x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის რეკომენდაციები
image

"ვაგრძელებთ მე და ნანა გეგეჭკორი შემოსული შეკითხვების საფუძველზე შექმნილ მარტივ რეკომენდაციებს.
ამჯერად ერთერთ ყველაზე ხშირად ცირკულირებად საკითხს შევეხებით:
--------------------------
მიალგიები (კუნთების ტკივილი), ართრალგიები (სახსრების ტკივილი), ზოგადად სხეულის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები, კოვიდის ერთერთი, ფართოდ გავრცელებული, პირველადი გამოვლინების დამახასიათებელი ნიშანია (WHO-ოს მონაცემებით შემთხვევათა 15-20%-ში).
ზურგისა და წელის ტკივილი ხშირად პნევმონიის განვითარების ნიშანიცაა. მიალგიები, ართრალგიები და მკვეთრი დაღლილობის შეგრძნება ზოგადად ახასიათებს ვირუსულ ინფექციებს, მაგრამ კოვიდის შემთხვევაში ეს სიმპტომები ბევრად უფრო მკვეთრად არის გამოხატული.
გარდა ამისა, ისინი ნაკლებად ემორჩილებიან ტრადიციულ ტკივილგამაყუჩებლებს. ეს თავისებურება გამოწვეულია იმით, რომ ტრადიციული მექანიზმების გარდა, კოვიდი ძვალ-კუნთოვან სისტემას აზიანებს ACE 2 რეცეპტორების მეშვეობით, რომლებიც მისი შეჭრის ძირითად მასპინძელ ლოკაციას წარმოადგენენ. ამრიგად, ძვალ-კუნთოვანი სისტემა ირიბი მექანიზმების გარდა (იმუნური სისტემის რეაქციის შედეგად გამოყოფილი ინტერლეიკინებით), უშუალოდ, პირდაპირ ზიანდება მასში შეჭრილი ვირუსის ტოქსინით.
კოვიდის მიერ გამოწვეული მიალგიებისა და ართრალგიების სამკურნალოდ, ისევე როგორც მის მიერვე გამოწვეული ცხელების სამართავად, ძირითადათ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი, ტილენოლი) გამოიყენება. ეს მიდგომა ერთგვარი ინერციით განვითარდა, რადგან პანდემიის ადრეულ ეტაპზე გამოქვეყნდა რამდენიმე განცალკევებული შემთხვევის აღწერა, ასევე სტატია ჟურნალ „ლანცეტში“, რომელთა მიხედვითაც გაკეთდა დასკვნა, რომ ე.წ. არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების NSAID (იბუპროფენი, ნაპროქსენი, ედვილი, ნუროფენი და ა.შ.)
გამოყენება ზრდიდა უარყოფითი შედეგების განვითარების რისკს. ამ დასკვნის ფარმაკოლოგიურ ლოგიკას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ NSAID-ების ქრონიკული მოხმარება იწვევდა უჯრედების მემბრანებზე ACE2 რეცეპტორების რაოდენობის ზრდას, რომლებიც თავის მხრივ კოვიდ-ვირუსის მოსაჭიდებელ კონტაქტს წარმოადგენენ. შემდგომი კლინიკური და ემპირიული ანალიზით შესაძლებელი გახდა ასევე ლოგიკური დასკვნის გაკეთება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქრონიკულად იღებდნენ NSAID-ებს, წარმოადგენდნენ ასაკოვანთა რისკ-ჯგუფს, რაც თავისთავად იწვევდა დაავადების მძიმე ფორმების უფრო ხშირ განვითარებას და არა მათ მიერ ქრონიკულად მიღებული ზემოაღნიშნული მედიკამენტები.
რატომღაც ეს „ინერცია“ მაინც შენარჩუნდა და აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი, ტილენოლი) ისევ პირველად საშუალებად ითვლება როგორც ცხელების, ასევე ვირუსით გამოწვეული ტკივილების წინააღმდეგ.
პარაცეტამოლის დოზები: 325-დან 650 მგ-მდე 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით; ან 1 გრამი 8 საათში ერთხელ.
მაქსიმალური დღიური, კუმულაციური დოზა წარმოადგენს 3 გრამს!
მათთვის, ვისაც თირკმლების პრობლემები აქვთ, დოზების შემცირება საჭირო არ არის.
ღვიძლის ქრონიკული პრობლემების მქონე პაციენტებში (ციროზი) 2-3 გრამი/დღეში დოზა შეიძლება დაშვებული იყოს. ციროზის მძიმე შემთხვევებში კი სასურველი იქნება მაქსიმალური დოზის შემცირება ექიმის მეთვალყურეობისა და რეკომენდაციების მიხედვით!
ბავშვებში, 12 წლის ასაკის ზემოთ, იგივე დოზები გამოიყენება, რაც მოზრდილებში; უმცროსი ასაკის ბავშვებში კი მიმართეთ პედიატრს, რომელიც ბავშვს სხეულის მასის მიხედვით შეარჩევს შესაბამის დოზას.
ამჟამად არსებული ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე, FDA არ ფლობს სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები იწვევენ კოვიდის გაუარესებას.
შესაბამისად, შესაძლებელია ამ პრეპარატების უსაფრთხო გამოყენება პარაცეტამოლთან ერთად, საჭიროებისას, კერძოდ, გაჯიუტებული ცხელების შემთხვევაში.
იბუპროფენის დოზები: 200-დან 400 მილიგრამამდე 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით. მაქსიმალური დღიური, კუმულაციური დოზა 1200 მილიგრამი დღეში.
ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ ქრონიკულად იღებენ სხვადასხვა სახის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, უნდა გააგრძელონ ამ მედიკამენტების მიღება ჩვეულებრივ."
0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0