x
image
intermedia.ge
„მესაქონლეობა“ - წიგნი, რომელიც ქართველ ფერმერებს საქმიანობის ახალ ეტაპზე გადაყვანაში დაეხმარება

image


მალე ქართველ ფერმერებს საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობის ახალ საფეხურზე გადყვანის პროცესში მესაქონლეობის დარგში პროფესიონალი ამერიკელი ფერმერის ჰეტერ სმით თომასის სიღრმისეული ცოდნა გაიზიარონ.


თომასი აშშ-ში წარმატებული ფერმერია, რომელმაც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, პროფესორებისა და ვეტერინარების ჩართულობით ფერმერთათვის მოცულობითი ინფორმაცია შეაგროვა. საბოლოოდ, მიღებული ცოდნა ერთ წიგნად - „მესაქონლეობად“ შეკრა და გამოსცა. წიგნში აღწერილია საქონლის ჯიშების, მათი მოვლის, მათი ამოცნობის, ვაქცინების, გამრავლების, კვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ, რაც წარმატებულმა ფერმერმა უნდა იცოდეს.


წიგნი ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოსცა. 19 ნოემბერს კი 19:00 საათზე გამომცემლობის „ფეისბუქ“ გვერდზე გაიმართება ონლიანწარდგენა. წიგნს წარადგენს მისი კონსულტანტი, მეცხოველეობის კომპანია „კავკასიის გენეტიკის“ დირექტორი, P.H.D კანდიდატი აგრარულ მეცნიერებებში, პროფესიონალი ქოუჩი და მენტორი თამარ ყაჭაშვილი.


რას მიიღებს ფერმერობით დაინტერესებული ადამიანი ამ წიგნისგან, ამის შესახებ თამარ ყაჭაშვილს დეტალურად ვესაუბრეთ:


ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობას მოსახლეობის ნახევარი ჯერ კიდევ მისდევს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მესაქონლეობის შესახებ ამგვარი გზამკვლევის გამოცემა?


დიახ, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული და სტატისტიკის მიხედვით, მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის მშპ-ს წილის 50%-ს შეადგენს და დარგიც პრიორიტეტულადაა მიჩნეული, ამიტომ, ამ სექტორისთვის სათანადო ინფორმაციის გადაცემა და ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანია.


ვფიქრობ, რომ ეს სახელმძღვანელო მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მესაქონლეობით დაინტერესებულ მიზნობრივ აუდიტორიას.


რას მისცემს ეს წიგნი მესაქონლეობით დაინტერესებულ ადამიანებს? არის თუ არა ის ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგებული?


წიგნის მე-3 შესწორებულ გამოცემაში წარმოდგენილია განახლებული და ყველა საჭირო ინფორმაცია მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებაზე, მკურნალობასა და მოვლაზე. ეს არის მესაქონლეობით დაინტერესებლი ადამიანებისთვის ღირებული ინფორმაცია, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება აღნიშნული საქმიანობისას და როგორ უნდა გაუძღვნენ ეფექტურად.


ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგებას რაც შეეხება, ვფიქრობ ისეთი ძირითადი საკითხების ცოდნას როგორებიცაა: ცხოველის ჯიში და მათი შერჩევა, ჯანმრთელობა, მოვლა-შენახვის სხვადასხვა საკითხები და ა.შ., გეოგრაფია არ აქვს. თუმცა, არის საკითხები რომლებიც ამა თუ იმ რეალობაში ადაპტირებას მოითხოვს და “კოპირება“ არ გამოდგება.


რამდენად მარტივი ენით არის წიგნში ახსნილი იმ საფეხურების შესახებ, რაც უნდა გავიაროთ, რომ ფერმა სწორად ვმართოთ და ჯანმრთელი ცხოველები შევინარჩუნოთ?


ვფიქრობ, ყველა საკითხი საკმაოდ გასაგებად და თანმიმდევრულადაა ახსნილი. შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ამ თვალსაზრისითაც მიმზიდველია უკვე შემდგარი ფერმერისთვის თუ დამწყებთათვის.


ჩემი აღქმით, წიგნში მოცემული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, ფერმერობა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთი მთლიანი პროცესი. პრაქტიკული თვალსაზრისით გავიაზროთ თითოეული მოქმედების მნიშვნელობა, შინაარსი და ამავდროულად, გავიგოთ რა ცოდნაა საჭირო ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, ფერმერული მეურნეობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ასევე, მოვიშველიებ ავტორის სიტყვებს: “არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის გამოცდილება გაქვთ, ყოველთვის არის რაღაც სასწავლი.“


თქვენ, როგორც გამოცემის კონსულტანტმა, რა სიახლეები აღმოაჩინეთ წიგნში?


ჩემთვის, როგორც კონსულტანტისთვის, სიახლის თვალსაზრისით, გამოვყოფდი არა კონკრეტულ საკითხებს, არამედ იმ გამორჩეულ მიდგომას, რომელიც საფუძვლად უდევს წიგნის შინაარსსა და ტექსტს - ეს არის ავტორის პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. იგი, ამერიკელი მესაქონლეა ცენტრალურ-აღმოსავლეთ აიდაჰოდან და თავისი მუშაობის გამოცდილების აღწერისას, ასევე, ისარგებლა პრაქტიკოსი ვეტერინარებისა და უნივერსიტეტის პროფესორის დახმარებით, გამოიყენა სახელმძღვანელოები და მრავალი წლის მანძილზე შეგროვილი პრაქტიკული გამოცდილება. მათ შორის, აშშ-ის მასშტაბით აღებული მრავალი სელექციონერის, ექსპერტის და მკვლევრების არაერთი ინტერვიუ მეცხოველეობის შესახებ, რაც ძალიან მდიდარი ინფორმაციაა და ხაზგასასმელია.


წიგნის ონლაინწარდგენასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია ნახეთ ბმულზე

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0