x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
კრეატიულობა: მისი კვლევისა და შეფასების მეთოდები

კრეატიულობა


კრეატიულობა წარმოადგენს პრობლემის გარკვეულ ტიპებზე მუშაობის შედეგს (Mumford, Hester, & Robledo, 2012). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენს სამყაროში მრავალი პრობლემა არსებობს და ყველა ეს პრობლემა კრეატიულ აზროვნებას არ იწვევს. პრობლემის კრეატიულად გადაწყვეტისას გამოყოფენ მისი შეფასების 4 ძირითად ტიპს: 1. პროდუქტი; 2. შესრულება. 3. ქცევა; 4. შედეგების საზომები.

პროდუქტების საზომები ემყარება კრეატიულობისა და ინოვაციის შეფასებას იმ პრობლემის სპეციფიკურ გადაწყვეტაზე, რომელიც კრეატიული აზროვნებისაკენ მოუწოდებს ადამიანს. Redmond, Mumford და Teach-მა (1993), კრეატიულობაზე ლიდერების გავლენის შესახებ თავიანთ კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს ახალი პროდუქტის 3-D ჰოლოგრაფიული ტელევიზიის შექმნის გეგმა და ამ გეგმების მიხედვით შეფასდა მათი კრეატიულობა. ანალოგიურად Scott, Lonergan და Mumford-მა (2005) კონცეპტუალური კომბინაციის შესწავლისას მონაწილეებს სთხოვეს ექსპერიმენტული სკოლის ორგანიზებისათვის გეგმების შედგენა. სხვა მსგავს კვლევაში Rostan-მა (2006) შეაფასა ვიზუალური მხატვრების მიერ შექმნილი ნახატები.

კრეატიულობის საფუძველზე ჩატარებული კვლევები საინტერესო და მიმზიდველია რადგან ფასდება ფაქტობრივი პროდუქტი. ამასთან ამ გამოკვლევებში ორი ძირითადი საკითხი უნდა იყოს განხილული. 1. კრეატიულობის შესაფასებლად გამოყენებული ატრიბუტები; 2. ვინ აფასებს ამ ატრიბუტებს.


კრეატიულობის შეფასებისას გამოყენებული ატრიბუტების დასადგენად Besemer (1998) და Besemer and O'Quin (1999) მიიღეს დიზაინის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები რის შედეგადაც მიღებული ნამუშევრები შეფასდა კრეატიულობის მრავალი ატრიბუტით (მაგ. ორიგინალური, გასაოცარი, სასარგებლო, კარგად შემუშავებული, გასაგები). ამ ფაქტორებმა განაპირობა სამი ძირითადი ფაქტორის განსაზღვრა: 1. ორიგინალურობა (ორიგინალური, გასაკვირი); 2.ხარისხი (ლოგიკური, სასარგებლო); 3 ელეგანტურობა (ორგანული, კარგად გაფორმებული). ამ ფაქტორების შესაბამისად, კრეატიული პროდუქციის შეფასებისას იკვლევენ პროდუქტის ხარისხს, ორიგინალურობასა და ელეგანტურობას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ელემენტები ქმნის იმ ატრიბუტებს, რომლითაც კრეატიულობა უნდა შეფასდეს, აუცილებელია შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვინ უნდა შეაფასოს ეს ატრიბუტები? Baer, Kaufman, და Gentile-მა (2004) იკვლიეს მე-8 კლასის მოსწავლეთა ნაშრომების (მოთხრობების, ლექსების, ჩანახატების) შემფასებელთა შეთანხმაბულობა (რამდენად ერთგვაროვნად აფასებდნენ ნაშრომებს). შემფასებლები იყვნენ 13 ექსპერტი ადამიანი, მათ შორის იყვნენ კრეატიული მწერლებიც. მიღებულმა შედეგებმა კრეატიული პროდუქტის (ნაშრომების) შეფასებისას გამოავლინა ექსპერტებს შორის შეთანხმების მაღალი დონე.

კრეატიულობის შესწავლისას საყურადღებოა შესრულების ატრიბუტი, რომელიც არ ცდილობს სრულყოფილი კრეატიული პროდუქტის შეფასებას. ამის ნაცვლად შესრულების ატრიბუტის შესწავლაში შეფასებულია სამუშაოს შესრულების ის ასპექტი, რომელიც კრეატიულობის ნიშანს ან შემოქმედებით პოტენციალს წარმოადგენს. ამრიგად, დივერგენტული აზროვნების ტესტებზე ადამიანებს სთხოვენ მრავალი პასუხი გასცენ ცუდად განსაზღვრულ პრობლემაზე (მაგ. რისი ტოლი იქნება გრავიტაციის ნახევარი.)

კრეატიულობის ქცევითი საზომები აფასებს ხალხის მიერ შესრულებულ მოქმედებებს კრეატიული პროდუქტის შექმნისას. შეფასების საფუძველს წარმოადგენს სიხშირე ან ინტენსივობა, რომლითაც ადამიანები აჩვენებენ პრობლემის გადაჭრისას კრეატიული აზროვნების გამომწვევ ქცევებს. ამრიგად, შესაფასებელი კითხვები შეიძლება იყოს შემდეგნაირი: რამდენად ხშირად ხართ კარგი კრეატიული იდეების წყარო? ან სთავაზობთ/იყენებთ თუ არა დავალებების შესრულების ახალ გზებს?

