x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„დასაძინებლად მშიერი რომ ვწვები, ვეღარაფერზე ვოცნებობ და საშინელ სიზმრებს ვხედავ"

image

„ბექა უცნაურია, ჩვენ არ გვგავს. მას ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ ჩვენთან თამაში უყვარს... და მე მისი მესმის! მე ის მიყვარს, მაგრამ როდესაც ტირის ან ბრაზდება, მე მისი მეშინია... მასთან მიახლოება მხოლოდ დედას შეუძლია! - ასაკისთვის შეუფერებელი სერიოზულობით მიხსნის ბექას უმცროსი ძმა, 5 წლის ლუკა. - იცი, დეიდა, მე ყოველთვის ვხვდები, მას რა სურს! აი, ახლა, მას პოლიციის მანქანა უნდა.“
ბავშვის ავადმყოფობა, საშინელი სიღარიბე, ყოველგვარი პირობის არარსებობა და შიმშილი - ეს ყველაფერი თვალებში მაშინვე გეცემათ, როგორც კი ბედიების ოჯახის სახლის ზღურბლს გადააბიჯებთ. გადარჩებიან თუ არა ისინი კაცობრიობისთვის ასეთ რთულ დროს - ეს მხოლოდ ღმერთზე და ჩვენს სიკეთეზეა დამოკიდებული, მეგობრებო!
„ჩვენ ჯანმრთელ ბიჭს ველოდით და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე წარიმართებოდა. - გვიყვება ბიჭის დედა, თამარი. - 8 წლის ასაკში, ის არც ლაპარაკობს და სიარულიც უჭირს; მაგრამ როდესაც იცი, რომ ის ყოველთვის ასეთი იქნება, რომ მისი განკურნება შეუძლებელია, ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა!
ოჯახში შვიდი ადამიანია: დედა - თამარი, მამა - დავითი, ბებია - შორენა და მათი ოთხი არაჩვეულებრივი შვილი - 5 წლის ლუკა, 8 წლის ბექა, 9 წლის ნიკა და ყველაზე უფროსი - მშვენიერი გოგონა, 10 წლის ნინო. მიუხედავად ყველაფრისა, ოჯახში სიყვარული და სითბო იგრძნობა, ერთმანეთი ყველას უყვარს და ყველანი ერთმანეთზე ზრუნავენ.
– თამარ, თუ შეიძლება, თქვენი შვილის, ბექას შესახებ მოგვიყევით.
თამარი: ჩემი საბრალო ბიჭი ავად არის. ამაში, ალბათ, მე ვარ დამნაშავე... ბავშვი განწირულია, როდესაც მას ღარიბი მშობლები ჰყავს. თავიდან, ბექას ავადმყოფობის ნიშნები არ ჰქონია და ექიმებს მსგავსი არაფერი უთქვამთ. მხოლოდ ის თქვეს, რომ ის განვითარებას ჩამორჩებოდა; მაგრამ 3 წლის ასაკში აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა ბევრად უარესი იყო. ბექას ლაპარაკი ჯერ კიდევ არ დაუწყია. დროთა განმავლობაში, ის ნერვიული გახდა, ხშირად ტირის და ყვირის, როდესაც მისი არ გვესმის...
– ავადმყოფი ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული რა არის?
თამარი: ყველაფერი რთულია. რთულია იმის მიღება, რომ შენი შვილი სრულფასოვანი ცხოვრებით ვერასოდეს იცხოვრებს. მე და ბავშვებმა მისი ენის გაგება კი ვისწავლეთ, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ მისი დახმარება არაფრით შემიძლია.
– თამარ, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
თამარი: ბექას გარდა, კიდევ სამი შვილი მყავს. ლუკა უკვე გაიცანით - ის ისეთი ცელქია! ყველაზე უფროსი ნინო გვყავს, ის 10 წლის არის, ნიკა კი - 9-ის. ჩვენ სოციალურ დახმარებაზე ვცხოვრობთ; თავი, მათხოვრებივით, პურსა და წყალზე გაგვაქვს. ბავშვებს ახალი ტანსაცმელი არასდროს ჰქონიათ. ყველაფერი ნახმარია და ძველი. მათი მთავარი ოცნება - ჭამაა. ჩემი მეუღლე, დავითი, სამსახურის შოვნას ყოველდღე ცდილობს; შეუძლია, დღედაღამ იმუშაოს, ოღონდაც სახლში კაპიკები მოიტანოს, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობაა, სამსახური ყველამ დაკარგა!
