x
image
მანანა თურმანიძე
ის მაინც ბრუნავს

image

დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, უფრო სწორად მისი ღერძის გარშემო და 365 დღის განმავლობაში მზის გარშემო აკეთებს წრეს. 1543 წელს პოლონელმა მეცნიერმა, ნიკოლას კოპერნიკმა დაასაბუთა ჰელიოცენტრული კონცეფცია, რომელიც XVII საუკუნეში განავითარეს ჯორდანო ბრუნომ და გალილეო გალილეიმ. მას შემდეგ ამის შესახებ უფრო დახვეწილი ახალი აღმოჩენა არ გაკეთებულა.

დღეს ამ მარტივ ჭეშმარიტებას ყველა ზრდასრული და მეტ-ნაკლებად განვითარებული ბავშვიც კი იცნობს, ან სმენია მაინც, ისევე, როგორც დარვინის თეორიის შესახებ. თუმცა, ზოგიერთების მსჯელობას თუ დააკვირდები, ისეთ არქაულ აზრებს ავითარებენ, რომ შესაძლოა გონივრული ეჭვი გაგიჩნდეს - ნეტავ ჰელიოცენტრული სოლარული სისტემის არსებობის თუ სჯერავთ?!

„დიდად არ ვარ დავალებული იმით, რომ იგივე ღმერთი, რომელმაც დაგვაჯილდოვა გრძნობებით, ცნობიერებითა და ინტელექტით, გვაიძულებს უარი ვთქვათ მათ გამოყენებაზე“ - ამბობდა გალილეო გალილეი, იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელლი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი. მომიტევეთ, გავკადნიერდები და არ დავეთანხმები დიდ მოაზროვნეს, ღმერთი ადამიანს თავისუფალ ნებას აძლევს, რაც აზროვნების შესაძლებლობას არ ზღუდავს. თუმცა სავარაუდოდ მისი ეს გამონათქვამი უფრო სარკაზმს წააგავს იმ ფარისევლების მისამართით, ვინც აზროვნების, მეცნიერების და პროგრესის წინააღმდეგ ილაშქრებს ღმერთის სახელით, ამავე დროს კი თავად სარგებლობს ამ პროგრესის სიკეთეებით. „მაღალი სიბრძნეა საკუთარი თავის ცოდნა“ - ამბობდა გალილეი. იქნებ მავანთ მართებთ დაფიქრება, რა მოტივაცია ამოძრავებთ პროგრესის წინააღმდეგ გასალაშქრებლად, პირადი გამორჩენა ან/და მერკანტიული საცდურები ხომ არა? მაშ, თუკი ელექტროენერგიით, გაზგაყვანილობით, ტელე-კომუნიკაციების თანამედროვე სერვისებით, დახვეწილი სატრანსპორტო საშუალებებით და მედიცინის მიღწევებით სარგებლობთ, მეცნიერებას და პროგრესულ აზროვნებას რატომღა უნდა ებრძოდეთ?

დედამიწაზე, მზის სისტემაში დღემდე აღმოჩენილ ერთადერთ დასახლებულ პლანეტაზე, 7, 6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან თითოეული ინდივიდია და უნიკალურია. ყველა ადამიანს საკუთარი მოსაზრება გააჩნია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს, თუმცა არსებობს თანამედროვეობის საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებები, რომელთაც ყველა მეტ-ნაკლებად განათლებული და გონიერი ადამიანი ეთანხმება, რადგან ასეთ ჭეშმარიტებებზე კამათი უგუნურებაა. მაგრამ, ისევ მეცნიერების მამად წოდებულ გალილეის თი დავესესხები „არ არსებობს იმაზე დიდი სიძულვილი, ვიდრე ცოდნის მიმართ სიძულვილია“.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჭეშმარიტებაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, რომელიც ადამინებს შორის თანასწორობის და მათი თავისუფლების იდეას ემყარება. ეს დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ის ყველა თანამედროვე ადამიანს უნდა ესმოდეს, ისევე, როგორც ის, რომ დემოკრატია არის სახელმწიფო მართვის არა იდეალური, არამედ საუკეთესო ფორმა, რომელიც ოდესმე გამოუგონია ადამიანს - ღმერთისგან შექმნილი სამყაროს ყველაზე გონიერ მკვიდრს. კაცობრიობას, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, სახელმწიფოს მართვის კუთხით, უკეთესი არაფერი შეუქმნია.

