x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კონფლიქტი, როგორც ურთიერთობების გაუმჯობესების საშუალება
image

შეუძლია თუ არა კონფლიქტს გააუმჯობესოს პიროვნებათშორისი ურთიერთობები?ჩვენ სწორედ ამ კითხვაზე გაცემთ პასუხს სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომზე დაყრდნობით.უპირველეს ყოვლისა, განვმარტოთ ინტერპერსონალური კონფლიქტი, ის წარმოადგენს უთანხმოებას ან დისჰარმონიას ადამიანებს შორის, რომერლთაც განსხავებული მიზნები, ღირებულებები ან ატიტუდები აქვთ( APA Dictionary of Psychology)ინტერპერსონალური ურთიერთობებში კი იგულისხმება ნებისმიერი ახლო კავშირი ან ნაცნობობა ორ ადამიანს/ადამიანებს შორის, რომელიც შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან ხანგრძლივი.შესაბამისად, პიროვნებათშორისი კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ ან მეტ ადამიანს შორის, მაგალითად მეგობრებს, ოჯახის წევრებს, შეყვარებულებს, თანამშრომლებს, ნათესავებს და სხვათა შორის.აღსანიშნავია, რომ ურთიერთდამოკიდებულება ორ ადამიანს შორის მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ მათ შორის კონფლიქტი მეტად ალბათური იყოს (Burgess, 1979).კონფლიქტს შესაძლოა მოჰყვეს, როგორც დადებითი ისე უარყოფითი შედეგები ინტერპერსონასლურ ურთიერთობაში, თუმცა ჩვენ ძირითადად განვიხილავთ მის დადებით შედეგებს, რადგან უნდა წარმოვადგინოთ კონფლიქტი, როგორც ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესების საშუალება.

