x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ყველაფერი ჭინჭრის ციების შესახებ

image
ჭინჭრის ციება მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს აღენიშნება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ის გვხვდება ბავშვებში, მოზარდებსა თუ მოზრდილებში.ჭინჭრის ციება არის კანის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ერითემატოზული, გაუფერულება, შეშუპებითი, უმტკივნეულო, ქავილიანი კეროვანი დაზიანებები, რომლებიც ჩვეულებრივ 24 საათში ალაგდება და არანაირ ნარჩენ კვალს არ ტოვებს.ჭინჭრის ციება ზოგჯერ ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიც არის ექიმებთან ხანგრძლივი, არაეფექტიანი ვიზიტები და ზედმეტი, ყოვლად უსარგებლო სამედიცინო გამოკვლევები. ხანდახან ამ ყველაფერს არასაჭირო და ხშირად არც თუ ისე უსაფრთხო მედიკამენტებით მკურნალობაც ერთვის.


ჭინჭრის ციების სიმპტომები


ურტიკარიის ანუ ჭინჭრის ციების მქონე პაციენტების დაახლოებით 40% -ს ჭინჭრის ციებასთან ერთად აღენიშნება შეშუპება.ჭინჭრის ციების დროს კანზე ამობურცული ბუშტუკები ძალიან ხშირია. ბუშტუკები არის ოდნავ ამობურცული მკრთალი, ვარდისფერი ან წითელი შეფერილობის ლაქები, რომელთაც ქავილი ახასიათებს.ჭინჭრის ციების დროს ბუშტუკებს შეიძლება ანგიონევროზული შეშუპებაც ახლდეს. ზოგიერთ შემთხვევაში კი მხოლოდ ეს სიმპტომი ვლინდება. ანგიონევროზული შეშუპება ვიზუალურად თითქოს ბუშტუკებს ჰგავს, მაგრამ მისი გავრცელების არეალი ერთ ბუშტუკზე გაცილებით დიდია, უფრო მეტ ქსოვილს აზიანებს და ბევრად ღრმად აღწევს. ანგიონევროზული შეშუპება უფრო ხშირად იწვევს ტკივილს და არა - ქავილს. ჭინჭრის ციების დროს პოხიერი უჯრედები (ეს არის იმუნური სისტემის უჯრედები) აქტიურდება, რის შედეგადაც გამოიყოფა გარკვეული ნივთიერებები, მათ შორის - ჰისტამინი.ჭინჭრის ციებისას შეშუპება, სიწითლე და ქავილი კი, რომლებიც პოხიერი უჯრედების მუშაობით არის პროვოცირებული, ორგანიზმისთვის არანაირ სარგებელს არ წარმოადგენს.


რა იწვევს?



1.საკვები- ზოგიერთ საკვებს შეუძლია, მათდამი მგრძნობიარე ადამიანებში ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ხშირია ალერგია მოლუსკებზე, თევზზე, მიწის თხილზე, თხილზე, კვერცხსა და რძეზე;
2.მედიკამენტები - ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის გამოწვევა თითქმის ყველა მედიკამენტს შეუძლია, თუმცა უმეტესად ბრალი მიუძღვის პენიცილინს, ასპირინს, იბუპროფენსა და წნევის წამლებს;
3.გარემოში არსებული ალერგენები, მათ შორის – მცენარის მტვერი, ცხოველის ქერტლი, ლატექსი, მწერის შხამი, რომელიც ნაკბენიდან იჭრება ორგანიზმში;
4.გარეგანი ფაქტორები - სიცხე, სიცივე, მზის სხივები, წყალი, კანზე ზეწოლა, ემოციური სტრესი და ვარჯიშიც კი;
5.სხვა დაავადებები - ჭინჭრის ციება და ანგიოედემა შესაძლოა განვითარდეს სისხლის გადასხმის, იმუნური სისტემის პათოლოგიის (მგლურას), ზოგიერთი ტიპის სიმსივნის (ლიმფომის), ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის (ჰეპატიტის, აივ ინფექციის, ციტომეგალოვირუსის, ეპშტეინ-ბარის ვირუსის) საპასუხოდ;
6.გენეტიკა - თანდაყოლილი ანგიოედემა დაავადების იშვიათი ფორმაა. ის იმუნური სისტემის მაკონტროლებელი სისხლის ზოგიერთი პროტეინის ნაკლებობასთან ან არასწორ ფუნქციობასთანაა დაკავშირებული.


რა შეიძლება გახდეს მწვავე ურტიკარიის განვითარების გამომწვევი ფაქტორი ბავშვებში?

image

1.საკვები: რძე, კვერცხი, ხორბალი, თხილეული, თევზეული, სხვადასხვა ემულგატორებით და დანამატებით მდიდარი საკვები
2.მწერის ნაკბენი: განსაკუთრებით ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანით დანესტვრა
3.მედიკამენტები: ტკივილ გამაყუჩებელი, სიცხის დამწევი პრეპარატები, ანტიბიოტიკები და სხვ.
4.ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები
5.პარაზიტული ინფექციები: ჭიით ინვაზია და სხვ.


ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებში მწვავე ჭინჭრის ციების შემთხვევათა 80% -ის მიზეზი ვირუსული ინფექციებია (კერძოდ, მწვავე რესპირატორული სინდრომი). ამიტომაც თუ საგანგაშო სიმპტომები არ არსებობს, რეკომენდებულია სახლში მკურნალობა. მაშინაც კი, თუ ექიმთან მიხვალთ, დიდია ალბათობა, რომ ის გამოკვლევებს არ ჩაგიტარებთ და მხოლოდ კონსულტაციით შემოიფარგლება.