დემოკრატიის ცნება ანტიკური საბერძნეთიდან მოდის. სიტყვის ეტიმოლოგია ( δήμος „დემოს“ - ხალხი; κράτος „კრატოს“ - კანონი/ძალა), თავად მიგვითითებს, რომ ის თავის თავში მოიაზრებს ხალხის ძალაუფლებას. ეს არის სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ რჩეულ წარმომადგენლებს ეკუთვნით.

დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. რატომ არჩევითობა - ხალხი ირჩევს მის საუკეთესო, ყველაზე წესიერ, უანგარო, მიუკერძოებელ და ამავე დროს მოაზროვნე, განათლებულ, გამოცდილ, ბრძენ წარმომადგენლებს, რომელთაც მიანდობს ქვეყნის მართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის ბატონობა, როგორც ასეთი, დაემსგავსებოდა ანარქიას, რაც წარმოქმნიდა ქაოსს. რატომ მოკლევადიანობა - ადამიანის ბუნება მიდრეკილია ანგარებისა და ძალაუფლების სიყვარულისკენ, რაც ხანგრძლივი დროით მმართველობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით გადაიზრდება ავტოკრატიაში. ავტოკრატია ასევე ბერძნული ტერმინია (αυτός, თვით და κρατέω, მართვა) რაც თვითმმართველობას გულისხმობს. ეს არის სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს ან ერთ ძალას ეკუთვნის. ის გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის მონათმფლობელურ სახელმწიფოებში - ეგვიპტეში, ბაბილონში და ა.შ. თანამედროვე ეპოქაში ავტოკრატია ასევე აღნიშნავს პოლიტიკურ რეჟიმს, როდესაც უმაღლესი ხელისუფლება ხელთ უპყრიათ წარმომადგენლობითი ორგანოს კონტროლს გარეთ მყოფ პირებს.

ავტოკრატია, თავის მხრივ, გულისხმობს ავტორიტარიზმს, ანუ მმართველობის სისტემას, რომელიც ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას უზრუნველყოფს. ავტორიტარიზმი, როგორც სისტემა, ძირითადად პოლიტიკურ სფეროს მოიცავს - იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები. ამასთანავე, ტოტალიტარიზმისგან განსხვავებით, ავტორიტარიზმი მოსახლეობას თავისუფალი მოღვაწეობის გაცილებით უფრო ფართო არეალს უტოვებს. მმართველობის ავტორიტარული წესი ეგუება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და არ ზღუდავს კერძო სამეწარმეო თუ კომერციულ საქმიანობას.

ავტორიტარული მმართველობის პირობებში რეფერენდუმისა და არჩევნების პროცესი ექვემდებარება ხელისუფლების კონტროლს, აქედან გამომდინარე, ხშირად ფალსიფიცირებულია და ატარებს ფორმალურ ხასიათს. მმართველი ძალისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების რეალური მექანიზმი განსხვავებულია საკონსტიტუციო ნორმებისგან.

ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მიზანი მმართველი ჯგუფის და ლიდერის ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა სახელმწიფო იდეოლოგიის გაბატონება. შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს სფეროები, სადაც ადამიანებს მეტ-ნაკლებად თავისუფლად საქმიანობის საშუალება ეძლევათ მანამ, სანამ ავტორიტარული მმართველის ძალაუფლებას არ დაუპირისპირდებიან ან მის ინტერესებს არ გადაკვეთენ. ავტორიტარული რეჟიმი, ტოტალიტარულის მსგავსად უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც კონკურენტებად აღიქვამს, თუმცა, ამისთვის ტოტალური რეპრესიების ნაცვლად არაფორმალურ მეთოდებს იყენებს. ავტორიტარულ სახელმწიფოში ფორმალურად ადამიანის უფლებები აღიარებულია, პრაქტიკაში კი ისინი ირღვევა. ავტორიტარიზმი, თავისი ბუნებით ენათესავება მმართველობის ისეთ დესტრუქციულ და დრომოჭმულ ფორმებს, როგორიცაა დიქტატურა, დესპოტიზმი ან ტირანია.

