x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა არის სამუშაო სტრესი?

image

დეფინიციები
სტრესის მნიშვნელობა ყველა ჩვენგანისთვისაა ცნობილი, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში პატარა დეტალები თუ მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს აფორიაქებასა და ანერვიულებას იწვევს. მაგრამ, საინტერესოა, რამდენად სწორად და ადეკვატურად გვესმის სამუშაო სტრესის მნიშვნელობა. დავიწყოთ სამუშაო სტრესის მეცნიერული დეფინიციით. სტრესი საკმაოდ კომპლექსური შინაარსის ცნებაა და ამის გამო მკვლევრები ერთ კონკრეტულ განმარტებას ჯერ-ჯერობით ვერ გვთავაზობენ. (გაგიკვირდებათ და, სტრესის სულ მცირე 8 განსხვავებული დეფინიცია არსებობს).

1. მაგალითად, სტრესის ადრეული მკვლევრის, ჰანს სელიეს (1976) თანახმად, პირველ რიგში, სტრესი არის ფიზიოლოგიური რეაქცია განსაზღვრულ საფრთხისშემცველ გარემო ფაქტორზე. მისი აზრით, სამუშაო სტრესი უბრალოდ დაკავშირებულია სტრესთან, რომელიც სამუშაო პირობებში, გარემოში არსებული ფაქტორებითაა გამოწვეული.

2. ფსიქოლოგი ჯონ ფრენჩი და მისი კოლეგები სამუშაო სტრესს განმარტავენ, როგორც პიროვნების უნარებსა და შესაძლებლობებსა და სამუშაოს მოთხოვნებსა და სამუშაო ადგილს შორის შეუსაბამობის შედეგს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასაქმებული, რომელსაც კონკრეტული სამსახურისთვის საჭირო კვალიფიკაცია არ გააჩნია, იგრძნობს ძალიან დიდ სტრესს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც კომპიუტერული სისტემების გამოყენებით ხალხთან კომუნიკაციის გამოცდილება არ აქვს და ის აიყვანეს სამსახურში კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე. ის დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ მოეთხოვება სხვადასხვა სოცალური ქსელების მართვა, რომლის ცოდნაც, სამწუხაროდ, არ გააჩნია და დაისტრესება.

3. რაც შეეხება რიჩარდ ლაზარუსს, მისი „ტრანსაქციული“ ხედვიდან გამომდინარე, იგი სტრესს განმარტავს, როგორც მომუშავის აღქმის შედეგს ანუ გარკვეული გარემო ფაქტორი რამდენად არის საფრთხისშემცველი ან გამომწვევი კონკრეტული პიროვნებისითვის და მისი აზრით, რამდენად შეუძლია ამ საფრთხესთან გამკლავება. ლაზარუსის მიხედვით, ორმა ადამიანმა ერთსა და იმავე სიტუაციას შესაძლოა სხვადასხვა ინტერპრეტაცია გაუკეთოს, ერთმა ის შეიძლება სტრესულად აღიქვას, მეორემ კი-არა.

ჩვენ ახლა განვიხილეთ სამუშაო სტრესის სამი განსხვავებული დეფინიცია, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რაც მათ აერთიანებთ:
1. სამივე მათგანი, სამუშაო სტრესს განიხილავს პიროვნებასა და გარემო ფაქტორს/სტრესორს შორის ინტერაქციის კუთხით;
2. სამივე დეფინიცია ყურადღებას ამახვილებს, რომ სტრესი ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური რეაქციაა სტრესურ მოვლენაზე;
3. სამივე მათგანი სამუშაო სტრესს განსაზღვრავს, როგორც საფრთხისშემცველად აღქმულ მოვლენაზე საპასუხო რეაქციას.


