x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ლევან ზურაბაშვილი ამბობდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი
imageწერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის შეჭრის და მძვლების აყვანის შემდეგ, 31 წლის ლევან ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ხალხის გადასარჩენად ღმერთისგან იყო მოვლენილი.ამის შესახებ ერთ-ერთი მძევალი ჰყვება.


მძევლის ჩვენებას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს:


„შემოსვლისთანავე, ზემოთაღნიშნულმა პირმა ხმადაბლა, მშვიდი და მკაცრი ტონით, ყველა იქ მყოფს მოგვიწოდა შევგროვებულიყავით ოფისის ცენტრში, რაც იქ მყოფმა ხალხმა დაუყოვნებლივ შევასრულეთ. ამის შემდეგ, მან მოითხოვა, დაგვერეკა 112-ის სამსახურში, „მთავარ არხზე“ და „იმედზე“, ტელეფონის ნომრებს კი გვითითებდა, რომელიც ეწერა მარცხენა ხელის მაჯაზე.


მას მარჯვენა ხელში ეკავა შავი ფერის პისტოლესტის მსგავსი ნივთი, რაც აღვიქვი, როგორც ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ხოლო მარცხენა ხელში ეკავა ხელყუმბარის მსგავსი ნივთი, რაც ასევე აღვიქვი, როგორც ხელყუმბარა. ორივე ხელს იქნევდა ნერვიულად და ითხოვდა პოლიციის, ტელევიზიების მისვლას, ვინაიდან სურდა პირდაპირ ეთერში გასვლა. ზემოთაღნიშნულმა პირმა თქვა, რომ არ იყო ტერორისტი, იყო მართლმადიდებელი და ამას აკეთებდა ჩვენთვის, ამბობდა, რომ როდესაც ჩვენ ღმერთს ვთხოვდით დახმარებას, იგი იყო მოვლენილი ამ მიზნით ჩვენს გადასარჩენად და გვთხოვდა მხარდაჭერას, ამბობდა, რომ „იმათ რომ ფული ჩემოდნებით ჰქონდათ და ჩვენ კაპიკებს გვიხდიდნენ“, არ იყო სწორი საქციელი.



აღნიშნული საუბრის პერიოდში მას მომხმარებელმა მოუწოდა, რომ ოფისში მყოფი ფეხმძიმე გოგონა გაეთავისუფლებინა, რაზეც ზემოაღნიშნული მამაკაცი მაშინვე დათანხმდა. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ქალმა სთხოვა, რომ ახალი გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი და გაეშვა და იმავდროულად, იქ მყოფმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბიჭმა შესთავაზა, ოფისში მყოფი კიდევ ორი გოგონას გათავისუფლება, რაზეც მაშინვე დათანხმდა და ოფისიდან გამოგვიშვა ყველა ქალი, მათ შორის მეც. ზემოაღნიშნულ პიროვნებას, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, არც ჩვენი და არც შპს-ის მიმართ არანაირი ფინანსური მოთხოვნა არ წამოუყენებია და არც არავის ინდივიდუალურად არ დამუქრებია. იგი იყო განერვიულებული, რის გამოც იარაღს აქეთ-იქით იქნევდა იმ დრომდე, სანამ ვიღაცამ არ ურჩია, რომ იარაღი ზევით აეწია, რათა არ გავარდნოდა, ვინაიდან იქ მყოფები მას წინააღმდეგობის გაწევას არ უპირებდნენ, ამის შემდეგ, მან მარჯვენა ხელში არსებული პისტოლეტის მაგვარი ნივთი ჩაიდო შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში“, – აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ჩვენებაში.



ორიოდე დღის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაკავებულისთვის პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. პროკურორის, ლუკა გამყრელიძის განცხადებით, პატიმრობა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის გამო მოითხოვეს.

მისივე თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, ფსიქიატრიული ექსპერტიზაა დანიშნული.


სასამართლოზე ლევან ზურაბაშვილი თავად გამოვიდა სიტყვით და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა:


„პროკურორი სულ ამბობს შესაძლოა, შესაძლოა, ამას იძახით სულ, მაგრამ რეალურად ნახევარი საქართველო დაიღუპა ამ პრობლემებით წლების განმავლობაში. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, ყველა ჩვენ, თქვენი შვილები, ყველა იღუპება. რამდენს მოუკლავს თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, 4 საათი იქ ვიყავი, ტელევიზია არ მოსულა, როგორ მელაპარაკა აბა, ლაპარაკობდა პარტიის წარმომადგენელი და ამდენი წელია, პოლიტიკაშია, მაგრამ უსმენენ? შეიძლება, ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მათი შვილები, ძმები, იღუპება თაობები. გამწარებული ხალხი, გაჭირვებული თქვენს გულამდე არ მიდის? მე გავისტუმრე ვალები. სამუდამო მომეცით, მიღირს. მე აღარ ვთამაშობ, ცოდო ვართ, გადარჩეს ერი და კანონები შეიცვალოს. არ არსებობს ოჯახი, წამალი არ სჭირდებოდეს, ყველაფერი ძვირი ღირს – პამპერსი, წამლები. კი არ ვმრავლდებით და ვვითარდებით, უკან-უკან მივდივართ. ჩვენზეც იზრუნონ, ხალხზე. ყველამ ჭამა ფული და ახლა ჩვენზე იზრუნონ“, – განაცხადა ლევან ზურაბაშვილმა.

0
33
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0