x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები საქართველოში?
ყარაბაღის კონფლიქტის არსებული სტატუს კვოს მეშვეობით რუსეთმა პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა ამიერკავკასიის 2 სახელმწიფოზე - აზერბაიჯანსა და სომხეთზე. სომხეთს რეალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მოუწევს, თქვას უარი კონფლიქტურ რეგიონზე, რომელიც სამართლებრივად აზერბაიჯანს ეკუთვნის, რაც თითქმის არარეალური პერსპექტივაა. ამის საპირწონე ყარაბაღის ნაწილობრივ შენარჩუნება და რუსეთის სრული ბატონობაა სომხეთზე. აზერბაიჯანს რაც შეეხება, მან დაათბო ურთიერთობები პუტინთან და აღიარა მისი მზარდი გავლენა საკუთარ ტერიტორიაზე. ამრიგად, სიმართლეს თვალებში თუ ჩავხედავთ, ამიერკავკასიის ეს ორი სახელმწიფო დღეის მდგომარეობით ოკუპირებულია რუსეთის მიერ.


ამიერკავკასიის ერთადერთი არაოკუპირებული სახელმწიფო საქართველოა. საბედნიეროდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, რომელიც რუსეთთან უკომპრომისო პოლიტიკის განხორციელების მომხრეა. შექმნილ უმძიმეს ვითარებაში, საქართველომ აუცილებლად უნდა დააყენოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსების საკითხი. ეს საკითხი ჩვენმა საგარეო უწყებამ უნდა წამოჭრას როგორც მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში, ასევე ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ.


ამერიკული ბაზები დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან სამხრეთ კორეასა და გერმანიაში, მაგრამ ამით ამ ორ ქვეყანას არაფერი დააკლდა. როგორც სამხრეთ კორეა, ასევე გერმანია აბსოლუტურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენენ და სრული სისულელე და უაზრობაა იმის მტკიცება, რომ ამერიკელები შებღალავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ყველაზე ერთგული მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა და როგორც ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის პროცესში დავრწმუნდით, ეს პარტნიორობა საუკეთესო და სამაგალითო ურთიერთობების გამოცდილებას ეფუძნება; შეერთებული შტატების გავლენა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ პოზიტივს და სიკეთეს ემსახურება როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების ყოფნის დროს ხელისუფლებაში.


ამრიგად, ჩვენ ძალიან ენერგიულად უნდა დავაყენოთ ამერიკული ბაზების განთავსების საკითხი და ასევე მოვითხოვოთ დამატებითი ფულადი სახსრები და საომარი აღჭურვილობა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. ჩვენ გვაქვს ამის უფლება და ეს უფლება აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. იმ ძნელბედობის ჟამს, რაც დღეს კავკასიაში სუფევს, ჩვენ მაქსიმალური ინტეგრაცია გვჭირდება დასავლეთთან, რათა დაცულ იქნას ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება.



ქართველი ბავშვები თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა გაიზარდონ. ჩვენმა არცერთმა თაობამ აღარ უნდა გამოცადოს რუსული საოკუპაციო რეჟიმის ბატონობის საშინელებები. ამას არავინ იმსახურებს.


ამერიკა

1
218
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
218
  
2020, 13 ნოემბერი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1