x
image
დავითი ჩუთლაშვილი
თეოდორე გიგნაძე: “ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმაზე საუბრით, რომ კორონა არ არსებობს”
თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თავის ერთ-ერთ ბოლო ქადაგებაში კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკლესიის მსახურებმა ხალხი აცდუნეს იმით, რომ განუცხადეს, თითქოს კორონავირუსი არ არსებობდა და პანდემია ცრუ და სიყალბეზე დაფუძნებული იყო. დეკანოზის აზრით, ამის გამო სასულიერო პირებმა უნდა მოინანიონ და ხალხს ბოდიში მოუხადონ.


თეოდორე გიგნაძემ ასევე აცრების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქრისტიანი და მითუმეტეს სასულიერო პირი ვაქცინაციის შიშში არ უნდა ცხოვრობდეს.


“ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა… მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?! მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით?! როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს.


ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება თავიდან ღვთის განგების გარეშე და როგორ უნდა ვძრწოდეთ და ვშიშობდეთ: “ვაიმე, ახლა მასონებს რა გეგმები აქვთ, რას იზამენ ახლა, აცრებით ხომ არ დაგვღუპავენ ყველას?!” ასე უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი და მით უმეტეს სასულიერო პირი?!



…მაგრამ ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ იმითაც, რომ როცა პანდემიის პირველი ტალღა ნაკლებად შეგვეხო, ეს ყველაფერი ჩვენს განსაკუთრებულ სულიერებას მივაწერეთ და სხვა ადგილობრივი ეკლესიებისკენ ვიშვერდით ხელს, რომ ჩვენ პანდემიამ ვერაფერი დაგვაკლო... ახლა როგორ ვართ?! ახლა ვინ უსწრებს განსაცდელში?! ამაში აშკარა ღვთის ხელი არ არის, ჩვენი ფარისევლური სულის სამხილებლად?!


ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით”, - განაცხადა მან.


შეგახსენებთ, რომ პანდემიის დასაწყისში ეკლესია არ ემორჩილებოდა მთავრობის მიერ დაწესებულ რიგ ღონისძიებებს, ხოლო გავლენიანი სასულიერო პირები ავრცელებდნენ რიგ შეთქმულების თეორიებს კორონავირუსის თაობაზე.


საქართველო გასულ კვირას მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა პროცენტულად 100 ათას სულ მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების მხრივ.


გიგნაძე
0
460
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0