– გვერდში ვინ გიდგათ? ალბათ თანადგომის გარეშე თავს ვერ გაართმევდით?
თამარი: იცით, ჩვენ სრულიად მარტოები ვართ... ჩემი დედამთილი, შორენაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს და თავადაც დახმარებას საჭიროებს. ყველა ჩემი ნათესავიც ღარიბულად ცხოვრობს.
– სახლში, რომელშიც ახლა ცხოვრობთ, თქვენია?
თამარი: არა, ჩვენ საკუთარი არაფერი გვაქვს. ამ სახლში საცხოვრებლად შემოგვიშვეს. რამდენი ხნით - არ ვიცი. მაგრამ მე ჭერქვეშ გატარებული ყოველი დღისთვის მადლობელი ვარ! ჩვენ არაფერი გვაქვს, კარადაც კი; ძველ, რკინის საწოლებზე გვძინავს, რომელიც ბებიისგან გვერგო.
– მოდით, ახლა ბავშვებს გავესაუბრები. ბავშვებო, შეიძლება, რომ გავისაუბროთ? ნინო, შენ უფროსი და ხარ, შენით დავიწყოთ. როგორ ხარ? რა თამაშები გიყვარს? რაზე ოცნებობ?
ნინო (10 წლის): ყველაფერი კარგად მაქვს. სკოლაში ვსწავლობ, უბრალოდ ახლა, ამ საშინელი ვირუსის გამო, არდადეგები გვაქვს, სახლში კი მოვიწყინე. ჩემი მეგობრები ძალიან მენატრებიან; თუმცა სახლში არც ძმები მაძლევენ მოწყენის საშუალებას. სწორედ ახლა „მგლებს“ ვთამაშობდით - „მგელი“ ვარ და ყველა უნდა დავიჭირო. მე ყველაზე მაგარი „მგელი“ ვარ! იმიტომ რომ ყველაზე კარგად დავრბივარ და ყველას დაჭერა და შეჭმა შემიძლია! ნიკასთან ერთად ბურთის თამაში მიყვარს. აი, ბექა კი ჩვენთან ერთად ვერ თამაშობს, ის ავადაა. მე მას ვეფერები, ვცდილობ, ვეთამაშო, მაგრამ ის ხშირად ტირის... ასევე, მეუბნებიან, რომ ლამაზი ვარ, მაგრამ როგორ შეიძლება ლამაზ გოგოს ლამაზი კაბა არ ჰქონდეს?
– დიახ, შენ ძალიან ლამაზი ხარ! და რაზე ოცნებობ? მალე ახალი წელია და შეგიძლიათ, თოვლის ბაბუას სურვილი ჩაუთქვათ. ხომ კარგად იქცევით?
ნინო: ჩვენ, ალბათ, ცუდი ბავშვები ვართ. თოვლის ბაბუა ჩვენთან არასდროს მოსულა. არ ვიცი, რატომ არ მოვწონვართ. ან იქნებ ის საერთოდ არ არსებობს?
ლუკა (5 წლის): ეე, სისულელეებს ნუ ამბობ! გაიგებს და საერთოდ აღარ მოვა! თოვლის ბაბუა! - ხმამაღლა ამბობს ლუკა. - მას არ დაუჯეროთ! ჩვენ კარგი ბავშვები ვართ და გვჯერა, რომ მოხვალ! რა სულელი გოგოა! სხვა ვისი უნდა გჯეროდეს, თუ არა მისი?
ნინო: ჰო, კარგი! ისე, შეიძლება, გოგოები ველოსიპედზე რომ ოცნებობენ? თქვენ იცით მისი ტარება? ვფიქრობ, ყველაზე მაგარი ის არის, ველოსიპედის ტარება რომ იცი და საკუთარი ველოსიპედი რომ გაქვს!
– ეს შენი ერთადერთი ოცნებაა?
ნინო: დიახ. უფრო სწორედ, არა! მაგრამ ამ სურვილის ჩაფიქრებაც მეშინია! ვიცი, რომ ის არასოდეს ამისრულდება! ტკბილეულზე, კაბებზე ოცნება არ ამისრულდა, ველოსიპედზე კი, მით უმეტეს, არ ამისრულდება! მაგრამ არაუშავს. უბრალოდ წარმოვიდგენ, როგორ ვატარებ და უკვე კარგად ვარ!
