x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კომუნიკაციის 12 ბარიერი
image

კომუნიკაცია არის ინფორმაციის გაცვლა ორ ან მეტ ადამიანს შორის და იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ადამიანებთან უფრო ნაყოფიერი და პროდუქტიული გავხადოთ საჭიროა იმ ბარიერების გათვალისწინება, რომლებიც ხელს უშლიან კომუნიკაციას.

1.მითითება, ბრძანება, მოთხოვნა

მოთხოვნას, ბრძანებებს და მითითებებს-„შენ უნდა“, „შენ ვალდებული ხარ ახლავე“ და ა.შ შიშის, ან აქტიური წინააღმდეგობის გამოწვევა შეუძლია.ადამიანს შესაძლოა ჯიბრში ჩადგომის სურვილიც კი აღეძრას.ასეთი ტიპის კომუნიკაცია პროტესტის გრძნობასა და სამაგიეროს გადახდის სურვილს ბადებს.


2.გაფრთხილება, შეხსენება, მუქარა

როდესაც ადამიანს ეუბნებით, თუ რა მოელის მას გარკვეული ქცევის, ან მოქმედების შეუსრულებლობის, ან შესრულების შემთხვევაში- „თუ არ დამეთანხმები, მაშინ..“, „გირჩევნია თორემ“, ეს მასში შიშსა და მორჩილებას ბადებს, რაც სრულიადაც არ არის ჯანსაღი და ეფექტური ურთიერთობის საწინდარი.შესაძლოა, ადამიანს „დაპირების“(მუქარის) რეალობის შემოწმების სურვილი გაუჩნდეს;ან შესაძლოა, ამან გაღიზიანება, აღშფოთება, პროტესტი გამოიწვიოს.

3.მორალის წაკითხვა, დამოძღვრება, ნამუსზე აგდება

„შენი ბრალია, რომ..“, „ეს ასე არ უნდა გექნა“, „შენ უნდა გეზრუნა იმაზე, რომ...“ შედეგად ადამიანს უხერხულობის გარდა, დანაშაულის გრძნობაც უჩნდება და შესაძლოა მან თავდაცვითი პოზიცია დაიკავოს და აგრესიაც კი გამოამჟღავნოს-მას ხომ ფაქტობრივად, უპასუხისმგებლობას აბრალებენ.

4.რჩევის მიცემა, მზა გადაწყვეტილების შეთავაზება

„შენს ადგილზე იცი რას გავაკეთებდი?“, „მოდი, სცადე...?“ „ვიცი, რაც უნდა გააკეთო!“, „მე გასწავლი, როგორ მოიქცე...“ ასეთი წინადადებების ფარული შინაარსი გულისხმობს, რომ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი პრობლემის განსაზღვრა, მათი მოგვარების გზების გაანალიზება და სწორი არჩევანის გაკეთება.ბუნებრივია, რომ უუნარობის დაბრალება და მისი დამოუკიდებლობის ასეთი შეზღუდვა ადამიანში პროტესტის გრძნობას გამოიწვევს.

5.ჭკუის სწავლება, “ლექციის წაკითხვა“, ლოგიკური არგუმენტების მოშველიება.

ეს არის ადამიანზე გავლენის მოხდენის მცდელობა ფაქტების კონტრ-არგუმენტების, ლოგიკის, ინფორმაციის, ან საკუთარი მოსაზრების მეშვეობით.“მე გეტყვი რაში ცდები..“ „ფაქტები მეტყველებენ, რომ..“ „კი მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ...“ ასეთი ტიპის გამოთქმების საპასუხოდ ადამიანმა შესაძლოა უბრალოდ „გამორთოს“ თავისი ყურადღება და საერთოდ აღარ მოგისმინოთ.ასეთი კომუნიკაცია თრგუნავს და საკუთარი არასრულფასოვნების განცდას აჩენს.

6.კრიტიკა, განსჯა, შეწინააღმდეგება

ადამიანი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად, როდესაც მისი შეფასება, კრიტიკა, ან მისი საქციელის განსჯა ხდება.“შენ აბსოლუტურად ვერ ხვდები..“ „გამოუსწორებელი ზარმაცი ხარ..“ ასეთი გამოთქმები ნიშნავს, რომ ადამიანი არაკომპეტენტური, ან სულელია;ბევრს უბრალოდ ეშინია ასეთი შეფასებების და ამიტომ გაურბის ამგვარ კომუნიკაციას.ზოგიერთი მორჩილად მიიღებს კრიტიკას, დაეთანხმება ნეგატიურ შეფასებას და ამით დიდ ზიანს მიაყენებს საკუთარ თვითშეფასებას- „მე მართლაც ცუდი ვარ..“;ზოგიერთი კი პირიქით, გაბრაზდება და მოინდომებს სამაგიეროს გადახდას--„გირჩევნია, შენს თავს მიხედო!“

7.შექება, დათანხმება, პირფერობა

დადებითი შეფასება- „ძალიან მაგარი ხარ!“, „აბსოლუტურად მართალი ხარ ამ პიროვნების შეფასებაში“, „მე ვფქირობს, რომ ამ საქმეში შეუდარებელი ხარ!“--ადამიანის მიმართ მაღალი მოლოდიების არსებობას გულისხმობს და თითქოს, მის შექება/წახალისებას ემსახურება, მაგრამ ამის ნაცვლად ადამიანს შფოთვა უჩნდება, რადგან გრძნობს, რომ არ შეესაბამება გამოთქმულ აღფრთოვანებას.გარდა ამისა, ასეთი შეფასებები ხშირად განიხილება, როგორც ერთგვარი პირფერობა, მფარველურ-ფამილარული ტონი, ან პიროვნებით მანიპულირება მისგან სასურველი ქცევის მისაღებად.