კონფლიქტის ერთ-ერთ დადებით შედეგს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ადამიანი პრობლემურ სიტუაციაზე მეტად ფიქრობს, ცდილობს მის გადაჭრას, თუ კონფლიქტი არ წარმოიშვა შესაძლოა ამ პრობლემაზე არც კი იფიქროს, ან თავი აარიდოს მას.თუ კონფლიქტის გადაჭრის ეფექტურ გზას გამოვიყენებთ ამან ურთიერთობა შესაძლოა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.რადგან, როდესაც ადამიანი ცდილობს ურთიერთობაში წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარებას, ეს იმაზე მეტყველებს რომ ეს ურთიერთობა მისთვის ღირებულია, არ სურს ამ ურთიერთობის გაწყვეტა(ნანა სუმბაძე ; თამარ მახარაძე, 2010).როგორც აღვნიშნეთ, იმ შემთხვევაში შეიძლება გაუმჯობესდეს ურთიერთობა კონფლიქტური სიტუაციის გავლენით, თუ ის დაიძლევა ეფექტური სტრატეგიებით.აუცილებელია განვიხილოთ კონფლიქტის გადაჭრის ძირითადი სტრატეგიები, რათა განვსაზღვროთ რომელი უფრო ეფექტურია, შესაბამისად რომელი მოგვიტანს მეტ სარგებელს, ვიდრე დანახარჯს ინტერპერსონალურ ურთიერთობაში. ძირითადი სტრატეგიებია: „1)მოგება-წაგება, მოგება-მოგება ;2) თავის არიდება-აქტიური კონფრონტაცია;3)იძულება-საუბარი; 4)დადებითი იმიჯის შენარჩუნება-დადებითი იმიჯის დაკარგვა და 5)ვერბალური აგრესია-არგუმენტაცია“(ნანა სუმბაძე ; თამარ მახარაძე, 2010)მათ შორის ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა მოგება-მოგება, რადგან ამ დროს ორივე მხარე მოგებულია, თუმდაც მცირედი სარგებელი რომ იყოს მაინც არ რჩება არც ერთი მხარე უკმაყოფილო, რადგან მათ განცდა აქვთ იმისა, რომ პრობლემა გადაჭრილია, მიაღწიეს კონსენსუსს.თავის არიდების ტექნიკა კი გულისხმობს, კონფლიქტისადმი განრიდებას, ასე ვთქვათ „ბრძლოა და გაქცევის“ სტრატეგიიდან გაქცევის არჩევას.ამ სტრატეგიის ხშირი გამოყენება უარყოფითად შეიძლება აისახოს ურთიერთობით კმაყოფილებაზე, რადგან ამ დროს მუდმივად ვაიგნორებთ პრობლემას.თუმცა ეს სტრატეგია შეიძლება ეფექტური იყოს დროებით, აფექტის მდგომარეობის განსამუხტად.საერთო ჯამში კი, უმჯობესია პრობლემას არ გავექცეთ და აქტიურარ ჩავერთოთ მის მოგვარებაში, ანუ გამოვიყენოთ აქტიური კონფრონტაცია.ასევე არაეფექტურია გამოვიყენოთ იძულება, ვმანიპულირებდეთ ჩვენი ძალებით, მაგალითად გამოვიყენოთ მუქარა.ცხადია, აღნიშნული სტრატეგია ვერ გააუმჯობესებს ურთიერთობას, ამ გზის გამოყენება პრობლემის ხელოვნური გადაწყვეტა იქნება, შესაბამისად ვერ ექნება დადებითი გავლენა ურთიერთობაზე.საუბრის ტექნიკა კი იძულების საუკეთესო ალტერნატივაა, თუმცა როცა ესკალაციას აქვს ადგილი ეს ძალიან რთულია.კონფლიქტურ სიტუაციაში მოწინააღმდეგისადმი ემპათია, გულახდილობა, პოზიტიური დამოკიდებულება კონფლიქტის ეფექტურად გადაჭრის საშუალებას იძლევა, შესაბამისად ურთიერთობასაც საფრთე არ ექმნება.ასევე არაეფექტურ სტრატეგიაა ოპონენტის დადებითი იმიჯის დაკარგვვა, მაგალითად, მისი დადანაშაულება, ამ დროს ძირითადად პრობლემის გადაჭრა არ ხდება, უბრალოდ სხვა რამეზე გადაგვაქვს ყურადგების ფოკუსი, რასაც სავარაუდოდ უკმაყოფილება და კონფლიქტის გამწვავება მოჰყვება.პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება კი, კონფლიქტის გადაჭრისთვის და ურთიერთობაში დაძაბულობის განმუხტვისთვის ეფექტური სტრატეგიაა.მაშინაც კი თუ ჩვენ მოწინააღნდეგეს მოვუგებთ პაექრობაში, მაგრამ მის იმიჯს ზიანს არ მივაყენებთ ეს ნაკლებ დაძაბულობას გამოიწვევს.ასევე არაპროდუქტიული გზაა ვერბალური აგრესიის გამოყენება, ამ დროს ფსქოლოგიურ ზიანს ვაყენებთ მოწინააღმდეგეს, რადგან პიროვნულად შეურაცვყოფთ, მაგალითად, ვაკნინებთ მის უნარებს, გარეგნობას, პიროვნულ თვისებებსა და სხვა.ეს კი კონფლიქტს ამწვავებს, ურთიერთობაზე კი ლოგიკურია უარყოფითად აისახება.მისი ალტერნატიული გზაა არგუმენტაცია, ამ დროს ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი პოზიცია ლოგიკური არგუმენტებით, ფაქტებით, მეტი ვიმსჯელოთ პრობლემაზე, ვიდრე ჩვენს ოპონენტის დამცირებასა და შეურაცხყოფაზე(ნანა სუმბაძე ; თამარ მახარაძე, 2010).აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ურთიერთობის შენარჩუნებასა და შეიძლება ითქვას გაუმჯობესებაშიც კი, მნიშვნელოვანი როლი აქვს კონფლიქტის ეფექტური სტრატეგიებით დაძლევას მათ შორისაა:მოგება-მოგება სტრატეგია, საუბარი(იძულების ნაცვლად), ოპონენტის დადებითი იმიჯის შენარჩუნება და არგუმენტაცია(ვერბალური აგრესიის ნაცვლად).ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონფლიქტი ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ხელშემწყობი ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის, თუ მას ეფექტური გზებით გადავჭრით, წინააღმდეგ შემთხვევაში დამანგრეველი ეფექტი ექნება ურთიერთობისთვის.


