x
image
მადამ ფისუნია
გურამ თიკანაძე ქართველი ალპინისტი და ფოტოგრაფი
image

გურამ თიკანაძე გახლდათ ქართველი ფოტოგრაფი და ალპინისტი. ტრაგიკულად დაიღუპა 30 წლის ასაკში შხარადან დაშვების დროს. ჯგუფმა გურამის ხელმძღვანელობით დალაშქრა თეთნულდი და ავიდა შხარაზე, მან თავად ჩაარჭო კლდის ნაპრალში პალო, დაკიდა თოკი და თავადვე დაიწყო პირველმა დაშვება, მაგრამ პალო ნაპრალიდან ამოვარდა. მისი ცხედარი მთასვლელთა ჯგუფმა ბექნუ ხერგიანის და ჭიჭიკო ჩართოლანის მეთურობით ჩამოასვენა მთიდან. 1980 წელს სვანეთში, სოფელ ლატალში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ძალისხმევით გაიხსნა გურამ თიკანაძის სახელობის სპორტული კომპლექსი და მუზეუმი. ლიტერატურაში ხშირად არის ნახსენები გურამ რჩეულიშვილთან ერთად "ორი გურამის გმირობა", "ორი გურამის ტრაგედია"... ორი ახალგაზრდა ვაჟკაცის ნაადრევი სიკვდილი...

აი რას ამბობდა გურამი მთის მიზიდულობის შესახებ:

„მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისთვის ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება.მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს.კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს.მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან.”


მას, ძალიან ემოციური ლექსი მიუძღვნა მურმან ლებანიძემ:

“ვოი”

ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!

ვოი! კალა-უშგული შეკრებილა,
ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა…
ვოი! შხარა სისხლით შეღებილა –
კოხტა თიკანაძე მომკვდარა…

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში…

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, –
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია –
თოკი – ერთადერთი ჩაუბია,
თავი – სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში…

– „ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი!
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ
აღმართში – კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე – მითხარით ზარი!..“

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა,
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

– „თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?!
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა –
რამ დაგაპატარავა, შვილო?!“

ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე…
შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი უკვე დახარჯე…
შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს ღამე გახაზე…
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე…

ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი – მკვდარიც ჩაუქია!
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა!

1964 წ.

0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0