8.შერცხვენა, მასხრად აგდება

ურთიერთობაში, დასაფიქრებელია ადამიანთან შეხუმარების, მისი მასხრად აგდების ან შერცხვენის, „იარლიყის მიკერების“ მცდელობა. „შე, მტირალა..“ „გასაგებია, ბატონო ჭკუისკოლოფო! „კაი, მორჩი ახლა ზლუქუნს!“ ასეთი მიმართვა ატყობინებს ადამიანს, რომ ის სრულიად უსარგებლოა, იგნორირებულია, და არ იმსახურებს ელემენტარულ პატივისცემას.რა თქმა უნდა, ასეთი კომუნიკაცია დამანგრეველია ადამიანის თვით-შეფასებისთვის;ის მასში იმედგაცრუებას და შესაბამისად აგრესიას, სიტყვიერ სამაგიეროს იწვევს.

9.ინტეპრეტირება, ანალიზი, დიაგნოზის დასმა

თუ ურთიერთობისას ჩვენ ვუხსნით ადამიანს მის მოტივებს, ვუანალიზებთ ქცევას და საუბარს, ვატყობინეთ, რომ „შენი პრობლემა სრულიად ნათელია“ „შენი სუსტი მხარე იმაშია რომ..“ „შენ უბრალოდ გადაიღალე..“

„შენ ამას სინამდვილეში ვერასდროს გააკეთებ..“ ასეთი კომუნიკაცია უნაყოფოა, გამაწბილებელი და შესაძლოა, ზოგჯერ მუქარის მატარებელიც კი იყოს.პიროვნება ფაქტობრივად ბლოკირებულია;იგი გრძნობს, რომ მის მიმართ ინტერესი მცირეა, რადგნაც ის უკვე „გაშიფრულია“, მისი გრძნობები გაშიშვლებულია და ის სრულიად დაუცველია სხვების წინაშე.ადამიანს უჩნდება სურვილი რამენაირად შეწყვიტოს „რენტგენით გაშუქების“ პროცესი და გაექცეს ამგვარ კომუნიკაციას.

10.დარწმუნება, სიმპათიისა და მხარდაჭერის გამოხატვა დანუგეშება

მცდელობა გამოუკეთო ადამიანს განწყობილება, ესაუბრო მისი ემოციებისგან დაცლის მიზნით ზოგჯერ სრულდება მისი გრძნობების სიძლიერის უარყოფით. „ნუ დარდობ“ „ცოტა ხანში უკეთ იქნები“ „კაი გამხიარულდი რაა“ ამით ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მისი სრულიად არ ესმით.შესაძლოა ასეთი ურთიერთობით მასში მტრული განწყობა გამოიწვიოთ „შენთვის ადვილია ამის თქმა!“

11.კითხვების დასმა, დაკითხვა

ზოგჯერ, იმის ნაცვლად, რომ ყური დაგვიგდოს, მოსაუბრე ცდილობს ჩვენგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, თითქოს და ჩვენი პრობლემის მოგვარების მიზნით.ის არკვევს მიზეზებს, მოტივებს, ეძიება სიტუაციის დეტალებში „ რატომ..“ „ვინ...“ შენ რა გააკეთე..“ როგორც წესი ადამიანები გაურბიან ასეთ კითხვებს, ამჯობინებენ, რომ მოიტყუონ, დამალონ ფაქტები და ა.შ, რადგან ეშინიათ, რომ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას დამატებითი კითხვები, კრიტიკა ან შეფასება მოყვება.გარდა ამისა, ადამიანი ხშირად უბრალოდ იბნევა ამდენ კითხვებში, ვეღარ ხვდება, თუ საითკენ მიყავს საუბარი მოსაუბრეს და შედეგად შიში და შფოთვა ეუფლება.

12.ყურადღების გადატანა, პრობლემის შემსუბუქება

არის სიტუაციები, როდესაც ვცდილობთ, ადამიანი პრობლემას მოვაშოროთ, ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინოთ. „მოდი რა, უფრო სასიამოვნო რამეებზე ვისაუბროთ...“ „ქვეყანა ამით არ დაინგრევა..“ „ვის არ მოსვლია..“ მსგავსი რეპლიკებით თქვენ ალბათ ალალად ცდილობთ შეუმსუბუქოთ ადამიანს მდგომარეობა, სთავაზობთ მას თავი აარიდოს სირთულეებს და მარტივად შეხედოს ვითარებას, მაგრამ მან შესაძლოა აღიქვას ეს ყველაფერი, როგორც მისი პრობლემის უკუგდება, უგულებელყოფა და სირთულეების დროს საკუთარ თავში ჩაიკეტოს.


0
64
შეფასება არ არის
ავტორი:დიანა გვილავა
დიანა გვილავა
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0