ჯონსონმა და როლოფმა(1998) აღმოაჩინეს, რომ პრობლემების გადაჭრის, ანუ კონფლიქტების მოგვარების უნარი, პოზოტიურადაა დაკავშირებული ურთიერთობით კმაყოფილებასთან(Samp, 2017).აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ურთიერთობები, რომლებშიც ჩართული ადამიანები გამოირჩევიან პრობლემების გადაჭრის უნარიანობით, ეფექტურად უმკლავდებიან კონფლიქტებს, მეტია მათი ურთიერთობით კმაყოფილების დონე, რაც თავისმხრივ ურთიერთობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.ვფიქრობ, აქ ნამდვილად იკვეთება ეფექტურად დაძლეული კონფლიქტების დადებითი როლი ურთიერთობის გაუმჯობესებაში.ასევე ჯონსონმა და კოლეგებმა (2011) იკვლიეს რამდენიმე ცვლადი, რომლებიც დაკავშირებული იყო ურთიერთობისგან მიღებულ ზიანთან, მათ შორის იყო კონფლიქტის ტიპი.აღმოჩნდა, რომ პიროვნულ საკითხებთან(რომელიც მოიცავს პიროვნებიდან წამოსულ, შინაგან პრობლემებს)დაკავშირებულ კონფლიქტებს თუ ახლავს თან მისი გადაჭრისუნარიანობის უარყოფითი აღქმა, ანუ არ თვლიან რომ შეუძლიათ წარმატებით გადაჭრან ეს კონფლიქტი, მაღალია ურთიერთობით მიღებული ზიანი, ვიდრე იმ შემთხვევაში როცა მათი თვითეფექტურობა მოცემულ სიტუაციაში მაღალია, თვლიან რომ კონფლიქტს წარმატებით დაძლევენ.ასევე აღმოჩნდა რომ პიროვნულ საკითხებთან დაკავშირებული კონფლიქტების გადაჭრის დაბალი თვითეფექტურობა მეტად დამანგრეველი იყო ურთიერთობებისთვის, ვიდრე საჯარო(გარემოდან წამოსული პრობლემების)საკითხებთან დაკავშირებული კონფლიქტების შემთხვევაში( Samp, 2017).მაშასადამე, თუ მეგობრებს, შეყვარებულებს, ცოლ-ქმარს თუ სხვა ტიპის ურთიერთობებში ჩართულ ადამიანებს მაღალი თვითეფექტურობა აქვთ ურთიერთობაში წარმოქმნილი კონფლიქტების გადაჭრისას, მათი ურთიერთობა წესით კონფლიქტებმა არ უნდა დააზიანოს, მეტიც, ჩემი აზრით, ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთობის გაუმჯობესებას, რადგან მათ აქვთ რწმენა იმისა, რომ ერთობლივად შეუძლიათ დაძლიონ ის პრობლემები, რაც ურთიერთობის განმავლობაში წარმოიშვება.


