x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს?
image

ყოველ ნაბიჯს ჯანმრთელობისკენ მივყავართ - გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო). ამ ფონზე, რას გვიქადის შეზღუდვები და ჩაკეტვა?


წელიწადში 5 მილიონამდე სიკვდილიანობის აღკვეთა შესაძლებელია, დედამიწის მოსახლეობა რომ უფრო აქტიური იყოს. დღეს, როდესაც კოვიდ-19 -ის პანდემიის შეზღუდვების გამო, მრავალი ადამიანი ზის შინ, ჯანმო აქვეყნებს ახალ სახელმძღვანელო პრინციპებს ფიზიკური აქტივობისა და მჯდომარე ცხოვრების წესის შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ყველა ასაკის და ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე თითოეული პირი, შეიძლება იყოს ფიზიკურად აქტიური და რომ მოძრაობის ყველა ტიპი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


ახალი სახელმძღვანელო პრინციპებით რეკომენდირებულია მინიმუმ 150-300 წუთი ზომიერი და ძლიერი ინტენსივობის აერობული აქტივობა ყოველკვირეულად, ყველა მოზრდილისთვის, მათ შორის ქრონიკული დაავადების ან ინვალიდობის მქონე პირთათვის და საშუალოდ 60 წუთი დღეში ბავშვებისა და მოზარდებისათვის.


ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა - რა არის აერობული აქტივობა? ეს არის ვარჯიშები, რომელთა დროს იმატებს პულსი, სუნთქვის სიხშირე და დიდი რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდება ორგანიზმს. აქედან გაჩნდა ტერმინი აერობული, რაც ნიშნავს ჟანგბადით გაჯერებულს. ცნობისათვის, სწორედ მიღებული ჟანგბადი განაპირობებს ჩვენს სხეულში არსებული ნახშირწყლებისა და ცხიმოვანი მარაგების წვას.


ინტენსივობის დონის მიხედვით განასხვავებენ:


- დაბალი ინტენსივობის აერობული ვარჯიშებ – მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიც არის სწრაფი სიარული და ცეკვით ინსპირირებული ჯგუფური ფიტნეს კლასები. ამ დროს გულისცემა იზრდება 60-70%-მდე;

- საშუალო ინტენსივობის აერობული ვარჯიშებ – შეიძლება იყოს სტეპ- აერობიკა და სირბილი. გულისცემა იზრდება 70-80%-მდე;

- მაღალი ინტენსივობის აერობული ვარჯიშებ – ისეთი ფიზიკური აქტივობის ტიპებია, როგორებიცაა სპინინგი, კიბეებზე სიარული, სწრაფი სირბილი და სხვა. გულისცემა იზრდება 80-90%-მდე.


image

სისტემატიური აერობული ვარჯიში ხელს უწყობს:

  • წონის კლებას/კორექტირებას და ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2), ინსულტის და სხვა დაავადებების რისკის შემცირებას;
  • არტერიული წნევის შემცირებას და კონტროლს;
  • იმუნური სისტემის გააქტიურებას, რის შედეგადაც მცირდება გაციების და გრიპის რისკი;
  • გულის კუნთის გაძლიერებას;
  • ორგანიზმში “კარგი ქოლესტერინის“, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის დონის მატებას და “ცუდი ქოლესტერინის“, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის დონის შემცირებას;
  • გუნება-განწყობის ამაღლებას, დეპრესიის, დაძაბულობის, სტრესის, შფოთვის შემსუბუქებას, მოდუნებას, ძილის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • ხანდაზმულ ასაკში მეხსიერების, მსჯელობის, განსჯის და აზროვნების უნარების (კოგნიტური ფუნქციის) დაქვეითებისგან დაცვას. ასევე ბავშვებსა და მოზარდებში შემეცნებითი ფუნქციის გაუმჯობესებას;
  • სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას და გახანგძლივებას.

ჯანმოს სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეოთხე ზრდასრული და ხუთიდან ოთხი მოზარდი არ არის ფიზიკურად საკმარისად აქტიური. ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური ზარალი, გლობალურად $ 54 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, პირდაპირი სამედიცინო მომსახურების კუთხით და დამატებით $ 14 მილიარდი პროდუქტიულობის შემცირების კუთხით.


რეგულარული ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მე -2 ტიპის დიაბეტისა და კიბოს პრევენციის და მკურნალობისთვის, აგრეთვე დეპრესიისა და შფოთის სიმპტომების შემცირების, კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითების შენელების, მეხსიერების გაუმჯობესების და თავის ტვინის ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით.


სახელმძღვანელო მითითებები მოუწოდებს ქალებს, შეინარჩუნონ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ორსულობის განმავლობაში და მშობიარობის შემდეგ. ასევე საუბარია ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელოვან სარგებელზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობისთვის.


ხანდაზმულებს (65 წლის ზემოთ) ეძლევათ რეკომენდაცია, თავიანთ ყოველდღიურ აქტივობებს დაამატონ საქმიანობა, რომელიც აუმჯობესებს ბალანსს, კოორდინაციას და აძლიერებს კუნთებს, რათა თავიდან აიცილონ ვარდნა (დაცემა, წაქცევა) და გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა.


”ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის კრიტიკულია, მას შეუძლია სიცოცხლის გახანგრძლივება და გაუმჯობესება”, თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, დოქტ. თედროს ადანომ ღებრეიზუსმა. „ყველანაირი მოძრაობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვცხოვრობთ კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში, ყველამ ყოველდღე უნდა ვიცხოვროთ აქტიურად, უსაფრთხოდ და შემოქმედებითად.”