ავტორიტარიზმის დამახასიათებელ ნიშნებად გამოყოფენ შემდეგს:

  • ავტოკრატიულობა - ანუ რეალური ძალაუფლების მქონე პირთა შეზღუდული რაოდენობა. ძალაუფლების მატარებელი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, მონარქი ან ტირანი, ან პირთა მცირე ჯგუფი: სამხედრო ხუნტა, ოლიგარქიული ჯგუფი და სხვ.
  • ძალაუფლების შეუზღუდაობა - როდესაც მოქალაქეებს ხელისუფლების კონტროლის არავითარი მექანიზმები არ გააჩნიათ. ამავე დროს, ხელისუფლებას შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს და შეუძლია მართოს საზოგადოება კანონების დახმარებით, რომელთაც საკუთარ მიზნებსა და ინტერესებს არგებს და მანიპულირების საშუალებად იყენებს;
  • რეალურ თუ პოტენციურ ძალაზე დაყრდნობა - ავტორიტარულ რეჟიმს შეუძლია არ მიმართოს მასობრივ რეპრესიებს და ისარგებლოს მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარობით, მაგრამ იგი ფლობს საკმაო ძალას, რათა აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენოს ძალა და იძულების წესით დაიმორჩილოს მოქალაქეები;
  • ძალაუფლების და პოლიტიკის მონოპოლიზაცია, ოპოზიციისა და კონკურენციის არარსებობა. ავტორიტარული რეჟიმის დროს შესაძლებელია პარტიების, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული რაოდენობით არსებობა, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, რეალური პოლიტიკური ოპოზიცია, კრიტიკულად განწყობილი სხვა ჯგუფები და ნეიტრალური მოთამაშეები იზღუდებიან;
  • ავტორიტარიზმი არ მოიაზრებს საზოგადოების ტოტალურ კონტროლს. მმართველი ძალის მიზანია საკუთარი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის და სტატუს ქვოს შენარჩუნება;
  • პოლიტიკური ელიტის რეკრუტირება ხდება არა კონკურენციის პრინციპით, ელექტორალური ბრძოლის შედეგებზე დაყრდნობით, არამედ კოოპტაციის (ლათ. Cooptation), ზემოდან, ამომრჩეველთა დაუკითხავად დანიშვნის გზით.

ამ ნიშნების გათვალისწინებით, ავტორიტარიზმი შეიძლება განისაზღვროს, როგორც „ერთი პირის ან ჯგუფის ძალაუფლება, რომელიც არ უშვებს პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას, თუმცა ინარჩუნებს პიროვნებისა და საზოგადოების ავტონომიას არაპოლიტიკურ სფეროებში“. ავტორიტარიზმის დროს იკრძალება საქმიანობის მხოლოდ განსაზღვრული, ძირითადად, პოლიტიკური ფორმები, დანარჩენ სფეროებში მოქალაქეებს ეძლევათ მოქმედების თავისუფლება. ადამიანის უფლებები, გარდა პოლიტიკურისა, მეტ-ნაკლებად პატივისცემით სარგებლობს და ფორმალურად დაცულია, თუმცა, ავტორიტარიზმის პირობებში მოქალაქეებს უსაფრთხოების, დაცულობის და თავისუფლების არავითარი რეალური, ინსტიტუციონალური გარანტიები არ აქვთ, როგორიცაა: დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სამართალდამცავი და მარლთმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები, ოპოზიციური პარტიები და სხვ.

პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობს ავტორიტარული მთავრობების სხვადასხვა კატეგორიები. ავტორიტარული რეჟიმი შეიძლება იყოს ავტოკრატიული, ოლიგარქიული და ემყარებოდეს პარტიის ან სამხედრო მმართველობას. ავტორიტარულ სახელმწიფოებში შესაძლებელია ფორმალურად არსებობდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგალითად, პოლიტიკური პარტიები, საკანონმდებლო ორგანო, არჩევნები, თუმცა მათი ფუნქციონირება ერთ მიზანს ემსახურება, გააძლიერონ ავტორიტარული მმართველობა.

პოლონელი პოლიტოლოგის, ადამ პჟევორსკის თანახმად, „ავტორიტარული წონასწორობა ემყარება ტყუილებს, შიშსა და ეკონომიკურ კეთილდღეობას“. ავტორიტარიზმში მიღებულია არაფორმალური პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენება. სახელმწიფო ბიუროკრატია რეჟიმის მომხრეებით არის დაკომპლექტებული და მისდამი ერთგულება ინდოქტრინაციის სხვადასხვა მეთოდით მყარდება. საზოგადოების ინდოქტრინაციის ტიპური მაგალითია საბჭოთა კავშირი, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა იდეოლოგიზირებული იყო და ემსახურებოდა ადამიანის შეხედულებების მოქცევას საბჭოთა სისტემისა და მმართველი პარტიისათვის სასურველ ჩარჩოებში. სწორედ ამ ინდოქტრინაციის შედეგად, დღემდე იგრძნობა საბჭოური იდეოლოგიის ზეგავლენა ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ფენებში და ასაკობრივ ჯგუფებში.

ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს. განურჩევლად მისი სქესისა, ასაკისა, ეროვნულ-ეთნიკური, რასობრივი, რელიგიურ-აღმსარებლური, სოციალური, პარტიულ-იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.

იდეაში დემოკრატია ღარიბთა და უპოვართა მმართველობაა, ანუ მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ხალხი პირდაპირ და უწყვეტად მართავს საკუთარ თავს პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეთა დაუხმარებლად; დემოკრატიული საზოგადოება თანაბარ შესაძლებლობებსა და პიროვნულ უნარს დაყრდნობილი საზოგადოებაა, სადაც იერარქიიისა და პრივილეგიების ადგილი არ არის. დემოკრატია გულისხმობს გადაწყვეტილებათა მიღების ისეთ წესს, რაც უმრავლესობის მმართველობას ეფუძნება. ამავე დროს, ეს არის უმრავლესობის ძალაუფლებაზე კონტროლის განმახორციელებელი უმცირესობის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველმყოფელი სისტემა.

დემოკრატიის კლასიკური მოდელი ძველ ბერძნული პოლისია ანუ ქალაქი სახელმწიფო, კერძოდ მმართველობის ის სისტემა, რომელიც ათენში განვითარდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე V - IV საუკუნეებში. იქ გავრცელებული პირდაპირი დემოკრატიის ფორმას იდეალურ სისტემად მიიჩნევდნენ. კლასიკური დემოკრატია სახალხო მმართველობის პრინციპს ეფუძნება და ხალხის მიერ მმართველობის საუკეთესო მართვის ფორმaდ მიიჩნევა დღემდე. სამწუხაროდ, კაცობრიობამ ჯერ უკეთესი ვერაფერი შექმნა სახელმწიფოს უფრო დახვეწილი მართვის განახორციელებლად.

2006 წლიდან ჟურნალ ეკონომისტის (The Economist) კვლევითი ჯგუფი, მის მიერვე დადგენილი „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით ზომავს დემოკრატიის დონეს მსოფლიოს 167 ქვეყანაში. ჟურნალი ლონდონის ყოველკვირეული ახალი ამბებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა მიმოხილვის პუბლიკაციაა და იბეჭდება 1843 წლიდან. ჟურნალის სლოგანის მიხედვით, მისი მიზანია მონაწილეობა მიიღოს „მკაცრ კონკურსში ცოდნას (რომელიც პროგრესულია) და უმეცრებას (რომელიც პროგრესს ობსტრუქციას უწევს), შორის“. ძირითადი თემებია საერთაშორისო სიახლეები, ეკონომიკა, პოლიტიკა, ბიზნესი, ფინანსები, მეცნიერება, ტექნოლოგია და ხელოვნება. პუბლიკაცია გამიზნულია ბაზრის მაღალ „პრესტიჟულ“ სეგმენტზე და მის აუდიენციად გავლენიანი ბიზნეს და სამთავრობო გადაწყვეტილებათა მიმღები წრეები ითვლება.