თეორიული ჩარჩო
არსებობს სამუშაო სტრესის ტრანსაქციული, ინტერაქციული და ფიზიოლოგიური თეორიები. ტრანსაქციულ თეორიას მოკლედ უკვე შევეხეთ დეფინიციების განხილვისას. ლაზარუსი ამ თეორიის მიხედვით განიხილავს, თუ რამდენად შეუძლია მომუშავეს, აღიქვას აწმყოში მიმდინარე მოვლენები და იწინასწარმეტყველოს შესაძლო საფრთხეები. ტრანსაქციული თეორიისგან განსხვავებით, სადაც პიროვნული შეხედულებები აყალიბებს სტრესის დონეს, ინტერაქციული მიდგომები აქცენტს აკეთებს გარემო სტიმულებისა და სტრესის გამომწვევ ინდივიდუალური რეაქციების ურთიერთკავშირზე (Lazarus and Launier 1978). განვიხილოთ ინტერაქციული თეორიის რამდენიმე მოდელი დეტალურად.

მაგალითად, ძალისხმევა-ჯილდოს დისბალანსის თეორიის მიხედვით, სამუშაოზე დახარჯული ძალისხმევა დაფუძნებულია ნორმალურ სოციალურ ორმხრივობაზე, სადაც სამუშაოსთვის გაწეული ძალისხმევა ანაზღაურდება ჯილდოთი და სხვა შესაძლებლობებით (Siegrist 1996). ამ ორმხრივობის დისბალანსმა შესაძლოა გამოიწვიოს სტრესი ან დისტრესი.

პიროვნება-გარემოს მორგების თეორია გვთავაზობს იდეას, რომ სამუშაოსთან
დაკავშირებული სტრესი მოდის ინდივიდის უნარების, შესაძლებლობებისა და ცოდნის სამუშაოს მოთხოვნებთან შეუთავსებლობით. (Caplan 1987, French, Caplan and Van Harrison 1982). აქედან გამომდინარე, ინტერაქცია შეიძლება მოხდეს ობიექტურ რეალობასა და სუბიექტურ აღქმებს შორის და ასევე გარემოს მოთხოვნებსა და ინდივიდის შესაძლებლობებს შორის. მაგალითად, განსაკუთრებით დიდი სტრესი შეიძლება განიცადოს ადამიანმა, რომელსაც ცუდი ორგანიზაციული უნარები აქვს, მაგრამ პროექტის მენეჯერად მუშაობს (ანუ
როცა სამუშაო მოთხოვნები აჭარბებს ადამიანის შესაძლებლობებს) ანდაც პირიქით, ადამიანმა, რომელიც კარგი დიპლომატია, მაგრამ სწრაფი კვების ობიექტში მოლარედ მუშაობს (ანუ რიცა ადამიანის შესაძლებლობები აჭარბებს სამუშაო მოთხოვნებს) ამ უკანასკნელ შემთხვევაში პიროვნება განიცდის ფრუსტრაციას და კარგავს შრომით მოტივაციას, რადგან აღარ აქვს თვითგანვითარების იმედი.

კუპერისა და პალმერის მოდელს (ფიზიოლოგიური) რაც შეეხება, იგი განიხილავს არა ერთი ინდივიდის მიერ განცდილ სტრესს, არამედ მთლიანი ორგანიზაციისას. ანუ როდესაც ბევრი თანამშრომელი ერთნაირ სტრესორებზე ერთნაირად რეაგირებს და ორგანიზაცია ხდება დისფუნქციური. ეს მოდელი შეისწავლის სტრესთან დაკავშირებულ „საფრთხეებს“ და სტრესის წყაროებს, რომლებიც სამუშაო ადგილებში აქვთ თანამშრომლებს. ამ მოდელს სხვებისგან გამოარჩევს ის ფაქტი, რომ სტრესის შედეგები აისახება როგორც პიროვნების
ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ორგანიზაციის საერთო მოგებაზე, ფინანსურ ზარალსა და პროდუქტულობაზე.image


0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ლია ყველიაშვილი
ლია ყველიაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0