x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ჯულიეტა ვაშაყმაძის ეპოქა
image


2002 წელი იყო, ჟურნალ „თბილისელებში“ ვმუშაობდი. ინტერვიუს ჩასაწერად დავურეკე, პორტრეტის მომზადება შევთავაზე. ტელევიზიაში დამპატიჟა. რადგან სტუდენტი ხარ, გადაცემაზე დამესწარი და შემდეგ ვისაუბროთო. იმხანად პირველ არხზე გადიოდა გადაცემა უცნაური სათაურით: „ჩვენი მისამართია“... წამყვანი მოქალაქეთა წერილებს პირდაპირ ეთერში კითხულობდა და ძირითადად სოციალურ პრობლემებს და ავარიული ბინების საკითხს ეხებოდა. გადაცემის რეჟისორი მისივე მეუღლე შალვა გაბუნია იყო. არაერთხელ გამიმეორა, რომ არ უყვარს ინტერვიუები, განსაკუთრებით არ თანამშრომლობს გასართობ ჟურნალებთან და რადგან მე სტუდენტი ვიყავი, ამიტომ მთანხმდებოდა... პირველი არხის შენობა დღემდე ემოციებს აღმიძრავს, მაშინ ეს ემოციები, გასაგები მიზეზების გამო, გაცილებით მძლავრად მქონდა... კამერების უკან დავესწარი პირდაპირ ეთერს. კულისებიდან ვუყურებდი, როგორ უძღვებოდა ოთხი ათეული წლის შემდეგ მისთვის ალბათ მეასიათასე პირდაპირ ეთერს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერებითა და ხმის ტემბრით გამორჩეული სახალხო არტისტი.... ეს მისი ბოლო გადაცემა აღმოჩნდა მის მრავალწლიან კარიერაში.

.
გადაცემის დასრულების შემდეგ სამუშაო ოთახში ავედით და ვისაუბრეთ. წესისამებრ, ინტერვიუს მაქსიმუმ 1 კვირას ვამზადებდი, მაგრამ ამჯერად ურჩმა რესპოდენტმა 3-4 თვე მატარა. როგორც რეპეტიტორი, ისე მომისვამდა მაგიდასთან და ჩემს მიერ დაწერილ მის ინტერვიუს საგულდაგულოდ მისწორებდა, ყველა სიტყვას წონიდა. ინტერესდებოდა, რამდენად სწორად გადმოვეცი მის მიერ ნათქვამი ესა თუ ის წინადადება. განსაკუთრებით პრინციპული მნიშვნელობა მიანიჭა იმას, რა სათაურით დაბეჭდავდა ჟურნალი მის ინტერვიუს. წინასწარ მოითხოვდა, აუცილებლად შემეთანხმებინა სათაური, სხვა შემთხვევაში ინტერვიუს გამოქვეყნების უფლებას არ მაძლევდა. ჩემთვის ასეთი კატეგორიული ტონი უცხო და დამაბნეველი იყო, მაგრამ მომწონდა ის, რომ ამხელა გამოცდილების პირველი ქართველი ტელესახე ცდილობდა საუკეთესო გამოსულიყო ჩემი ნამუშევარი... განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ჩანდა იმაშიც, რომ ის ასე უფრთხილდებოდა წლების მანძილზე ნაშენებ იმიჯს...

.


მისი მესმოდა, მაგრამ მე ჯერ 18 წლის ვიყავი და ახლადფეხადგმულ კორესპონდენტს წინასწარ არავინ მეტყოდა, როგორი სათაურით გამოქვეყნდებოდა სტატია. მითუმეტეს, რომ წინასწარ სავარაუდო სათაურის ათამდე ვარიანტი მზადდებოდა და საბოლოოდ ჟურნალის ფირცლებზე რა სახეს მიიღებდა, ეს ხშირად რედაქტორმაც არ იცოდა.

.
ჯულიეტა ვაშაყმაძის კაბინეტში მრავალთვიანი ვიზიტების შემდეგ საკმაოდ დიდი წერილობითი ინტერვიუ დღის სინათლეზე მაინც ვერ მოხვდა. რამდენიმე წელი ვინახავდი როგორც აუდიო ჩანაწერს, ისე ფურცლებზე თავად ვაშაყმაძის მიერ გადასწორებულ სტრიქონებს, მაგრამ ახლა ისინიც დავკარგე... საბოლოო მიზეზი, რატომ არ გამოქვეყნდა ჩემს მიერ მასთან მომზადებული საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ, დღესაც არ ვიცი, მაგრამ ის კი კარგად მახსოვს, რომ დიდი მოწიწებით ვუსმენდი მის ყველა მოთხოვნასა თუ შენიშვნას. მისი წარსულისა და გამოცდილების გათვალისწინებით დიდი პატივისცემა მქონდა.

.
ეპოქა დამთავრდა!.. ჯერ დონარა კინწურაშვილი, სულ მალე ჯულიეტა ვაშაყმაძეც წავიდა...

0
182
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0