„დემოკრატიის ინდექსი“ ეფუძნება 60 ინდიკატორს, რომელიც ხუთ სხვადასხვა კატეგორიად იყოფა: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. ქულათა სისტემისა და კატეგორიების მიხედვით ხდება ქვეყნების ოთხი ტიპის რეჟიმებად კლასიფიკაცია: 1. სრული დემოკრატია, 2. არასრული დემოკრატია, 3. ჰიბრიდული რეჟიმი და 4. ავტორიტარული რეჟიმი. 2019 წლის მონაცემებით 54 ქვეყანა არის იდეტიფიცირებული, როგორც ავტორიტარული რეჟიმი. ამჯერად საქართველო ჰიბრიდული რეჟიმების სიაშია.

„დემოკრატიის ინდექსის“ კვლევითი ჯგუფი ავტორიტარულ რეჟიმებს შემდეგნაირად აღწერს: ავტორიტარულ სახელმწიფოებში პოლიტიკური პლურალიზმი ან საერთოდ არ გვხვდება, ან იგი უკიდურესად შეზღუდულია. ამ კატეგორიაში შესულ ბევრ ქვეყანაში დიქტატურაა. ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუტი ფორმალურად შესაძლოა არსებობდეს, თუმცა ისინი ძალიან სუსტია. არჩევნები, თუ ტარდება, არ არის დამოუკიდებელი და სამართლიანი. სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები უგულვებელყოფილია. მედია უმეტესად სახელმწიფოს საკუთრებაშია ან კონტროლირდება მმართველი გუნდის მიერ. მთავრობის კრიტიკა რეპრესირებულია და ძლიერია ცენზურა. არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ „დემოკრატიის ინდექსში“ საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილების შემდეგ დაფიქსირდა და მან 2013 წელს ისტორიული მაქსიმუმი - 5.95 ქულა შეადგინა, თუმცა შემდგომი წლების განმავლობაში ამ კუთხით რყევები შეინიშნებოდა, ხოლო 2018 წლიდან საქართველოს შეფასება დემოკრატიის ინდექსში უარესდება. 2019 წელს საქართველომ 5.42 ქულა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიბრიდულ რეჟიმსა და არასრულ დემოკრატიას შორის არსებული 6-ქულიანი ბარიერი ვერ გადალახა. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფო ჯერ კიდევ ჰიბრიდულ რეჟიმს წარმოადგენს.

image

ჩვენ ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ, რომ „დემოკრატიის ინდექსის“ მომდევნო კვლევაში მესამედან მეოთხე კატეგორიაში, ანუ ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნების სიაში არ გადავინაცვლებთ. მინდა მჯეროდეს, რომ დავწინაურდებით და სრული დემოკრატიის მქონე სახელმწიფოთა რიგებში თუ არა, არასრული დემოკრატიის მქონე ქვეყნად მაინც გვაღიანებენ. ამისთვის კი, ცხადია მხოლოდ ოცნება არ იქნება საკმარისი, ამას სწორი ხედვა, საფუძვლიანი ანალიზი, დახვეწილი სტრატეგია, პროგრესზე ორიენტირებული გუნდი, საზოგადოების და ძირითადი მოთამაშეების კონსოლიდირებული ძალისხმევა და ხალხზე ზრუნვის მიზნობრივი პოლიტიკა სჭირდება. იმედია ჩვენ ამას შევძლებთ.

„ჭეშმარიტი ცოდნაა - მიზეზის ცოდნა“ ... და „ის მაინც ბრუნავს“ - გალილეო გალილეი.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0