x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ასტრონომებმა დედამიწის ზომის მოხეტიალე პლანეტა აღმოაჩინეს
დღეისათვის ასტრონომებს მზის სისტემის ფარგლებს მიღმა ათასობით პლანეტა აქვთ აღმოჩენილი, მაგრამ მათ შორის დედამიწის ზომის აქამდე არცერთი არ იყო. ამიტომ არის ბოლო აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობის. პლანეტოლოგებმა სულ ცოტა ხნის წინ იპოვეს ისეთი ციური სხეული, რომელიც მასით დედამიწის ტოლია, მაგრამ არცერთი მნათობის ირგვლივ არ მოძრაობს და მარტოდმარტო დახეტიალობს გალაქტიკაში.


პლანეტა პოლონელმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს და მათვე შეურჩიეს სახელი, რომელიც წყალქვეშა ნავის საიდუმლო კოდს უფრო ჰგავს, ვიდრე ციური სხეულის სახელწოდებას. OGLE-2016-BLG-1928 ასე ეწოდება ამ ახალ მოხეტიალე ცთომილს, რომელიც ოდესღაც მოძრაობდა საკუთარი ვარსკვლავის გარშემო, მაგრამ უცხო მასიური კოსმოსური სხეულის გავლენით მოწყდა მშობლიური ვარსკვლავის ორბიტას და მოხეტიალე “ცხოვრება” დაიწყო.


მსგავსი პლანეტების აღმოჩენა უკიდურესად რთულია. მათ აღმოსაჩენად მეცნიერები გრავიტაციული ლინზირების მეთოდს იყენებენ, რომელიც აინშტაინის თეორიას შეესაბამება, რომლის მიხედვით მასიური ციური სხეული მის ირგვლივ სივრცის თვალშისაცემ გამრუდებას იწვევს.


აქამდე სულ რაღაც თორმეტიოდე მოხეტიალე პლანეტა იყო აღმოჩენილი, მაგრამ დედამიწის ზომის მათ შორის ერთიც არ ყოფილა. ბოლოს აღმოჩენილის გარდა ყველა სხვა დანარჩენი მოხეტიალე ეგზოპლანეტა იუპიტერზე გაცილებით უფრო დიდია საკუთარი მასით და დიამეტრით.



შესაძლოა, მოხეტიალე პლანეტის ზედაპირზე ოდესღაც სიცოცხლეც კი ჩქეფდა, მაგრამ საკუთარი მნათობიდან დაშორების კვალდაკვალ დიდი ალბათობით მისი ზედაპირის ტემპერატურა თანდათან კელვინის აბსოლუტურ ნულთან მიახლოვდა, თუ ციურ სხეულს სათბურის ეფექტი და მისი თანმდევი ვულკანური აქტივობა არ იცავს. ფაქტი ერთია: მოხეტიალე პლანეტის ცაზე მარადიული ღამეა, რომელსაც მხოლოდ შორეული ვარსკვლავებიდან მიღწეული სუსტი სინათლე არღვევს, ეს კი ჩვენთვის ცხოვრების ძალიან უჩვეულო და ექსტრემალური პირობაა.


ცთომილი

1
159
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
159
  
2020, 13 ნოემბერი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1