშვილმა მამა მოინახულა: ლუი დიდიეს ხმა არ ამოუღია. ახალი ცხოვრების დაწყება ჟულიენ მოდიმ მხოლოდ რეაბილიტაციის სრული კურსის გავლის შემდეგ შესძლო. მან მიიღო განათლება, ორი ქალიშვილი შეეძინა და თვითონ გახდა წარმატებული ფსიქოთერაპევტი.

მოდის სიტყვებით, დედობისთვის რომ მომზადებულიყო, იგი ხშირად დადიოდა პარკში და დიდხანს აკვირდებოდა, როგორ ურთიერთობდნენ სხვა ქალები თავიანთ შვილებთან.

image

დღეს მოდი პარიზში ცხოვრობს და ადამიანებს ეხმარება ფსიქოლოგიურ პრობლემების დაძლევაში. ამის გარდა მან გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი "The Only Girl in the World". ერთი ეგზემპლარი დედას გაუგზავნა. ჟანინმა კი შვილს შეუთვალა, რომ მან ასეც ვერ გაიგო მამის დიდი იდეები.




გაეცანით სხვა სტატიებსაც:




1. საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image

2. შესაძლოა პუშკინის და დანტესის დუელის მიზეზი არა ქალი, არამედ მამაკაცი იყო

image

3. ამ ქალბატონებს ნამდვილად დაავიწყდათ, რა არის სიბერე

image

4. ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი)

image

5. ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე)

image

6. იყო თუ არა ლორდ ბაირონის ქალიშვილი პირველი პროგრამისტი?

image

7. მადონა, ჩარლი ჩაპლინი და სხვა მილიონერები, რომელთა სიძუნწეზეც ლეგენდები დადის

image

8. 40 წელი არ იღიმოდა, რათა ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა

image

9. როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image





1
426
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
426
  
16 იანვარი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1