ლუკა: მე კი, როდესაც მშია, ვეღარაფერზე ვოცნებობ! მაგრამ თქვენ გეტყვით! დეიდა, მე პოლიციის მანქანა მინდა! იცით, როგორი მბზინავი და ლამაზია? მაღაზიაში დავინახე, მაგრამ დედას ფული არ ჰქონდა. მითხრა, რომ მერე მიყიდის. მაგრამ როდის მერე? ველოსიპედი ნიკასაც უნდა, მაგრამ ერიდება და არ იტყვის. და ბექასაც მანქანა უნდა!
ნიკა (9 წლის): მე არაფერი მინდა. სჯობს, ამ ფულით საჭმელი მოგვიტანოთ.
– რის ჭამას ისურვებდით?
ნიკა: არც კი ვიცი... სხვა ბავშვები რას ჭამენ? რაღაც გემრიელის გასინჯვა მინდა, მაგრამ არ ვიცი... შემდეგ ჯერზე რომ მოხვალთ, თქვენ თვითონ მოიფიქრეთ და მოგვიტანეთ.
თამარი: ხომ გესმით, ჩვენ ბავშვებს ვერაფერს ვთავაზობთ?! მათ ბავშვობა არ აქვთ. უბრალოდ საშინელებაა, როდესაც ბავშვს გემრიელი საჭმელი უბრალოდ ესიზმრება; მაგრამ როგორ მოვიქცეთ? სოციალურ დახმარებას 620 ლარს ვიღებთ. მე ჩემს ბიჭს მარტო ვერ დავტოვებ, მეუღლე კი ნებისმიერ დროებით სამსახურს თანხმდება, რადგან ჩვენს ქალაქში მუდმივი სამსახურის შოვნა შეუძლებელია, ახლა კი - მით უმეტეს. ყველაფერი კაპიკ-კაპიკ გვაქვს გათვლილი. თავს ზედმეტის უფლებას ვერ ვაძლევთ.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
თამარი: ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა დავინახო, რომ ჩემი ბექა ჯანმრთელია. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება. დამეხმარეთ, ცხოვრების ბოლომდე თქვენი მადლობელი ვიქნები და თქვენთვის ვილოცებ. ჩემი ბიჭის დახმარებისთვის უფალი დაგლოცავთ და თქვენ მთელი ცხოვრება ბედნიერები იქნებით. (თვალებზე ცრემლი ადგება). ჩვენ არაფერი გვაქვს. ხომ ხედავთ, ჩვენი სახლი რა მდგომარეობაშია? არც ავეჯი გვაქვს, არც საყოფაცხოვრებო ნივთები, სახლში იატაკიც კი არ გვაქვს! პროდუქტებისა და წამლების ყიდვაც კი ძალიან გვიჭირს! მე ნებისმიერი დახმარება გამახარებს! მაგრამ პირველ რიგში ჩვენ სურსათი და მაცივარი გვჭირდება... დანარჩენი - თქვენი შეხედულებისამებრ.
– ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ? რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ?
თამარი: სასოწარკვეთილებისაგან, მერწმუნეთ. უკიდურესი გაჭირვება რომ არა, არასდროს არავის შევაწუხებდი. თქვენ იმდენ ოჯახს დაეხმარეთ... თქვენ ხალხს გულებში მომავლის რწმენას უნერგავთ.
– გსურთ, ფონდის მეგობრები გაიცნოთ? ახალი მეგობრები შეიძინოთ?
თამარი: ჩვენ ყველას სიხარულით მივიღებთ. ეს ჩვენთვის უბრალოდ ხსნაა.
***
ამბობენ, მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო და რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, სამწუხაროდ, ხშირად ასეც ხდება... მაგრამ განა უფალი ჩვენგან ამას მოელის? განა მას სურს, რომ ჩვენ სხვისი გასაჭირი უგულვებელვყოთ? აქ სიტყვები ზედმეტია, ვინმეს გაკიცხვა და ამაზე დროის ხარჯვა ღვთისმოსაწონი საქმე არ არის! ქვის სროლა ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ თქვენ რა შეგიძლიათ? საკუთარ სულში ჩაიხედეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება - დახმარება გსურთ თუ უბრალოდ გაკიცხვა?
დაე, თავად პატარებმა არ დაკარგონ რწმენა იმისა, რომ თოვლის ბაბუა არა მხოლოდ მდიდარი ოჯახების ბავშვებთან მოდის! ღმერთო, ისე ქენი, რომ როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, ჩვენს ქვეყანაში მშიერი ბავშვები აღარ იყვნენ; ისე ქენი, რომ მშობლები ხვალინდელ დღეს შიშით აღარ უყურებდნენ!image
1
108
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
108
  
2020, 23 დეკემბერი, 22:24
:-(
0 1 1