x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გენდერული იდენტობისა და როლების ფორმირება მოზარდებში
იდენტობა

ტერმინი იდენტობა გულისხმობს პიროვნების ფსიქოლოგიურ წარმოდგენას საკუთარ “მე“-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობითაც, პიროვნება საკუთარ თავს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან აიგივებს (გუგუშვილი, 2016). იდენტობა საკუთარი თავის სრულფასოვანი განცდაა. ყველა ინდივიდი იდენტობის რამდენიმე ასპექტით ხასიათდება: ეთნიკური, ენობრივი, და რელიგიური. იდენტობის ზოგიერთი ასეპექტის ფორმირება უფრო მარტივია. პირველად ფიზიკური და სექსუალური იდენტობა ფორმირდება. თავდაპირველად მოზარდები საკუთარი სხეულით მეტად ინტერესდებიან, ვიდრე პროფესიით ან სხვა იდეოლოგიური ღირებულებებით. ეს ყველაფერი თანდათანობით ყალიბდება.

მნიშვნელოვანი თეორია იდენტობის ფორმირების შესახებ ეკუთვნის ჯეიმს მარსიას (Marcia, 1966), რომელმაც იდენტობის 4 განსხვავებული ტიპი შემოგვთავაზა, იმის მიხედვით თუ რას განიცდის მოზარდი. პირველი, რასაც მარსია აღწერს დიფუზური იდენტობაა (Identity diffusion), რომელიც გულისხმობს, რომ მოზარდები არ ფიქრობენ იდენტობის პრობლემებზე. მათ არ შეუქმნიათ ქცევის საკუთარი სტანდარტები და არ გაუვლიათ გადაფასებისა და ძებნის პროცესები. შემდეგია წინასწარი იდენტობის სტატუსი (Foreclosure), რაც ითვალისწინებს, რომ მოზარდებს არ გადაუტანიათ კრიზისი. ამ დროს მათზე დიდი გავლენა აქვს გარშემომყოფ ადამიანებს, რის გამოც, მოზარდები ხდებიან ისეთები, როგორებიც სხვებს სურთ რომ იყვნენ. მნიშნელოვანი ეტაპია შეფერხება იდენტობაში/მორატორიუმი (moratorium). ამ ეტაპზე მოზაარდები იმას განიცდიან, რასაც ერიქსონი იდენტობის კრიზისს უწოდებს. ისინი იწყებენ კითხვების დასმას და საკუთარი ცხოვრებისეული გზების შესახებ პასუხების ძიებას. ეტაპი, რომელზეც მოზარდი გაივლის იდენტობის კრიზისს, გადალახავს მორატორიუმს და მიდის გარკვეულდასკვნამდე, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, იდენტობის მიღწევის (Identity achievement) სახელით არის ცნობილი.

პირვნების განვითრებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია გენდერული იდენტობის ფორმირება, რაც გულისხმობს იმას, თუ რამდენად გრძნობს ადამიანი ამა თუ იმ სქესთან მიკუთვნებულობას. გენდერული იდენტობა არის ინდივიდის წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც მამაკაცური ან ქალური თვისებების მატარებელზე - ეს მე-კონცეფციის ნაწილია (თანდაშვილი, თ. გ.).


ერიქსონი და სხვა მრავალი ფსიქოლოგი მასზე ადრე თვლიდა, რომ საკუთარი თავის გენდერული იდენტიფიკაცია და გენდერული როლი ერთმანეთთან უშუალო კავშირშია: ადამიანი უბრალოდ აცნობიერებს, რომ მამაკაცი ან ქალია და შესაბამისად იქცევა (ვულფოლკი, 2009), მაგრამ დღესდღეობით ვიცით, რომ ზოგიერთი ინდივიდი საკუთარ გენდერულ იდენტობასთან წინააღმდეგობაშია. კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში, ინდივიდები, რომლებიც ვვერ ახდენენ საკუთარი გენდერის იდენტიფიკავიას, ტრანსექსუალების სახელით არიან ცნობილნი (WHO, 1992). კლინიკურად ისინი APA-ს (American Psychology Association) და WHO-ს (World Health Organization) მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების მიხედვით არიან კატეგორიზებულნი.

გენდერული სტერეოტიპიზაცია ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იწყება. ბავშვები სწავლობენ რომელი სათამაშო “გოგონასია“ და რომელი - “ბიჭის“, როგორი ქცევა “შეეფერება“ გოგოს და როგორი - ბიჭს და სხვ. არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმაზე, თუ რა ახდენს გავლენას გენდერულ სტერეოტიპიზაციასა და გენდერული როლის (კულტურაში არსებული მოლოდინები იმის შესახებ, თუ რა არის შესატყვისი ქცევა კაცისა და ქალისათვის (civil ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2006) ათვისებაზე. ევოლუციური მიდგომის თანახმად მამრობითი სქესის წინაპარი სქესობრივი პარტნიორის გულის მოგებასა და ბრძოლაზე იყო ორიენტირებული, რამაც მათი გენეტიკურად დომინირება გამოიწვია, ქალები კი ხასიათდებიან ინტიმურობითა და თანამშრომლობის უნარით (ბერკი, 2010). თეორიტიკოსები თვლიან, რომ კულტურასა და ოჯახს შეუძლია გენდერული ტიპიზაციის გარკვეული ასპექტების ინტენსივობაზე მოახდინოს გავლენა, თუმცა გამოცდილებას მათი სრულად აღმოფხვრა არ შეუძლია.

