x
image
მანჩო 777
ვინ გამოიგონა და როგორ გამოიყურებოდა პირველი სამედიცინო ნიღაბი და უნიფორმა, რომლებსაც ეპიდემიების დროს იცვამდნენ
იმას, რომ ინფექციური სნეულებებით დაავადებულ ადამიანთან სიახლოვისას თავის დაცვა და განსაკუთრებული ტანსაცმლის ჩაცმაა საჭირო, მედიცინის მუშაკები დიდი ხნის წინ მიხვდნენ და შექმნეს კიდეც ისეთი უნიფორმები და სხვა აქსესუარები, რომლებიც ექიმებს და მედიცინის დებს დაიცავდა გადამდები დაავადებებისაგან.



image


შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც XIV საუკუნეში იფეთქა ევროპაში და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაამტკიცა, რომ შუა საუკუნეების მედიცინას არ გააჩნდა არანაირი ცოდნა და საშუალება, რომ წინ აღდგმოდა ამ ვერაგ ინფექციურ დაავადებას. იმდროინდელი მედიცინა წარმოადგენდა შარლატანების და თეოლოგიის ერთგვარ ნაზავს, ამიტომ დააავადებულებს მკურნალობდნენ იმ დროს არსებული მწირი საშუალებებით -ძმრით, ვერცხლისწყლით და რაღა თქმა უნდა, შელოცვით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ეს ხდებოდა შუა საუკუნეებში, "შავი ჭირის ექიმები" იყვნენ პირველები, ვისაც საშუალება მიეცა გაეკვეთათ გვამები და ამ გზით დაედგინათ ადამიანის სიკვდილის მიზეზი, რაც იმდროინდელ რელიგიურ ეპოქაში ღმერთის წინაშე ჩადენილ საშინელ დანაშაულად ითვლებოდა.



image




წლები გადიოდა, ეპიდემია სულ უფრო და უფრო ხშირად იფეთქებდა ამა თუ იმ ადგილას და ქვეყნების მმართველებს უხდებოდათ უკიდურესი ზომების მიღება მისგან თავის დასაღწევად. "შავი ჭირის" ექიმები ჯიუტად იბრძოდნენ მედიცინის მეცნიერული განვითარებისათვის: კვეთავდნენ და იკვლევდნენ გვამებს, სწავლობდნენ ინფექციის გავლენას ადამიანის ორგანოებზე და ცდილობდნენ ეპოვათ მასთან ბრძოლის გზები. "შავი ჭირის ექიმი" ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია გახდა, თუმცა ამავე დროს მეტად სარისკო. ძალიან ბევრი იყო შემთხვევა პაციენტისაგან დასნებოვნებული მედიკოსების გარდაცვალებისა, ამიტომ აუცილებელი გახდა ინფექციისაგან დამცავი ნიღბის და კოსტიუმის შექმნა.

XVII საუკუნის დასაწყისში ფრანგმა ექიმმა ჩარლზ ლორმა შექმნა სპეციალური კოსტიუმი შავი ჭირის ექიმებისათვის. ამ კოსტიუმის დანიშნულება იყო დაეცვა ექიმები და დასნებოვნებული ადამიანების მომვლელები გადამდები ინფექციისაგან.

დამცავი კოსტიუმი შედგებოდა გასანთლული ქსოვილისგან შეკერილი გრძელი მოსასხამის, ხელთათმანების, ფარფლებიანი შლიაპის და რაც ყველაზე უცნაური და თვალშისაცემი იყო-გრძელცხვირიანი ნიღბისაგან, რომელიც მთელ სახეს ფარავდა. შუა საუკუნეებში შავი ჭირის და ზოგადად, ინფექციური დაავადებების გადამტანად ფრინველებს თვლიდნენ. სწორედ ამიტომ ჰქონდა იმდროინდელ ნიღაბს ფრინველის "ნისკარტი".



image


"ცხვირი", რომელიც ფორმით ფრინველის ნისკარტს წაააგავდა, ამოვსებული იყო თივით, გამხმარი ბალახით (ლავანდის, პიტნის, მიხაკის და სხვა სამკურნალო მცენარეების) სანელებლებით, ქაფურის სპირტში ან ძმარში დასველებული ღრუბლით. მთელი ეს კონსტრუქცია საჭირო იყო ცუდი სუნის გასანეიტრალებლად, ხოლო მოქმედების პრინციპი კი ისეთივე ჰქონდა, როგორიც თანამედროვე რესპირატორებს აქვს. გარდა ამისა, თვალებისათვის განკუთვნილი ჭრილები დაფარული იყო გამჭვირვალე მინით, - როგორც ჩანს, ამ ნიღბის შემქნელმა კარგად იცოდა, რომ ინფექციას არა მარტო ცხვირ-ხახიდან, არამედ თვალებიდანაც შეეძლო ორგანიზმში შეჭრა. გარდა ამ დამცავი კოსტიუმისა, "შავი ჭირის ექიმი'' სხვაგვარადაც იცავდა თავს დასნებოვნებული პაციენტისაგან- ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ არ შეხებოდნენ პაციენტს და მათთან ურთიერთობას ძირითადად ხელჯოხით ამყარებდნენ.


სწორედ ეს უცნაური ნიღაბი გახდა პროტოტიპი არამარტო თანამედროვე სამედიცინო ნიღბებისა და რესპირატორების, არამედ სამხედრო აერწინაღებისაც. ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამედიცინო ნიღაბი, რომლის გარეშე დღეს ქუჩაში არცერთი ადამიანი არ გადის, შეიქმნა XX საუკუნის დასაწყისში მას შემდეგ, რაც დამტკიცებული იქნა ბამბის ფილტრის ეფექტურობა, ხოლო ფართო გავრცელება მათ ჰპოვეს XX საუკუნის 20-იან წლებში ევროპაში აფეთქებული ესპანური გრიპის-ისპანკის ეპიდემიის დროს. დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადიოდა, ამიტომ ბამბის ქსოვილისაგან დამზადებული სამედიცინო ნიღაბი იმ დროს ნამდვილ ხსნას წარმოადგენდა.



image



დღესდღეობით სამედიცინო ნიღბების წარმოება მივიდა იმ დონემდე, რომ მას უშვებენ ნებისმიერი ფორმის, შემადგენლობის და ფერისას. ასე განსაჯეთ, იაპონიაში გამოუშვეს მარგალიტის და ბრილიანტის თვლებით გაწყობილი სამედიცინო ნიღბები, რომელთა ფასი 200 ათას დოლარს აღწევს.



image



მეეჭვება, მათ უკეთ დაგვიცვან კორონავირუსისგან, ვიდრე ჩვეულებრივმა, 50-თეთრიანმა უბრალო პირბადემ, რომლის შეძენა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ახლომდებარე ნებისმიერ აფთიაქში. თუმცა დამეთანხმებით, რომ ყველაფერს აჯობებს მალე დადგეს ის დრო, როცა ნიღბების გარეშე (თუნდაც ეს ნიღაბი 200 ათასი დოლარი ღირდეს), თავისუფლად ვივლით ქუჩაში, ადამიანების არ შეგვეშინდება და თვალს არ ავარიდებთ შემთხვევით შეხვედრილ ნაცნობებს.

1
58
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
58
  
2020, 13 დეკემბერი, 2:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1