ყველა ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა და ის შეიძლება შესრულდეს სამუშაოს, სპორტის, დასვენების ან მოგზაურობის დროს (სიარული, ველოსიპედით სეირნობა), ასევე ცეკვა, თამაში და ყოველდღიური საშინაო საქმეები, როგორიცაა მებაღეობა და დასუფთავება.


”ფიზიკური აქტივობის ნებისმიერ ტიპსა და ხანგრძლივობას შეუძლია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება, თან რაც მეტი, მით უკეთესი, ” - თქვა დოქტორმა რუდიგერ კრეჩმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორმა, ”თუკი გიწევთ დიდი დროის დახარჯვა სხდომაზე, სამუშაოზე თუ სკოლაში, მეტი დრო უნდა დახარჯოთ ფიზიკურ დატვირთვაზე, რათა მოახდინოთ მჯდომარე ცხოვრების წესის მავნე ზემოქმედების კომპენსირება. ”


”ეს ახალი სახელმძღვანელო პრინციპები გვიჩვენებს აქტიურობის მნიშვნელობას ჩვენი გულის, სხეულისა და გონებისათვის და ფიზიკური დატვირთვის სასარგებლო გავლენას ყველა ასაკის და შესაძლებლობის მქონე ადამიანზე”, - თქვა დოქტორმა ფიონა ბულმა, ფიზიკური აქტივობის განყოფილების ხელმძღვანელმა, რომელიც უძღვებოდა ჯანმოს ახალი სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას.


ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, მიიღონ გლობალური სახელმძღვანელო მითითებები ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკის შემუშავების მიზნით, ჯანმო-ს ფიზიკური დატვირთვის შესახებ გლობალური სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად, რომელიც მოიცავს ფიზიკური აქტივობის გაზრდას 2018–2030 წწ. მსოფლიო ჯანდაცვის ლიდერები, 2018 წელს, 71 -ე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე შეთანხმდნენ, რომ 2030 წლისთვის ფიზიკური უმოქმედობა 15% –ით შემცირდება.


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ალბათ უპრიანი იქნებოდა გაგვეთვალისწინებინა ჯანმოს რეკომენდაციები და ჩვენს სახელმწიფოში, შეზღუდვების სიიდან გამოგვერიცხა ფიტნეს-კლუბები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები. ეს ხელს შეუწყობდა ჩვენი მოქალაქეების ფიზიკური აქტივობების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობის შენარჩუნების და გაუმჯობესების მიზნით. სპორტული, სატრენაჟორო, აერობიკის, საცურაო და სხვა ფიზიკური აქტივობების სერვისების განმახორციელებელი ობიექტების დახურვის ნაცვლად, ხომ არ აჯობებდა გაგვეძლიერებინა კონტროლი მათი უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. ასეთი ზომების რიცხვში კვლავაც რჩება: პირბადის ტარება, დეზობარიერების გამართული ფუნქციონირება, ხელების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, სოციალური დისტანცირება, სხეულის ტემპერატურის გაზომვა და ა.შ.. ეს ის ზომებია, რომელთა დაცვასაც, ნებით თუ უნებურად, ჩვენ მაინც გვავალდებულებს გარემო პირობები. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ მარკეტებში, პურის და საკვები პროდუქტების, ან ქიმიური და ჰიგიენური პროდუქციის შეძენისას, რომელთა გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია. ალბათ შესაძლებელია იგივე გაკეთდეს სხვაგან, მითუმეტეს ჯანმრთელობისთვის ესოდენ სასარგებლო, ფიზიკური აქტივობების მომსახურეობის ცენტრებში.


image


როგორც მსოფლიოში, ასევე ადგილობრივად, დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება, რამეთუ ის ჯერ არ აპირებს არსად წასვლას, ჩვენ კი, ამ ეტაპზე არც ვაქცინა გვაქვს და არც სამკურნალო საშუალებები. მაშ რატომ არ უნდა დავიწყოთ ეს ახლავე და დაუყოვნებლივ მოვახდინოთ ჩვენი გარემო პირობების ადაპტაცია ახალ გარემოებებთან? ვფიქრობ, ისედაც გავუშვით მომენტი, როდესაც უნდა მოგვეხდინა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სათანადო ადაპტირება, რათა ის შესაბამისობაში ყოფილიყო პანდემიის მიერ შექმნილ ახალ პირობებთან. ამის გამო ყოველდღიურად გვეღუპება ადამიანები, რომელთაც არ აქვთ გამართული სამედიცინო მომსახურეობის წვდომა. ამასთან ერთად, ჩვენ გვყავს ათასობით და ათიათასობით უმუშევრად დარჩენილი ადამიანი და გაჩერებული ბიზნესი, რაც მეტ სიდუხჭირეს, ეკონომიკის სრულ კოლაფსს, ხოლო ადამიანებში მეტ სიკვდილიანობას გამოიწვევს, რაც კატასტროფის ტოლფასია. იქნებ ღირდეს დავფიქრდეთ, რას მოგვცემს რეგულაციების გადახედვა ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნების და ეკონომიკის მკვდრეთით აღდგენის მიზნით. ახლა, როგორც არასდროს, მეტი გადარჩენილი ბიზნესი, მეტ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილს, ფუნქციონალურ ეკონომიკას და გადარჩენილ ადამიანს ნიშნავს.


image


ჩაკეტვების და უმოძრაობის გზა სავარაუდოდ "ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს". როგორც დიდი ილია ამბობდა "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი …"

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0