კახეთი უახლესი მონაცემები დედოფლისწყაროში ინფიცირებულების შესახებ - სტატისტიკა 2020, 25 ნოემბერი, 19:45 25 ნოემბრის დილის მონაცემებით დედოფლისწყაროში 235 კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევა იყო აღრიცხული, თუმცა საღამოს მონაცემებით კიდევ 24 ახალი შემთხვევა აღირიცხა და მათი რაოდენობა 259-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 70 წლის ქალბატონი. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, 20 ნოემბერს 200 შემთხვევა იყო აღრიცხული, ამდენად ბოლო 5 დღეში 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იზოლაციაშია 300-ზე მეტი დედოფლისწყაროელი, ხოლო უკვე გამოჯანმრთელდა 60-ზე მეტი ინფიცირებული. როგორც სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაია ყოჩიაშვილი განმარტავს, დღეის მდგომარეობით მხოლოდ 1 საბავშვო ბაღი მუშაობს ქალაქ დედოფლისწყაროში, თუმცა მსურველებს შეუძლიათ ბავშვი დროებით სხვა ბაღებიდან აქ ატარონ. ქედების ზონის გარდა ყველა სოფელში დახურულია საბავშვო ბაღები. დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს ტელევიზიას ეუბნება, რომ მისი მოსაზრებით აუცილებელია, ქალაქის მასშტაბით ერთი საბავშვო ბაღი ღია იყოს, რათა სურვილის შემთხვევაში ოჯახებმა შეძლონ ბავშვის დატოვება. 26 ნოემბრიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ყველა საჯარო სკოლა. ამის შესახებ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ეთერ ზურიკაშვილმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადა. მისი განმარტებით, ონლაინ სწავლება, წინასწარი ინფორმაციით, 7 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ დრომდე ნახევარზე მეტ სკოლებში სასწავლო პროცესი ზოგგან მოსწავლეთა, ზოგგან მასწავლებლების ინფიცირების გამო იყო შეჩერებული. „დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი გაცნობებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ადგლობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, დედოფლისწყაროს ყველა საჯარო და კერძო სკოლა, 26 ნოემბრიდან 7 დეკემბამდე გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, “ - აღნიშნავს ეთერ ზურიკაშვილი. გასულ კვირას დედოფლისწყაროში, კორონავირუსით ინფიცირებული პირის გარდაცვალების, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 70 წლამდე ასაკის ქალი, ორმხრივი პნევმონიით, სახლში, ონლაინ კლინიკისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, მას ფილტვების პრობლემა ჰდონდა. . დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, დედოფლისწყაროში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალბატონი ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა. მისივე თქმით, ინფიცირებულთან ექიმი გეგმიურად მიდიოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა. “დედოფლისწყაროში გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებ, გარდაცვლილია 70 წლის ქალბატონი, რომელსაც 9 ნოემბერს დაუდასტურდა ინფიცირება და მკურნალობდა ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ორშაბათს ბინაზეც მოინახულა ოჯახის ექიმმა. მოულოდნელად მდგომარეობის დამძიმების გამო გადაიყვანეს დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა”, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა. . 25 ნოემბრის ჯამური მონაცემებით - კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩევენებლი გაიზარდა და 2923-მდე მიაღწია. 139 მოქალაქეს ორგანიზმში ვირუსის არსებობა ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა. რეგიონში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტა - 182, გურჯაანი - 589, დედოფლისწყარო -259, თელავი - 846, ლაგოდეხი – 331, საგარეჯო - 279, სიღნაღი - 193 და ყვარელი - 244. ამჟამად მკურნალობს 1917, აქედან 1732 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 29 მკურნალობს კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 156 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. თვითიზოლაციაში რჩება 2175 მოქალაქე. რეგიონის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 97 ადამიანი. ბოლო რამდენიმე კვირაში ვირუსი დაამარცხა 846–მა მოქალაქემ, 21 ადამიანი კი გარდაიცვალა. * * * კახეთის რეგიონში ამ დროისთვის სამი კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს, საგარეჯოში "ჯეო-ჰოსპიტალსი", ლაგოდეხში "არქიმედე" და თელავის ცენტრალური საავადმყოფო. თელავის რეფერალური საავადმყოფო კი ჰიბრიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდპაციენტებთან ერთად სხვა პაციენტებსაც იღებს.
. . . . . 775 2-ს მოსწონს
|