ქრონიკული ჭინჭრის ციების მიზეზები რას შეიძლება უკავშირდებოდეს?



ქრონიკული ჭინჭრის ციების მიზეზი ზოგადად საკმაოდ რთული საპოვნია, ის მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1% აღენიშნება და პაციენტთა 30%-ში მისი მიზეზი უცნობია. ქრონიკული სპონტანური ჭინჭრის ციების დროს ექიმმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პაციენტის თანარსებული მდგომარეობები, როგორიცაა ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, ავტოიმუნური დაავადებები, ჰელიკობაქტერ პილორისთან ასოცირებული გასტრიტი, სტრესის ზემოქმედება, ტკივილ გამაყუებელი პრეპარატების ხშირი გამოყენება და ა.შ ქრონიკული ჭინჭრის ციების მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ფიზიკური ფაქტორებიც, როგორიცაა: მზე, სიცივე, წყალი, ფიზიკური დატვირთვა ა.შ. ასეთი ფორმის ქრონიკულ ჭინჭრის ციებას ინდუციბელურს უწოდებენ. ის დაახლოებით ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტების 1/3-ში გვხვდება.ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს (ექვს კვირაზე მეტს გაგრძელდა), დეტალური გამოკითხვის გარდა, საჭირო იქნება გამოკვლევა. ეს უკანასკნელი კი ექიმთან საუბრის შედეგებზეა დამოკიდებული. ქრონიკული სპონტანური ჭინჭრის ციება სისხლის გარკვეულ ანალიზს მოითხოვს. ეჭვის ქონის შემთხვევაში კი ექიმს შეუძლია პაციენტი სხვადასხვა ინფექციაზეც შეამოწმოს. თუმცა ქრონიკული სპონტანური ჭინჭრის ციების ძირითადი მიზეზი ზრდასრულებში ვერ დგინდება. გაცილებით იშვიათად და გარკვეული სიმპტომების არსებობისას შეიძლება საჭირო გახდეს კანის ბიოფსია. ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმი თქვენი ბუშტუკიდან კანის მცირე ნაწილს აიღებს და გამოსაკვლევად გაგზავნის. ეს აუცილებელია ზოგიერთი მსგავსი დაავადების, კერძოდ, ურტიკარული ვასკულიტის გამოსარიცხად.


არჩევენ ქრონიკული ჭინჭრის ციების შემდეგ ფორმებს:


1. ორდინარული ჭინჭრის ციება, რომელიც ორი ფორმისაა – აუტოიმუნური და იდიოპათიური;
2. ფიზიკური ჭინჭრის ციება;
3. კონტაქტური ჭინჭრის ციება;
4. ჭინჭრის ციებით მიმდინარე ვასკულიტი;
5. შნიტცლერის სინდრომი.


როგორ სვამენ დიაგნოზს


ექიმი დაგითვალიერებთ კანს, შეკრებს ანამნეზს და სავარაუდო მიზეზის დადგენას შეეცდება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გამონაყარი ზოგჯერ ექიმთან მისვლამდე ქრება, რაც, რა თქმა უნდა, დიაგნოზის დასმას ართულებს.


როგორ ხდება მკურნალობა?


სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:

1.ქავილის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ანგიოედემისა და ურტიკარიის სტანდარტული მკურნალობა გულისხმობს ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებას, რომლებიც ქავილს, შეშუპებას და ალერგიული რეაქციის სხვა ნიშნებს ამცირებს.


2.ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ანგიოედემისა და ურტიკარიის რთული ფორმის დროს შეშუპების, სიწითლისა და ქავილის შესამცირებლად ინიშნება ორალური კორტიკოსტეროიდები, მაგალითად, პრედნიზოლონი;
იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტები (იმუნოსუპრესორები).

3.ანტიჰისტამინებისა და კორტიკოსტეროიდების უეფექტობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს იმუნოსუპრესორების დანიშვნა ზედმეტად გააქტიურებული იმუნური სისტემის დასათრგუნავად.


4.ტკივილისა და შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ქრონიკულად მიმდინარე ანგიოედემისა და ურტიკარიის მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით – ე.წ. ლეიკოტრიენების ანტაგონისტებით არის შესაძლებელი.


5.სისხლში ცილების მაკონტროლებლები. მათ, ვისაც მემკვიდრეობითი ანგიოედემა აქვს, უნიშნავენ მედიკამენტებს, რომელთა საშუალებითაც სისხლში გარკვეული ცილების რაოდენობის რეგულირებაა შესაძლებელი. ეს საგრძნობლად ამცირებს სიმპტომებს.


დაავადებები რომლებიც უნდა გამოირიცხოს ქრონიკული ურტიკარიის(ჭინჭრის ციების) დროს


1.ალერგია
2.აუტოიმუნური პათოლოგია
3.B, C ჰეპატიტი
4.EBV და ჰერპეს ვირუსი
5.ფარისებრი ჯირკვალი - თირეოიდიტი
6.ფსევდო ალერგიული რეაქციები
7.ლიმფომები, გამაპითები
8.სხვა სიმსივნური პროცესები
9.ვასკულიტი ალერგიული და სისტემური
10.პარაზიტები
11.სოკოვანი ინფექცია
12.ნეიტროფილური დერმატოზები

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0