მოზარდებისათვის ყველაზე რთულ ამოცანას იდენტობის ფორმირება წარმოადგენს. ამ დროს რთულია იმ კითხვებზე პასუხის გაცემა როგორიცაა: ვინ ვარ მე? რა მსურს? რა შემიძლია? რა ადგილი მაქვს საზოგადოებაში? მოზარდთა იდენტობის ჩამოყალიბება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე დინამიკური პროცესის საფუძველია რომელიც აერთიანებს პიროვნებასა და კონტექსტს. იდენტობის ჩამოყალიბება მოზარდის მიერ რამდენიმე ცხოვრებისეული არჩევნის გაკეთებას გულისხმობს, როგორებიცაა: პროფესიის არჩევა, რელიგიური, მორალური თუ პოლიტიკური ღირებულების არჩევანი.

მოზარდობის ასაკს თან ახლავს სქესის ინტენსიფიკაცია - გენდერულად სტერეოტიპული განწყობისა და ქცევების მომატება და უფრო ტრადიციული გენდერული იდენტურობისკენ სვლა (ბერკი, 2010). გენდერული ინტენსიფიკაცია ორივე სქესში შეინიშნება, თუმცა უფრო ძლიერად ადრეული მოზარდობის ასაკის გოგონებში ვხვდებით, რომლებიც შუა ბავშვობაში უფრო ანდროგინულნი იყვნენ. ამ ასაკში გოგონები საკუთარ თავს აღარ აძლევენ უფლებას სხვა გენდერის შესაბამისი ქცევა შეასრულონ (Huston & Alvarez, 1990). გენდერული ინტენსიფიკაციის პროცესში ჩართულია ბიოლოგიური, სოციალური და კოგნიტური ფაქტორები (ბერკი, 2010). იმ გარეგნული ნიშნების გამო, რაც მოზარდობის ასაკში იკვეთება, ისინი უფრო მეტად ფიქრობენ საკუთარ თავზე გენდერული კუთხით. მოზარდებისთვის სხვების აზრი უფრო მნიშვნელოვანი ხდება პიროვნული იდენტურობისკენ სვლის პროცესში. ისინი ყურადღებას აქცევენ მშობლების, მასწავლებლების, მეგობრების დამოკიდებულებებს. ამის გამო სოციალური გარემო გადამწყვეტ როლს თამაშობს გენდერული იდენტობის ფორმირებაში. აღსანიშნავია ის პიროვნული თვისებები, რომლებსაც მოზარდებში გენდერული იდენტობა განსაზღვრავს. მასკულინურ და ანდროგენულ (ახასიათებთ როგორც მასკულინური, ისე ფემინური მახასიათებლები) მოზარდებს უფრო დადებითი თვითშეფასება აქვთ ვიდრე ფემინური იდენტობის მქონეებს (ბერკი, 2010).

გენდერული იდენტობა განსაკუთრებით ტრადიციული ხდება ადრე მოზარდობის წლებში, რის შემდეგაც ძლიერი სტერეოტიპული თვითაღქმა მცირდება (ბერკი, 2010).

როგორც წესი, მოზარდები ცდილობენ განსხვავებულად მოიქცენ, რათა შეამცირონ ჩამოუყალიბებელი ან არასრულად ფორმირებული იდენტობისაგან გამოწვეული შფოთვა (მამესწარაშვილი, ბახტაძე, & ბანძელაძე, 2016). ზოგიერთი მათგანი ცდილობს ამ პრობლემას ნარკოტიკებით ან ეგზოტიკურ წვეულებებზე სიარული გაექცეს. ამით ისინი ცდილობენ დროებით დაივიწყონ იდენტობის ძიების საჭიროება. მოზარდმა შეიძლება მიიღოს დროებითი იდენტობა და გახდეს უქნარა, ხულიგანი. ეს კრიზისი შეიძლება გამოიხატოს ვანდალიზმში ან ძალისმიერ სპორტის სახეობებში. ასევე შეიძლება შექმნას უაზრო იდენტობა და მუდმივად ცვალოს საკუთარი ინტერესები. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ურჩევნიათ უაზრო იდენტობის ქონა, ვიდრე მისი არ არსებობა. (მამესწარაშვილი, ბახტაძე, & ბანძელაძე, 2016)

მას შემდეგ, რაც მოზარდი შეძლებს ამ ეტაპს გადალახავს, რასაც ერიქსონი იდენტობის კრიზისს, ხოლო მარსია მორატორიუმს უწოდებს, იგი შეძლებს საკუთარი პიროვნული იდენტობის აღმოჩენას და იმის გაგებას, თუ ვინაა, რისი გაკეთება შეუძლია, და სადაა მისი ადგილი ამ ცხოვრებაში.

ამგვარად, პიროვნებისთვის იდენტობის ფორმირება რთული და ხანგრძლივი პროცესია, და მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს როგორც ბიოლოგიური, ასევე გარემო ფაქტორები. იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გენდერული იდენტობის ფორმირებაა, რაც საკუთარ თავში ქალური ან მამაკაცური საწყისის აღქმას გულისხმობს. გენდერული იდენტობას, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორც ბიოლოგიური, გენეტიკური ფაქტორები, ისე სოციაულური გარემო და კულტურა, რომელშიც მოზარდი იზრდება. ადამიანები ჩვენს გარშემო ყოველდღიურად უამრავ გენდერულ სტერეოტიპულ განცხადებას აკეთებენ (როგორიცაა, მაგალითად, ბიჭის ან გოგოს სათამაშო), რაც, თავისთავად, ბავშვებისა და მოზარდების შეხედულებებზე ახდენს გავლენას და გარკვეულწილად მათი გენდერული იდენტობის ფორმირებასაც განაპირობებს.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიკო კიკრიაშვილი
სოფიკო კიკრიაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0