x
image
თუთიკო ბერძენა
ნახე, შენზე მაგრად ვცხოვრობ

image სოციალურ ქსლებში ყველას შესაშური ცხოვრება აქვს. ვიღაცას დაბადების დღეზე კაბრიოლეტი აჩუქეს, ვიღაცამ დიდ წარმატებას მიაღწია, ვიღაც ჰავაის კუნძულებზე ისვენებს, ვიღაც ძალიან ლამაზია, ვიღაცას სუფრაზე შებრაწული გოჭი უდევს, როცა ხალხი შიშილობს, ვიღაც საოცნებო ქალზე ან მამაკაცზე დაქორწინდა, ვიღაც გემით მოგზაურობს. ზის ადამიანი, უყურებს ამ გადმოფენილ ფოტოებსა და ბედნიერ პოსტებს და ფიქრობს, რომ ამქვეყნად ყველაზე უკანასკნელია, უვარგისი, ცხოვრება კი უსამართლო. მილიონობით ადამიანს გაუჩინა ნევროზი და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი ან არასრულფასოვნების კომპლექსი ასეთმა კეკლუცმა ფოტოებმა, რომლის შინაარსი სხვა არაფერია, თუ არა: " ნახე, მე რა მაგრად ვცხოვრობ!"

დათრგუნული, ნირწამხდარი და გასაცოდავებული ადამიანები ქმნიან ტროლებს, რომლებიც თავს ესხმიან რეალურად მათნაირ უბედურ, მაგრამ სოციალურ ქსელებში წარმატებულის და მაგრად მცხოვრების ნიღბით შემოსილ მეტიჩრებს.

თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ადამიანები საკუთარი წარმატების მსხვერპლი ხდებიან. ბოლო 30 წლის განმავლობაში დეპრესიის, ნევროზების და სტრესების რიცხვა საგრძნობლად იმატა. ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ კარს მომდგარი არ იყო, მაგრამ ადამიანებს უკვე ეგზისტენციური და სულიერი კრიზისი დაწყებული გვქონდა.

უაღრესად მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს ყოვეკლ წამს არის ის, რომ მარადიული ამქვეყნად არაფერია არავისთვის, მათ შორის, არც წარმატება და წარუმატებლობა, არც სიმდიდრე და სიღარიბე, არც აღმართი და დაღმართი. ზღვის მიქცევას მუდამ ახლავს მოქცევა.

სულაც არაა საჭირო პეპლის საჭერით დარბოდე და გაშმაგებული ეძებდე ბედნიერებას! როგორც ალბერ კამიუ ამბობდა, ბედნიერი ვერასდროს გახდები, თუ არ შეწყვეტ იმის ძიებას, რისგანაც ბედნიერება შედგება. სიცოცხლეს ვერასდროს გაუგებ გემოს, თუ ცხოვრების აზრის ძებნას დაიწყებ".

და საერთოდაც, ბედნიერ ადამიანებს არ სცალიათ სოციალურ ქსელებში ფოტოების ასატვირთად, გადმოსაფენად, სხვისთვის თავის მოსაწონებლად, საკუთარი წარმატების შესახარბებლად. ისინი ბედნიერებით ტკბებიან იმ დროში, სანამ ვიღაც ზის და ელოდება, როდის შეკრა რგოლი მათ კედელზე მოტრიალე ატვირთვის სიმბოლომ...

ბედნიერება ცხვირწინაა, ბედნიერება თვითონ შენშია და ცხოვრების აზრიც თვითონ ცხოვრებაშია, რომელსაც უბრალოდ დანახვის უნარი სჭირდება და არა სხვის ფოტოებზე სინანულით დაკვირვება: "მე რა დავაშავე, რომ არაფერში მიმართლებს?"

არადა უკვე გაგიმართლა, რომ ხარ ცოცხალი და ცოცხალი ადამიანის შესაძლებლობები კი უკვე უკიდეგანო და ამოუწურავია!

4
229
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
229
  
2021, 9 აპრილი, 23:39
კი, სულ ამაზე ვფიქრობ, რატომ აფრიალებენ ადამიანები საკუთარ მიღწევებს
2021, 9 აპრილი, 23:38
დიდი მადლობა!
2021, 9 აპრილი, 23:34
ძალიან კარგადაა გახსნილი კვანძი
2021, 17 მარტი, 20:21
ჭკვიანი ხარ ჭკვიანი ჭკვიანია!
0 1 4