x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ამ დათვის ზომები ჭეშმარიტად გიგანტური იყო - საშიში მტაცებელი, რომელიც პლეისტოცენში ბატონობდა

წარმოიდგინეთ დათვი, რომლის სიმაღლე უკანა თათებზე დამდგარ მდგომარეობაში 3, 5 მეტრს აჭარბებს, ხოლო წონა - 1000 კილოგრამს! მასთან შედარებით თანამედროვე მრისხანე გრიზლი, რომელიც არაერთხელ გამხდარა დათვების ძალისა და დაუნდობლობის სიმბოლო სხვადასხვა ფილმსა თუ ბუნების საოცრებების შესახებ გაკეთებულ შოუპროგრამაში, ალბათ უწყინარი კატის კნუტივით გამოჩნდებოდა. ეს იყო ამერიკული მოკლეცხვირა დათვი, რომელიც 11 ათასი წლის წინ, ზუსტად პლეისტოცენის ეპოქის დასასრულს გადაშენდა.


ამ დათვს მეცნიერები მეორენაირად ბულდოგ დათვსაც უწოდებენ, რადგან ის გასაოცრად ჰგავს უზარმაზარი ზომის სქელბეწვა ბულდოგს, თუმცა მისი ნამდვილი სამეცნიერო სახელწოდება Arctodus simus გახლავთ. ეს გამაოგნებელი ცხოველი უდავოდ იყო არამარტო ყველა დროის ყველაზე დიდი დათვი მსოფლიოში, არამედ ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი ძუძუმწოვარიც კი. თვით გრანდიოზული ყინულის თეთრი დათვიც კი მთელი 200 კილოგრამით ჩამოუვარდებოდა მას.


მაგრამ ეს მოკლეცხვირა დათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი არ იყო. ის გასაოცრად სწრაფად დარბოდა, რასაც თავის ძალიან გრძელ კიდურებს უმადლოდა. თუ თანამედროვე დათვები ჭენებით მავალ ცხენებს ეწევიან, მოკლეცხვირა დათვს მათი მკვეთრად გასწრება უპრობლემოდ შეეძლო. ის ცალსახად ხორცისმჭამელი ცხოველი გახლდათ და წინა მხრების მოყვანილობით აფთარსაც კი წააგავდა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი აკავშირებდა აფრიკის ტერიტორიაზე მობინადრე ამ ცხოველთან.


მოკლეცხვირა დათვი მთელი 4, 9 მილიონი წლის მანძილზე ბატონობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. უძლიერესი ყბებით თავისუფლად ამსხვრებდა ბიზონების ძვლებს და შიგნით მდებარე ძვლის ნოყიერ ტვინს შეექცეოდა.


იმის გამო, რომ პლეისტოცენის ეპოქის დასასრულსა და ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისში ის უზარმაზარი ბალახისმჭამელი ცხოველები გადაშენდნენ, რომლებზეც მოკლეცხვირა დათვი ნადირობდა, სულ მცირე ხანში მტაცებელმაც თავისი მსხვერპლის ბედი გაიზიარა.


უდავოა, რომ დედამიწა ყოველთვის იყო მონსტრების და უზარმაზარი მტაცებლების პლანეტა, თუმცა ბუნება მაინც ყოველთვის დახვეწილი და ლამაზი ფორმებისკენ მიისწრაფვის. ამიტომ დღეს მოკლეცხვირა დათვის მსგავს მტაცებელს ვეღარ შეხვდებით.


დათვი

0
204
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0