x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ასტრონომებმა იდუმალ სიგნალებს მიაკვლიეს, რომლებიც უახლოესი ვარსკვლავის სისტემიდან მოდის
ასტრონომებმა, რომლებიც სიცოცხლის ნიშნებს მთელ კოსმოსში გაფაციცებით ეძებენ, მზის სისტემის მიღმა რაღაც ძალიან უცნაურს და ამოუცნობს მიაკვლიეს; ჯერ კიდევ ამოუხსნელი რადიოსიგნალები, რომლების გაშიფვრა აქამდე ვერ მოხერხდა, ჩვენგან უახლოესი ვარსკვლავიდან მოდის, რომელიც ჩვენი მნათობიდან 4, 2 სინათლის წლითაა დაშორებული და რომელსაც პროქსიმა კენტავრი ეწოდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობს სულ მცირე ორი პლანეტა, რომელთა ზომები დედამიწისას მკვეთრად არ აჭარბებს და რომლებიც სიცოცხლისთვის ვარგის ზონაში მდებარეობენ.


სიგნალებს პარქსის ავსტრალიურმა ობსერვატორიამ მიაკვლია. BLC-1 - ასე უწოდეს მკვლევარებმა მათგან ყველაზე ძლიერს. სიგნალები პირველად გასულ წელს აღმოაჩინეს, თუმცა მათი წარმომავლობის კვლევა დღემდე გრძელდება.


მკვლევარების ნაწილი სკეპტიკურად ეკიდება იმ მოსაზრებას, რომ სიგნალები მოაზროვნე არსებების - უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის მიერ შეიძლება იყოს გამოგზავნილი. ბოლო დროს აღიარებული მოსაზრების თანახმად, ტექნიკურად განვითარებულ ორ ცივილიზაციას შორის მანძილი დაახლოებით 17 ათასი სინათლის წელია, რის გამოც იმის ალბათობა, რომ თუნდაც განვითარების ჩვენს საფეხურზე მდგარი ცივილიზაცია დედამიწიდან 4, 2 სინათლის წლის მანძილზე იარსებებს, ძალიან დაბალია. ამიტომ ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ შესაძლოა, სიგნალების წარმომავლობა ადამიანური იყოს და შეცდომით ჩვენგან კოსმოსში გაგზავნილ სიგნალებს უცხო სიგნალებად ვაიდენტიფიცირებდეთ, რაშიც ეჭვი ეპარება მკვლევარების მეორე ნაწილს, რომელთა აზრით, უცხოპლანეტელების კვალს უკვე მივაგენით.


აღსანიშნავია, რომ ასტრონომებს აქამდეც არაერთხელ აღმოუჩენიათ ამოუცნობი სიგნალები, რომელთა წყაროები საბოლოოდ პულსარები, ნეიტრონული ვარსკვლავები და თეთრი ჯუჯები გამომდგარა.



თუ BLC-1 მართლაც პროქსიმა კენტავრიდან მოდის, მაშინ გადასახედია ჩვენი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს გალაქტიკაში მხოლოდ 10 ტექნიკურად განვითარებული ცივილიზაციაა, რომელთა შორის მანძილი 17 ათასი სინათლის წელია. BLC-1-ის არამიწიერი წარმომავლობის დადასტურება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გალაქტიკა სავსეა უცხოპლანეტელთა ცივილიზაციებით და ირმის ნახტომში სულ მცირე, 0, 5 მილიარდი განვითარებული ცივილიზაცია მაინც მოიძებნება.


მეცნიერები აპირებენ, უძლიერესი რადიოტელესკოპები მიმართონ პროქსიმა კენტავრისკენ. თუ სიგნალი განმეორდა, ასეთ შემთხვევაში საბოლოოდ დადასტურდება, რომ ჩვენი მეზობელი ვარსკვლავის სისტემა გონიერი არსებებით არის დასახლებული, რომლებსაც რადიოსიგნალების გამოგზავნა შეუძლიათ. ეს იქნება უდიდესი სენსაცია, რისი წარმოდგენაც ადამიანის გონებას შეუძლია და რაც ძირეულად შეცვლის ჩვენს ყოფიერებას. იმის დადასტურება, რომ მარტონი არ ვართ სამყაროში, სულაც არ არის მცირე მასშტაბის მოვლენა.


უცხოები

1
284
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
284
  
2020, 22 დეკემბერი, 2:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1