x
მეტი
  • 19.01.2021
  • სტატია:106980
  • ვიდეო:350346
  • სურათი:474308
თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის ქვეშ იგულისხმება თირკმლის ფუნქციის ისეთი მოშლა, რომელიც იწვევს ორგანიზმის შინაგანი გარემოს დარღვევას. არჩევენ მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას. თითოეული იყოფა ტუბულურ და ტოტალურ უკმარისობად (ტოტალურის დროს ირღვევა როგორც გორგლების, ასევე მილაკების ფუნქცია). თირკმლის უკმარისობის ხარისხის ძირითადი მაჩვენებელია მოქმედი ნეფრონების მასის შემცირება. ნეფრონების მასის ორჯერ შემცირება უკვე იწვევს ყველა თირკმვლოვანი პროცესის დარღვევას (გორგლოვანი ფილტრაცია, რეაბსორბცია, ნატრიუმის ტრანსპორტი, შარდის ოსმოსური კონცენტრაცია და განზავება). image
თირკმლის მწვავე უკმარისობა: ვითარდება თირკმლის ფუნქციის სწრაფი მოშლის შედეგად. ხასიადება უეცარი დაწყებით, ეთიოლოგიურად დაკავშირებულია როგორც თირკმლოვან, ასევე თირკმელგარეშე ფაქტორებთან. თირკმლოვანი ფაქტორებიდან აღსანიშნავია მწვავე გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, თირკმლის სისხლძარღვების თრომბოზი და ემბოლია. არათირკმლოვანი მიზეზებიდან აღსანიშნავია შოკი, სისხლის არაშესატყვისი გადასხმა, თირკმელზე ტოქსიური აგენტების ზემოქმედება (მოწამვლა სოკოს, გველის შხამით, სხვადასხვა მედიკამენტები), სეფსისი, დიაბეტური კომა, ქირურგიული ჩარევა და სხვა. ირღვევა თირკმლის სისხლის მიმოქცევა, ფილტრაცია და რეაბსორბცია. ვითარდება თირკმლის დროებითი იშემია, რაც გამოწვეულია ჰიპოვოლემიით, არტერიოლების სპაზმით, მიკროთრომბების გაჩენით ან თვით თირკმლის სისხლძარღვების დაზიანებით. ამის შედეგად ქვეითდება გორგლოვანი ფილტრაცია, გარკვეული რაოდენობა გორგლებისა კარგავს ფუნქციას. თუ ჰემოდინამიკის დარღვევა ხანმოკლეა, პროცესი შესაძლებელია შექცევადი იყოს. ხანგრძლივი იშემიის დროს კი ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები გორგლებსა და მილაკებში. image თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარებაში გამოყოფენ 4 სტადიას: საწყისი სტადია, ოლიგო -ანურიის სტადია, პოლიურიის სტადია, გამოჯანმრთელების სტადია. ყველაზე დიდი დარღვევები სახეზეა ოლიგო-ანურიის დროს. დიურეზის მკვეთრ შემცირებას თან სდევს ჰიპერაზოტემია, წყალ-მარილოვანი ჰომეოსტაზის და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა. კლინიკური გამოვლინებიდან აღსანიშნავია სისუსტე, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, ტრემორი. აღინიშნება ქოშინი, ირღვევა ცნობიერება, ძლიერდება პირღებინება და ფაღარათი. ავადმყოფს პირიდან ამიაკის სუნი აქვს, კუსმაულის სუნთქვა აღენიშნება. სახეზეა ჰიპოტენზია, გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითება, არითმიები (ეს ყველაფერი შედეგია ჰომეოსტაზის დარღვევისა). ამ სტადიაში თუ შარდის გამოყოფამ არ იმატა, ავადმყოფი იღუპება ურემიით (თუ არ ჩატარდა დიალიზი). დროული და ეფექტური მკურნალობისა 5-10 დღეში ხდება დიურეზის აღდგენა და პოლიურიის განვითარება. შარდის მომატების შემთხვევაში მცირდება სისხლში აზოტშემცველი ნივთიერებების კონცენტრაცია, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. აღდგენის პერიოდი საშუალოდ 2-3 კვირა გრძელდება, თუმცა თირკმლის ფუნქციის სრულ აღდგენას შეიძლება ერთი- ორი წელი დასჭირდეს. imageთირკმლის ქრონიკული უკმარისობა(თქუ): განვითარების მიზეზებიდან აღსანიშნავია თირკმლის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებები: ანთებითი გენეზის -ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი; სისხლძარღვოვანი