x
image
რუსუდან ნადირაშვილი
გია ჯაჯანიძის კავშირები კანონიერ ქურდებთან და „საშკა ჩერქეზსკი“
image


ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ბავშვობის წლებს იხსენებს და ამბობს, რომ სკოლაში ძალიან ცუდად სწავლობდა. მისი თქმით, თავის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი თეატრმა შეასრულა და ახალი ცხოვრება დააწყებინა.

.

„ბოლო დროს ჩემი გატაცება სცენა გახდა – ეს ჩემი ძველი ოცნებაა.


მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა, ჭიათურაში ძალიან კარგი თეატრი გვქონდა. ჩემი სახლიდან შორს იყო, რკინიგზის ლიანდაგებით უნდა გევლო, რომ იქამდე მისულიყავი. ამ გზას ხშირად გავდიოდი იმ ოცნებით, რომ ოდესმე ამ თეატრის მსახიობი ვიქნებოდი.

.

ყველა ბავშვის ცხოვრებაში ხომ არსებობს კეთილი ზღაპარი, ეს იყო ჩემი ზღაპარი და ავისრულე. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ჭიათურის თეატრის სცენაზე მოვხვდი. სკოლაში ძალიან ცუდად ვსწავლობდი. როგორც ოროსანი მოსწავლე, ბოლო მერხზე ვიჯექი. ვიყავი წყნარი, ჩუმი, საწყალი ბავშვი.

.

ერთ დღეს გაკვეთილზე თბილისიდან ჩამოსული, უცხო მამაკაცი შემოვიდა... პატარა გოგოს და ბიჭს ვეძებთ სპექტაკლისთვისო – უთხრა მასწავლებელს.

იმ წამებში, პირველად განათდა, რაღაც ჩემს ცხოვრებაში. მერხზე ხელები დავაწყვე, ვუყურებ, ვუყურებ ჩემს ხელებს და ვფიქრობ: აი, ახლა დადგა მომენტი, როცა უნდა გადარჩე. ამ კაცმა შემომხედა და დაფასთან გამიყვანა. მოულოდნელად, სრულიად მუნჯი ბავშვი, ავჭიკჭიკდი.

.

მასწავლებელმა გაოცება ვერ დამალა, უი, ჯაჯანიძემ ხმა ამოიღოო, – თქვა.

ამ დროს კლასში დამრიგებელი შემოვიდა, რაშია საქმეო, იკითხა. რომ გაიგო, რომ როლისთვის მე შემარჩიეს, მხრებზე ხელი მომკიდა, წამიყვანა და ისევ მერხთან დამსვა.

მიუტრიალდა სტუმარს და უთხრა: მე მყავს სხვა ბიჭი, სასწაული ბავშვიაო და არჩევანი გააკეთა ჩემს კლასელზე, რომელიც ხუთოსანი იყო.

მაშინ დამთავრდა ჩემი ერთწამიანი ბედნიერება. იმ დღეს მოხდა ყველაფერი ერთად. ჩემ ნაცვლად როლზე აყვანილი ბიჭი მეორე დღეს თეატრში დაიბარეს.

დილა გათენდა და მეც წავედი თეატრში, ახლაც არ ვიცი, რამ მიბიძგა, რა ძალა მეყო.

.

თეატრში, იქვე, ჩემთვის მიყუჟული დავდექი. ჩემი კლასელები სცენაზე აიყვანეს და მოაყოლეს ისტორიები, თითოეულს ორი ამბავი უნდა მოეყოლა. ამ დროს გვერდით ამომიდგა ერთი კაცი, მერე გავიგე – ეს იყო კაკო მიშველაძე, მობუზული რომ დამინახა, შევეცოდე და თქვა:

.

ავიდეს ეს პატარა ბიჭიც და თავისი ამბავი მოყვესო.

ავედი სცენაზე და მოვყევი, როგორ გაგიჟდა დედაჩემი, როგორ დააბეს და წაიყვანეს საავადმყოფოში, როგორ ვერ მცნობდა და როგორი უბედური ვიყავი.

ისეთი ტირილი დავიწყე, ხმას ვერავინ იღებდა. ამოვიდა თბილისელი სტუმარი სცენაზე, გულში ჩამიკრა და მკითხა, დედა როგორ არისო, ცრემლი მოვიწმინდე და ვუთხარი, დედა კარგად არის, ეს ისტორია მე მოვიგონე-მეთქი...

როლზე მე დამამტკიცეს.

.

უნდა მეთამაშა ე.წ. კანონიერი ქურდის, საშკა ჩერქეზის ბავშვობა, „მონანიების“ მიხედვით. ამ სპექტაკლის აფიშა დღემდე მაქვს შენახული.


ეს იყო ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეპიზოდი. სწავლაც დავიწყე, კარგი მოსწავლე გავხდი. როდესაც თბილისში ჩამოვედი, მსახიობობა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ტანად პატარა რომ ვიყავი, დამიწუნეს და კინორეჟისურაზე ჩავირიცხე. ეს წლები სულ მქონდა მსახიობობის ნოსტალგია. ახლა ეს ოცნება ამიხდა. ემიგრანტების მხარდასაჭერად კულტურის სამინისტრომ და მერიამ საინტერესო პროექტი დაიწყო, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

.

გია მარღანიას მიუზიკლ „კონკიაში“ მეფისა და მთხრობელის როლს ვასრულებ.

ჩემი თამაშითა და ცეკვით აღფრთოვანებულები არიან. როგორც კი კორონავირუსი დასრულდება და ეს, იმედი მაქვს, მალე მოხდება, ამ სპექტაკლებით მთელი მსოფლიო უნდა შემოვიაროთ. ქართულ ტელესივრცეში ისე ინტენსიურად, როგორც მე ვაშუქებდი ემიგრანტების თემას, არავის გაუშუქებია, ძალიან მიხარია, რომემიგრანტებთან ხელცარიელი აღარ ჩავალ. სპექტაკლს ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩავიტანთ და ჩვენს ემიგრანტებს გავახარებთ“, - ამბობს ჯაჯანიძე.

0
387
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0