კონფლიქტების კიდევ ერთი დადებითი მხარედ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში შეიძლება ჩაითვალოს, ის ფაქტი, რომ ჩვენ კონფლიქტურ სიტუაციაში უფრო მეტად ვხვდებით, რამდენად ღირებულია ეს ურთიერთობა მეორე მხარისთვის, თუ ის თავს არიდებს კონფლიქტებს, გულგრილია ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების მიმართ, არ ცდილობს მათ მოგვარებაზე იზრუნოს, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მისთვის ეს ურთიერთობა ზედაპირულია და ნაკლებად ფასეული.შეიძლება ითქვას კონფლიქტი გვაძლევს ადამიანის გამოცდის საშუალებას, მისი ერთგულების, ურთიერთობისადმი დამოკიდებულებების უკეთ დანახვაში გვეხმარება.თავისმხრივ კონფლიქტები კი არ ანგრევს ურთიერთობას, არამედ მათი დაიგნორება და დროულად არ გადაჭრა, ანაც არაეფექტური გზებით გადაჭრა. „ჯონ გოტმანის კლევა აჩვენებს, რომ 2/3 პარტნიორთა პრობლემებისა არასდროს არ იძლევა, თუმცა წარმატებულ წყვილების შემთხვევაში განსხვავება ისაა, რომ ისინი სწავლობენ პრობლემების შესახებ საუბარს, ერთმანეთის დადანაშაულების“(ოპონენტის იმიჯის დაკარგვის სტრატეგია)გარეშე(Tarakovsky, 2018)


კონფლიქტებმა შესაძლოა არ მოახდინოს დადებითი გავლენა ურთიერთობაზე, ამ ურთიერთობაში მეგობრები იქნებიან, ოჯახის წევრები, თუ შეყვარებულები, როცა კონფლიქტის წამოჭრა ძირითადად ერთი მხარის მიერ ხორციელდება.ამ შემთხვევაში შესაძლოა პასიურ მხარეს პროტესტი გაუჩნდეს რადგან მისი მეგობარი, შეყვარებული, თუ ნათესავი მუდმივად იწყებს კონფლიქტს.ერთ-ერთი კვლევა, რომელიც წარმოდგენილია წიგნში „ინტერპერსონალური კონფლიქტი ახლო ურთიერთობებში:კონტექსტი, გაამოწვევები და შესაძლებლობები“ აჩვენებს, რომ განმეორებადი, ეპიზოდური კონფლიქტების შემთხვევაში თუ დრო და დრო ორივე პარტნიორი იწყებს კონფლიქტს, ურთიერთობით მიღებული კმაყოფილების დონე მაღალია.რადგან ორივე აქტიურადაა ჩართული კონფლიქტების მოგვარებაში, ეს კი ზრდის წყვილის თვითეფექტურობას პრობლემების გადაჭრისადმი( Samp, 2017)


ვფიქრობ, სოციალური გაცვლის თეორია აუცილებელია გავითვალისწინოთ პიროვნებათშორისი კონფლიქტის ავკარგიანობის განხილვისას, სოციალური გაცვლის თეორია გულისხმობს, რომ ურთიერთობებში ჩვენ ვიყენებთ რეციპროკული მიგების ნორმას, ანუ რა რესურსსაც ვდებთ ურთიერთობაში ანალოგიურად მოველით მეორე მხარისგანაც.თუ ეს ნორმა ირღვევა ურთიერთობას საფრთხე ემუქრება.ჩვენ მუდმივად „ვზომავთ“ რამდენი გავეცით და რამდენი მივიღეთ ამა თუ იმ ურთიერთობისაგან, ურთიერთობა რომ წარმატებული იყოს უნდა იყოს აღნიშნული ნორმა დაცული. „ეს თეორია ძლიან ჰგავს თანასწორობის თეორიას(equity theory), რომელიც გულისხმობს, რომ ადამაინები ეძებენ სამართლიანობას სოციალურ ურთიერთობებში და სამართლიანობა არსებობს მაშინ, როცა თითოეული მხარეს ურთიერთობაში აქვს მსგავსი პროპორცია სარგებლისა და დანახარჯების“( APA Dictionary of Psychology)ახლა კი განვიხილოთ კონფლიქტი სოციალური გაცვლის თეორიის საფუძველზე.კონფლიქტი სტერეოტიპულად უმეტესად დანახარჯებათან ასოცირდება, შესაბამისად კონფლიქტის გადაჭრაში ორივე მხარე უნდა დებდეს დაახლოებით თანაბარ რესურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეორიის მიხედვით, შესაძლოა დანახარჯთა ბალანსი დაირღვეს და ამ შემთხვევაში კონფლიქტს ნამდვილად უარყოფითი შედეგი უნდა ჰქონდეს.თუმცა თუ ორივე მხარე თანაბარ რესურს და დროს დებს კონფლიქტების, ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში, რეციპროკულობის ნორმა არ დაირღვევა, შესაბამისად, ურთიერთობას საფრთხე არ უნდა დაემუქროს.ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონფლიქტის წარმატებით გადაჭრის შემდეგ, ამ შემთხვევაში როცა ორივე მხარემ ჩადო რესურსი, დიდი ალბათობით, ეს ორივესთვის დამაჯილდოებელი, სარგებელი უნდა იყოს, რადგან მათ პრობლემა წარმატებით დაძლიეს, აქ თვითეფექტურობის თეორიის გაჟღერებაც არ უნდა იყოს ურიგო, რადგან წარმატებით პრობლემების, კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ამ ურთიერთობის წარმომადგენლებს შესაძლოა თვითეფექტურობა აუმაღლდეთ, რაც თავისმხრივ, დადებითად აისახება მომავალში წარმოქმნილი სხვა კონფლიქტის მოგვარებაზე.


