x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ბანდურას სოციალური დასწავლის თეორიის კრიტიკა

image

სანამ ბანდურას სოციალური დასწავლის თეორიის კრიტიკას დავიწყებ, მოკლედ განვმარტავ მის მნიშვნელობას. სოციალური დასწავლის თეორიას ხშირად უწოდებენ ხიდს ბიჰევიორისტული სწავლის თეორიებსა და კოგნიტური სწავლის თეორიებს შორის, რადგან იგი მოიცავს ყურადღებას, მეხსიერებასა და მოტივაციას (Muro & Jeffrey 2008). სოციალური დასწავლის თეორია ემყარება იმ აზრს, რომ ჩვენ ვსწავლობთ სოციალურ კონტექსტში სხვებთან ურთიერთობისას. ანუ ადამიანი ქცევას ითვისებს სხვებზე დაკვირვების საშუალებით, რასაც მოდელირება ეწოდება. ის, ვისაც ადამიანი ბაძავს, არის „მოდელი“, ხოლო, ვინც ბაძავს, „დამკვირვებელი“. ბანდურა განასხვავებს ორი სახის მიბაძვას:
1. სუფთა-როდესაც მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა, რომელსაც ბაძავს.
2. შეგნებული-როდესაც ხდება ქცევების გააზრებული გამეორება და დასწავლა.


სოციალური დასწავლის თეორია ითვალისწინებს აზროვნების პროცესებს და
აცნობიერებს მათ როლს ქცევის იმიტაციაში, ანუ ეს მიდგომა დასწავლის პროცესს
სრულყოფილად ხსნის შუამავალი პროცესების აღიარების გზით. მაგალითად,
სოციალური დასწავლის თეორია ხსნის არამარტო მარტივ განმტკიცებაზე დაფუძნებულ ქცევებს, არამედ რთულ სოციალურ ქცევებსაც, რომლებიც გენდერული როლებისა თუ მორალურობის გათვალისწინებით გამოიხატება. ამის მიუხედავად, მას არ შეუძლია ქცევათა მთელი სპექტრის გათვალისწინება, მაგალითად, ფიქრების, აზრებისა და გრძნობების (ანუ რაც შეიძლება გარეგნულად არ გამოვლინდეს).

მაგალითად, თუ ჩვენ გვქონდა ძალადობის გამოცდილება ან ამ ფაქტს ოდესმე შევსწრებივართ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დავისწავლით და გამოვავლენთ მსგავს ქცევას. სწორედ ამის გამო, 1986 წელს ბანდურამ თავის თეორიას "სოციალური დასწავლის თეორია" დაუმატა სიტყვა "კოგნიტური" ანუ დღეს ბანდურას ამ თეორიას ჰქვია "სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია" და იგი უკვე ქცევის მიღმა არსებულ კოგნიტურ პროცესებსაც ითვალისწინებს.


სოციალური დასწავლის თეორიის კრიტიკა გამომდინარეობს მისივე ხედვიდან, რომელიც ქცევაზე ძირითად გავლენას გარემოს მიაწერს. საბოლოოდ, ფსიქოლოგიის მეცნიერება დღეს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქცევის ახსნა მხოლოდ ბუნების ან მხოლოდ აღზრდის გავლენით არასწორია და აუცილებელია ორივე ფაქტორის გათვალისწინება. თუმცა პრიმატებში „სარკისებური ნეირონების“ აღმოჩენამ სოციალური დასწავლის თეორიას მიანიჭა ბიოლოგიური საფუძველიც. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ საწყის ეტაპზეა, მან შესაძლოა მიბაძვის ნევროლოგიური საფუძველი შექმნას, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ეს „სარკისებური ნეირონები“ ზუსტად ისევე აღიგზნებიან (ფუნქციურად აქტიური ხდებიან) სხვის ქცევაზე დაკვირვებისას, როგორც მაშინ, როცა თავადვე ასრულებენ მოქმედებას.

შემდეგი კრიტიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ სოციალური დასწავლის თეორია ყველა ქცევას ვერ ხსნის სრულყოფილად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს მისაბაძი პიროვნება ე.წ. „role model”. ანუ ჩნდება კითხვა, თუ არ არსებობს მისაბაძი ობიექტი, საერთოდ როგორ ვსწავლობთ.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ლია ყველიაშვილი
ლია ყველიაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0