x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ერთმა მოხუცმა, თავისი ცხოვრების ბოლო წლები ავსტრალიაში, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა.

imageერთმა მოხუცმა, თავისი ცხოვრების ბოლო წლები ავსტრალიაში, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა.გარდაცვალების შემდეგ, მისი ნივთების დალაგებისას, მისმა მომვლელმა ექთანმა ერთი საინტერესო ლექსი იპოვა, რომელმაც ყველა გააოცა თავისი აზრით და სიღრმით.
ვფიქრობ, იგივე პრობლემა ჩვენთანაც აქტუალურია, ამიტომ გთავაზობთ ამ ლექსის ჩემეულ ვარიანტს.

ექთანო- მე შენთვის უბრალო კაცი ვარ,
გამქრალი მზერით და სულელურ იერით,
მოხუცი, პერანგზე წვენი რომ ესხმება
და მუდამ ყველას რომ ჰგონია მშიერი.

რას ფიქრობ, აბა შენ რა იცი რა ხდება,
მიყვირი, უხეშად მისრულებ საწადელს,
გწყინს, ჩემი წუწუნი რომ აღარ მთავრდება,
რომ ვკარგავ წინდებს და ხშირად კი ფეხსაცმელს.

შენ უფლება გაქვს რაც გინდა ისა თქვა,
უხეში სიტყვები გადმომკრა შოლტივით,
აქ წლებმა ტკივილით ბევრჯერ გაიზამთრა,
მე დამრჩა ჭამა და სიკვდილის ლოდინი.

ექთანო- იქნება ჩამხედო თვალებში,
თუ გინდა გაიგო ამ გულში რა ხდება,
ვინა ვარ, აქამდე საიდან დავეშვი,
ამ დღეში უბრალოდ არავინ არ ხვდება.

მე, ასე უსიტყვოდ მორჩილი წესების
და თქვენი განრიგით სადილის მოსურნე,
რას ვფიქრობ ექთანო, ნუთუ შენ ვერ ხვდები,
ნუთუ შენ ჩემს ტკივილს ვერასდროს გაიგებ.

მე ახლა ჯერ კიდევ ის ცხრა წლის ბიჭი ვარ,
მშობლებთან, და- ძმებთან რომ ცხოვრობს ლაღობით,
ან კიდევ ყმაწვილი, თექვსმეტი წლისა ვარ,
ბეჭებზე ფრთებით და ნაადრევ კაცობით.

ყმაწვილი, სატრფოსთან შეხვედრის სურვილით,
დიდი სიყვარულით ზეცამდე ასული,
ცხოვრების, სიცოცხლის უშრეტი წყურვილით,
ახლა კი მცხოვრები მხოლოდღა წარსულით.

ვარ ოცდახუთი წლის, პატარა შვილი მყავს,
რომელიც ჩემს ზრუნვას ჯიუტად იფერებს,
დრო სწრაფად გავიდა, უკვე ორმოცის ვარ
და ფრთხილად შევცქერი შორიდან სიბერეს.

ჩემი ბიჭები დაკაცდნენ ჩემსავით
და სახლი დავტოვეს საკუთარ სურვილით,
მე ორმოცდაათის...ავენთე მზესავით
და მატკბობს ლამაზი სიცოცხლის წყურვილი.

ისევ პატარები ფოფხავენ ფეხებთან,
ვეტრფი შვილიშვილებს, ოცნებით ნაქარგებს,
მალე ჩემს ცხოვრებას ტკივილი ეკვეთა,
ჩემი საყვარელი მეუღლე დავკარგე.

და ჩემში ფარდებად ტკივილი დაეშვა,
ვფიქრობ სიყვარულზე, გაფრენილ წარსულზე,
ვებრძვი ჩემს სხეულში მოწოლილ კაეშანს,
მინდა რომ ცხოვრება სულ მალე დასრულდეს.

უკვე მოხუცი ვარ, ცხოვრება მწარეა,
სიბერე დაგვცინის და გვართმევს იმედებს,
დღე მიდის, შენთვის კი არავის სცალია,
გულწრფელ თანაგრძნობას ვერავინ იმეტებს.

შემხედავ ... და ალბათ სულელიც გგონივარ,
სხეული ნელ-ნელა სისხლისგან იცლება,
მხნეობა გამქრალი უბრალო მძორი ვარ,
დრო მიდის, ჩემთვის კი დღე აღარ იცვლება.

ჩემი სილამაზე მოხუცის ჩონჩხია,
სადაც გული იყო, მგონია ქვა არის,
ჩემი მომავალი - ყინულის ლოდია,
სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.

მომხედე ექთნო, მე ისევ ისა ვარ,
ეს გული იგივე სიცოცხლით ინთება,
ჩემს წასულ სიყვარულს და შვილებს ვფიცავარ,
რომ წლების გაფრენით გული არ იცვლება.

მე მჯერა, ჯიუტად ვიჩემებ ერთ რამეს,
ქვეყნად არაფერი მუდმივი არ არის,
ჩვენ გვინდა, ეს გული ლამაზად ფეთქავდეს,
ერთმანეთს ვარგუნოთ სიცოცხლის წამალი.

ადამიანებო! - ხელი- ხელს ჩასჭიდეთ,
ერთმანეთს თვალებში გონებით ჩაიხედეთ,
იქნება მოხუცზე ერთხელაც დავფიქრდეთ,
ხომ ყველას გვინდა რომ ლამაზად დავბერდეთ.

1
481
3-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
481
  
2021, 2 იანვარი, 22:15
ხომ ყველას გვინდა რომ ლამაზად დავბერდეთ ,,, და ამისათვის რას ვაკეთებთ? - უგულოდ, უსიყვარულოდ ვასრულებთ,( ან არ ვასრულებთ) ჩვენს მოვალეობებს.
0 1 1