გენეზის - ჰიპერტონული დაავადება, თირკმლის არტერიის სტენოზი; მეტაბოლური გენეზის - დიაბეტური გლომერულოსკლეროზი, ამილოიდოზი, პოდაგრა. თქუ-ს განვითარებას საფუძვლად უდევს მომქმედი ნეფრონების რაოდენობის მკვეთრი შემცირება და შესაბამისად თირკმლის ფუნქციის დათრგუნვა. აღნიშნული იწვევს ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციონირების დარღვევას. ამ სინდრომს ურემია ეწოდება. თქუ-ს კლინიკური გამოვლინება იწყება მაშინ, როდესაც ნეფრონების მასა მცირდება 30-50%-ით, ხოლო ფილტრაცია იკლებს 20%-მდე. თუ ფილტრაციამ დაიკლო 10%-მდე, იწყება ტერმინალური ფაზა - ურემია. სისხლში იმატებს შარდოვანა, კრეატინინი, კრეატინი, ინდიკანი, გუანიდინი, გუანიდინსუქცინის მჟავა და სხვა. (ამის მიზეზი აზოტის ცვლის საბოლოო პროდუქტების გამოყოფის შემცირებაა). აზოტემიის ხარისხი მიგვანიშნებს მომქმედი ნეფრონების მასის შემცირების ხარისხზე. ტოქსიური ნივთიერებები იწვევენ ორგანიზმის ინტოქსიკაციას და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. image ავადმყოფს აღენიშნება ანორექსია, დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ფაღარათი), საერთო სისუსტე, სიგამხდრე, თავის ტკივილი, უძილობა. თანდათან ვითარდება სუნთქვის დარღვევები, პროგრესირებადი ანემია, ურემიული პერიკარდიტი, მიოკარდიტი, კრუნჩხვები, კომა. საწყის სტადიაზე დიურეზი შენარჩუნებულია და რამდენადმე გაძლიერებულიც, რაც დაკავშირებულია მილაკების დისტალურ ნაწილში წყლის რეაბსორბციის მკვეთრ შემცირებასთან. თირკმლის კონცენტრაციის უნარის დაქვეითების გამო- ჰიპო, იზოსტენურიაა. ოლიგურია დამახასიათებელია თქუ-ის ტერმინალური სტადიისათვის. თქუ-ს დროს აღინიშნება ყველა ორგანოს დისფუნქცია. წყლისა და ელექტროლიტური ცვლის დარღვევები, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია და ჰიპერფოსფატემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დისფუნქცია - სახეზეა არტერიული ჰიპერტენზია, არითმია, გულის უკმარისობა, პერიკარდიტი (პერიკარდიტი ტერმინალურ ეტაპზეა). სასუნქი სისტემიდან - ტრაქეიტი, ბრონქიტი, ე.წ. „ურემიული ფილტვის“ განვითარება. სახეზეა ანემია, დარღვევები სისხლის შემდედებელ სისტემაში. ავადმყოფს აქვს სლოკინი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. ამოსუნთქულ ჰაერს შარდის სუნი აქვს (მიზეზია ნერწყვში არსებული შარდოვანის დაშლა ამიაკის წარმოქმნით, ეს ხდება მაშინ, როცა აზოტის კონცენტრაცია სისხლში აჭარბებს 100 მგ%-ს). imageნერვ-კუნთოვანი დისფუნქცია გამოიხატება კუნთების მომატებული აგზნებადობით, სახეზეა ნეიროპათია, კრუნჩხვები, ცნობიერების დარღვევა, კომა და სხვა. კანის მხრივ - სიფერმკრთალე, ქავილი, პიგმენტაცია. (ურემიის დროს ხდება კანისა და ლორწოვანი გარსების აქტიური მონაწილეობა გამომყოფ პროცესებში, კერძოდ აზოტოვანი პროდუქტები- შარდოვანა გამოიყოფა კანის, სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის გზით. შარდოვანა იშლება ამონიუმის მარილების წარმოქმნით, რომელიც აღიზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, იწვევს სხვადასხვა კლინიკურ გამოვლინებებს). ულტრაბგერითი გამოკვლევით დგინდება ორივე თირკმლის ზომაში მკვეთრი შემცირება, რაც მის შეუქცევად დაზიანებაზე მიუთითებს. დიაგნოზი ემყარება ანამნეზს, ამ სინდრომის კლინიკურ და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების მონაცემებს. image

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ჯახტანიძე ქეთევან
ჯახტანიძე ქეთევან
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0