ზემოთ განხილულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემდეგ აზრზე შეიძლება შევთანხმდეთ, კონფლიქტს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ურთიერთობებზე, შეუწყოს მათ გაომჯობესებას ხელი, მაგალითად გვაძლევს საშუალებას მეტი ინფორმაცია მივიყოთ მეორე მხარის დამოკიდებულებების შესახებ ამ ურთიერთობისადმი, ასევე გაზარდოს ჩვენი თვითეფექტურობა, რადგან წარმატებით ვუმკლავდებით ურთიერთობაში წარმოქმნილ კონფლიქტებს, პრობლემებს.თუმცა ამ დადებით გავლენას თავისი საზღვრები და პირობები აქვს, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია: 1)კონფლიქტი დადებითად აისახება ინტერპერსონალურ ურთიერთობაზე თუ ეფექტური სტრატეგიებით დაიძლევა, მაგალითად :მოგება-მოგება სტრატეგია, საუბარი(იძულების ნაცვლად), ოპონენტის დადებითი იმიჯის შენარჩუნება და არგუმენტაცია(ვერბალური აგრესიის ნაცვლად). 2)თუ ურთიერთობაში ჩართულ მხარეებს მაღალი თვითეფექტურობა აქვთ იმისა, რომ ურთიერთობაში წარმოქმნილი კონფლიქტების წარმატებით დაძლევა შეუძლიათ. 3)ასევე თუ დაცულია რეციპროკული მიგების ნორმა, თუ მუდმივად ერთი მხარე ზრუნავს კონფლიქტების, პრობლემის მოგვარებაზე და მუდმივად თვითონ მიდის კომპრომისზე კონფლიქტს შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ურთიერთობაზე.შესაძლოა მეტი პირობა არსებობდეს გარდა ჩამოთვლილი სამისა, თუმცა ჩვენს მიერ განხილულ სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით მხოლოდ ამ დასკვნების გამოტანა შეგვიძლია.




გამოყენებული ლიტერატურა


  • Burgess, R. L. (1979). Social exchange in developing relationships. New York: Academic Press. doi:https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=OHeLBQAAQBAJ&oi=fnd&pg=PP1&dq=social+exchange+in+
  • ნანა სუმბაძე, თამარ მახარაძე. (2010). ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო). თბილისი: ეროვნული სასწალო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.
  • Dictionary of Psychology - American Psychological Association. (n.d.). Retrieved May 22, 2020, from https://dictionary.apa.org/interpersonal-conflict
  • Samp, J. A. (2017). Communicating interpersonal conflict in close relationships: Contexts, challenges, and opportunities. New York: Routledge, Taylor & Francis Group. doi:https://b-ok.cc/book/2764624/695f52

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:ხოხიაშვილი ნინო
ხოხიაშვილი ნინო
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0