კრეატიულობა სხვა ფენომენებისაგან იმით განსხვავდება, რომ შემოქმედებითი ძალისხმევის შედეგად შექმნილი პროდუქტები სამყაროს დოკუმენტურ წყაროებში აღირიცხება. უფრო მეტიც, ამ პროდუქტებს აფასებენ იმ დარგის წევრები, რომელსაც ეკუთვნის შექმნილი პროდუქტი ან უფრო ფართო სოციოკულტურული ინსტიტუტები. ამრიგად, შედეგის საზომები ხშირადაა კრეატიულობის შეფასების საფუძველი. ამის მიხედვით, Root-Bernstein, Berstein, და Garnier-მა (1995) გამოავლინეს კრეატიული მეცნიერები იმის საფუძველზე, იყვნენ თუ არა ნობელის პრემიით დაჯილდოვებულნი.

კრეატიულობაზე მუშაობისას აუცილებელია მისი კვლევის მეთოდების განსაზღვრა. შესაბამისად გამოიყოფა რამდენიმე სახის კვლევები, რომლებსაც განვიხილავთ.

თვისებრივი კვლევები ყურადღებას ამახვილებს კონკრეტული კრეატიული პროდუქტის ან პროდუქტთა ნაკრების სიღრმისეულ დაკვირვებაზე. თვისებრივი კვლევები იწყება პროდუქტის კრეატიულობის შეფასებით.

ასევე აღსანიშნავია ისტორიოგრაფიული კვლევები, რომელიც წარმოადგენს თვალსაჩინო მიღწევების ახსნის მცდელობას. ტერმინს “მიღწევა“ ამ კვლევებთან დაკავშირებით გარკვეული მნიშვნელობა აქვს, რადგან კრეატიული მუშაობის შედეგების საზომებს განიხილავს, როგორც ინტერესზე დამოკიდებულ ცვლადს. ამრიგად მეცნიერებათა შემოქმედების ისტორიოგრაფიული კვლევები ხშირად ფოკუსირდება პუბლიკაციებზე და სანიმუშო ჯილდოებზე. რა თქმა უნდა, ისტორიოგრაფიული კვლევების ღირებულება დამოკიდებულია შედეგების ღირებულებაზე, რომელიც კრეატიული მიღწევის საზომად გამოიყენება.

ტერმინი გამოკითხვა (კვლევა), აქ გამოყენებული მნიშვნელობის მიხედვით გულისხმობს ხალხის შეფასებებს საკუთარი ან სხვათა ქცევების შესახებ. განსხვავებით თვისობრივი და ისტორიოგრაფიული კვლევებისა, რომლებიც კრეატიული პროდუქციის წარმოებაზე ან კრეატიული მუშაობის შედეგებზეა მიმართული, გამოკითხვის კვლევები არ არის დაკავშირებული კონკრეტული ტიპის კრიტერიალურ საზომთან.

თვისებრივი, ისტორიოგრაფიული და გამოკითხვის კვლევებისგან განსხვავებით, ფსიქომეტრული კვლევები მხოლოდ ინდივიდუალური დონის მოვლენებზეა ფოკუსირებული, ფსიქომეტრიული კვლევები, ემყარება ტესტებს, რომლებიც მიზნად ისახავს კრეატიულ აზროვნებასთან დაკავშირებული შესრულების ატრიბუტების შეფასებას. ეს ტესტები დაფუძნებულია გილფორდის (Guildford, 1950; Merrifield, Guilford, Christensen, & Frick, 1962) დივერგენტული აზროვნების კონცეფციაზე.

ექსპერიმენტული კვლევები, ფსიქომეტრულისგან განსხვავებით, რომლებიც ინდივიდუალური დონის ცვალებადობას აფასებენ, ცდილობენ გამოიწვიონ ცვალებადობა კრეატიულობაში იმ კონტროლირებად პირობებში, რომლებშიც ხდება კრეატიული აზროვნება. ეს მანიპულაციები, რა თქმა უნდა, დროში შეზღუდულა. ამრიგად, ამ კვლევებში შესწავლილი კრეატიულობის საზომები ფოკუსირებულა კრეატიულობის მოკლევადიან მაჩვენებლებზე - პრობლემის კრეატიულად გადაჭრაზე, კრეატიულობის შესრულების ატრიბუტებსა და ქცევებზე.

შეჯამებისას, უნდა ითქვას, რომ მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილი არ არის ყველა ის მეთოდი, რომელიც კრეატიულობის კვლევისას გამოიყენება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ განხილულია ის ძირითად კონსტრუქტები, რომლებიც გამოიყენება კრეატიულობის კვლევისა თუ შეფასების დროს.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიკო კიკრიაშვილი
სოფიკო კიკრიაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0