x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიზმრები ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით

image"სიზმრების ინტერპრეტაცია არის სამეფო გზა გონების არაცნობიერი საქმიანობის ცოდნისკენ"- ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი არის ავსტრიელი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი და ნევროლოგი. ფროიდი სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვის, ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. მან ჩამოაყალიბა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი თვალსაზრისი ფსიქოლოგიაში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია არაცნობიერზე, ლტოლვაზე, წინააღმდეგობის პრინციპზე და ტრანსფერზე. დღეს, ჩვენ ვისაუბრებთ ზიგმუნდ ფროიდის შეხედულებაზე სიზმრებთან მიმართებაში. ფროიდს დამოუკიდებელი ნაშრომი აქვს ამ თემაზე, რომელიც გამოიცა 1900 წელს სახელწოდებით „სიზმრების ინტერპრეტაცია“. ზემოთხსენებული ფრაზაც ამ წიგნიდან არის ციტირებული. ფროიდი სიზმრებს “წარმავალ ფსიქოზს“ და „არაცნობიერისკენ მიმავალ გზას“ უწოდებდა. მისი თეორიის მიხედვით სიზმრების შინაარსი არაცნობიერი, განდევნილი სურვილების სიმბოლური გამოხატულებაა. ის თვლის, რომ სინამდვილეში ყველა სიზმარი უკავშირდება ადამიანის რომელიღაც ოცნებას და მის განხორციელებას. ფროიდის მიხედვით სიზმრებში გვაქვს ორი დინამიკური ძალა, ესენია სურვილი და ცენზურა. ცენზურა ახდენს დაფარული მნიშვნელობის, ანუ ლატენტური შინაარსის გარდასახვას სიზმრის მანიფესტირებულ შინაარსად. ზიგმუნ ფროიდი თვლიდა, რომ ყველა სიზმრის დაკავშირებაა შესაძლებელი წინა დღის გამოცდილებასთან. ფროიდის ამ თვალსაზრისს საფუძვლად მისივე კვლევები უდევს, ის აკვირდებოდა როგორც სხვების, ასევე საკუთარ სიზმრებს და ხედავდა კავშირს წინა დღის გამოცდილებასა და სიზმარს შორის. საბოლოო, ჯამში ავსტრიელი ფსიქოლოგი თვლიდა, რომ სიზმრებს შეუძლიათ შეარჩიონ თავიანთი მასალა ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი ნაწილიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აზროვნების მატარებელი, რომელიც დააკავშირებს სიზმრის დღის გამოცდილებას ("ბოლოდროინდელი" შთაბეჭდილებები) უფრო ძველთან.
ზიგმუნდ ფროიდის აზრით სიზმრის რამდენიმე წყარო შეიძლება არსებობდეს:
1. ბოლოდროინდელი და ფსიქიკურად მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც პირდაპირ ჩანს სიზმარში;
2. რამდენიმე ბოლოდროინდელი და მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომლებიც გაერთიანებულია სიზმარში;
3. ერთი ან მეტი ბოლოდროინდელი და მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც სიზმრის შინაარსში ასახულია თანამედროვე, მაგრამ განსხვავებული გამოცდილებით;
4. შინაგანი მნიშვნელოვანი გამოცდილება (მაგ. მეხსიერება ან აზროვნების მატარებელი), რომელიც ამ შემთხვევაში უცვლელად არის წარმოდგენილი სიზმარში ბოლო, ინდიფერენტული შთაბეჭდილების გამო.

წარმოგიდგენთ ფროიდის რამდენიმე განმარტებას:
მისი აზრით ადამიანი სიზმარში სახლის ფორმაში გვევლინება.
მშობლები გვევლინებიან, როგორც მეფეები, დედოფლები და სხვა მაღალი წოდების პიროვნებები.
ბავშვები და დედმამიშვილები გვხვდებიან პატარა ცხოველების ფორმაში.
დაბადება სიზმარში წყლის ფორმას უკავშირდება.(მაგალითად ვინმე გადავარჩინეთ წყლისგან ან პირიქით ჩვენ გადაგვარჩინეს)
სიკვდილი მოგზაურობის დაწყებას ნიშნავს.
სქესობრივი აქტის სიმბოლოდ გამოდგება ბაღის მორწყვა ან კიბეებზე ასვლა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფროიდის სიმბოლოების უმეტესობა ატარებს სექსუალურ შინაარსს.


ტიპიური სიზმრები.

ფროიდი თვლის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვისი სიზმრის ინტერპრეტაცია, თუ ის ადამიანი არ არის მზად გაგვაცნოს ქვეცნობიერი აზრები, რომლებიც მისი შინაარსის მიღმა დგას. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლება ააშენოს თავისი სიზმრის სამყარო ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად და გახადოს იგი გაუგებარი სხვა ადამიანებისთვის. თუმცა, ამ მოსაზრების საპირისპიროდ ფროიდმა შეამჩნია, რომ არსებობს სიზმრების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ბევრი ხედავს და ჩვენ ვთვლით, რომ ყველასთვის ერთ მნიშვნელობას ატარებენ. უფრო მეტიც, ამ ტიპურ სიზმრებს განსაკუთრებული ინტერესი ენიჭება, რადგან ისინი, სავარაუდოდ, წარმოიქმნებიან ერთი და იმავე წყაროებიდან. ფროიდს თავის ნაშრომში განხილული აქვს რამდენიმე ასეთი ტიპური სიზმარი, მათ შორის გვხვდება:

1. შემარცხვენელი სიზმრები შიშვლად ყოფნაზე- ასეთ ტიპურ სიზმარში ადამიანი გრძნობს სირცხვილს და უხერხულობას და ცდილობს გაქცევას ან დამალვას. მისი არსი მდგომარეობს სიშიშვლის გამო დისტრესში და იმაში, რომ ადამიანს სურს სიშიშვლის დამალვა, როგორც წესი, გადაადგილებით, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ამის გაკეთება არ შეუძლია. ფროიდის, აზრით ეს სიზმრები უმეტესად ბავშვობის მოგონებებიდან მოდის.
2. იმ ადამიანების სიკვდილი, რომლებიც გვიყვარს- ჩვენს ქვეყანაში, ხშირად გამიგია ასეთი მოსაზრება, რომ თუ ადამიანის სიკვდილს ხედავ სიზმარში ეს იმას ნიშნავს რომ ის დიდხანს იცოცხლებს. ფროიდის აზრი სრულიად საპირისპიროა, ის თვლის რომ თუ დაგვესიზმრა ჩვენი საყვარელი ადამიანის სიკვდილი და შემდეგ განვიცდით ამ ამბით გამოწვეულ ტკივილს, ამ დროს სინამდვილეში ჩვენ გვსურს ამ ადამიანის სიკვდილი. ეს შეიძლება ასევე იყოს წარსულის სურვილებით გამწვეული, რომლებიც მიტოვებული და რეპრესირებული იყო და რომლებსაც ჩვენ უნდა მივუწეროთ რაიმე სახის გაგრძელება, სიზმარში მათი ხელახალი გაჩენის გამო.

მკვლევრებმა ვერ მოიპოვეს ფროიდისეული თეორიის დამადასტურებელი ემპირიული ფაქტები, თუმცა ფროიდის მიერ სიზმრების ფსიქოლოგიური მნიშვნელობის ხაზგასმამ მიმართულება მისცა სიზმრის შინაარსის თანამედროვე კვლევებს. სიზმარი უამრავი დაკვირვებისა თუ ცდების მიუხედავად ამოუხსნელ ფენომენად რჩება.




0
374
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ფურცელაძე
ანი ფურცელაძე
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0