x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ფაუნის უცნაური მკვიდრნი, რომლებიც "სტუმარს" შხამიანი კოქტეილებით უმასპინძლდებიან

imageimage



ფაუნის ზოგი წარმომადგენლის კონკრეტული კლასისა თუ სახეობის ერთ კბენას შეუძლია, ადამიანი გაგზავნოს მდინარე სტიქსის მეორე მხარეს მარილის მოსატანად. ცხოველთა სამყაროს ამგვარი საშიში ბინადრების დამცავი ორგანოები, ან ქსოვილები შეიცავს ნივთიერებებს, რომელთაც ტოქსიკური, მომაკვდინებელი ზემოქმედება აქვს ადამიანებსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე. მომაკვდინებელი იარაღით, საშიში ნივთიერებით ფაუნის ზოგი წარმომადგენელი იმიტომ აღჭურვა ბუნებამ, რომ ამ შხამის მატარებელ არსებებს გაადვილებოდათ ველურ პირობებში ცხოვრება. როგორც წესი, შხამს ეს ცხოველები იყენებენ ან სანადიროდ, ან თავის დასაცავად. შხამის მატარებლები ძირითადად გვხვდება გველებსა და არაქიდებს შორის. ამასთანავე, მათ გარდა, წყალშიც და ხმელეთზეც არაერთი მცხოვრებია, რომელთა მთავარი იარაღი ძლიერი ტოქსიკური, მომწამვლელი კოქტეილია.

სტატიაში წარმოგიდგენთ ფაუნის 10 სხვა სახეობის (გველისა და არაქიდების გარდა) წარმომადგენელს, სპეციალური ორგანოებით, რომლებიც გამოიმუშავებენ საშიშ სითხეს, მომაკვდინებელ შხამს.

1.თევზი-ქვა

image

თევზი ქვა, ზღვის ეს წარმომადგენელი მსოფლიოში ყველაზე შხამიანი თევზია. ის ბინადრობს წყნარი ოკეანისა და ინდოეთის ოკეანის მარჯნის რიფებთან და ინიღბება იმით, რომ ქვის შესახედაობას იღებს. მას ყველაზე შხამიანი ჯირკვლები აქვს და სხვა ორგანიზმში შეღწევის ხარისხის შესაბამისად, შეუძლია, ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს, ასევე, მოსალოდნელია შოკი, დამბლა და ქსოვილების სიკვდილიც კი დადგეს. თუ ქვა თევზის შხამი მსხვილ სისხლძარღვში მოხვდება, 2-3 საათში მსხვერპლი შეიძლება, მოკვდეს.

2.ყვითელი მორიელი


image

ყვითელი მორიელი სახლობს ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოების შემოგარენში, არაბეთის ნახევარკუნძულსა და ახლო აღმოსავლეთში. მტრისაგან თავის დასაცავად, ან სანადიროდ ის იყენებს შხამიან, მომაკვდინებელ კოქტეილს, რომელიც შეიცავს ნეიროტოქსინებს. ბავშვებისა და იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სუსტი ჯანმრთელობა და გულის დაავადებები აქვთ, ყვითელი მორიელის ნაკბენი ფატალურია, სიკვდილს იწვევს.

3.კუბომედუზა

image

კუბომედუზა განეკუთვნება მედუზების 20 სახეობას შორის ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც ბინადრობს ტროპიკული და სუბტროპიკული ზონების წყალში, ოკეანის სიღრმეში. მასთან შეხვედრა ადამიანისათვის სახიფათოა. კუბომედუზასთან ადამიანის კონტაქტის შედეგი სხვადასხვაგვარია, დაწყებული ძლიერი, აუტანელი ტკივილიდან დამთავრებული საბედისწერო აღსასრულამდე.

4.დრევოლაზები

image

image

image

დრევოლაზი ყველაზე შხამიანი ბაყაყის სახეობაა, რომელიც გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბაყაყის ეს სახეობა გამოიმუშავებს ძლიერ შხამს. დრევოლაზების კანი შეიცავს ალკალოიდ-ბათრაქოტოქსინებს. ადამიანთან შეხებისას დრევოლაზის შხამი იწვევს მსუბუქი წვის შეგრძნებასა და თავის ტკივილს. თუ დრევოლაზის შხამი მოხვდება ადამიანის, ან სხვა რომელიმე არსების სისხლში, იწვევს არითმიას, ფიბრილაციასა და გულის გაჩერებას.

5.ლურჯწინწკლებიანი რვაფეხა

image

image

ლურჯი რვაფეხა ბეჭდების ოჯახის წარმომადგენელია. იზრდება მაქმიმუმ 12-20 სმ., თუმცა იმდენ შხამს შეიცავს მისი სხეული, რომ რამდენიმე წუთში შეუძლია, მოკლას 26 ზრდასრული ადამიანი. იგი ცხოვრობს წყნარი ოკეანის წყლებში (იაპონიიდან ავსტრალიამდე სივრცეში). ლურჯწინწკლებიანი რვაფეხები შხამს გამოიმუშავებენ სიმბიოზური ბაქტერიების საშუალებით. ეს მავნე ნივთიერება ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხდება მსხვერპლის პარალიზება, სუნთქვის უკმარისობა და შედეგად გულის გაჩერება.

6.თევზი ფუგუ

image

იაპონიაში თევზი ფუგუ დელიკატესად მიიჩნევა და დიდი მოთხოვნაა ეგზოტიკური, უცხო კერძის დაგემოვნების მოყვარულთა მხრიდან. ფუგუს შინაგანი ორგანოები შეიცავს ტეტროდოტოქსინის სასიკვდილო დოზას. თუ მზარეული არ ამოიღებს ყველა შხამიან ნაწილს, ან არასწორად დაჭრის ამ თევზს, ექსტრემალური სამზარეულოს მოყვარულებისათვის თევზი ფუგუსაგან დამზადებული ვახშამი აღმოჩნდება მათ ცხოვრებაში ბოლო ტრაპეზის ჟამი.

7.იხვნისკარტა

image

ორივე სქესის პატარა იხვნისკარტებს უკანა ფეხებზე აქვთ რქებიანი ნაწილი. მდედრ იხვნისკარტებში ეს ნაწილი ქრება, ხოლო მამრებში იზრდება 1.2 - 1.5 სმ.-მდე.

დაწყვილების პერიოდში მამრი იხვნისკარტას ბარძაყის ჯირკვალი შეიცავს საკმარის შხამს, რათა მოკლას პატარა ცხოველი. ადამიანის შემთხვევაში, მამრი იხვნისკარტას ნაკბენი იწვევს ძლიერ ტკივილს და კბენის, შხამის შესხურების ადგილას შეშუპებას.

8.მსუქანი ლორი (ლემური)

image

მსუქანი ლორის ლემური ერთადერთი ცნობილი სახეობაა შხამიანი პრიმატებისა. ამ პატარა საყვარელი ცხოველის წინა კიდურებზე ჯირკვლები გამოყოფენ მომწამვლელ, ტოქსიკურ კოქტეილს. მსუქანი ლორის შხამი იწვევს უჰაერობას, სუნთქვის უკმარისობასა და სიკვდილს როგორც პატარა ცხოველებში, ისე ადამიანებში.

9. მაყვლისჩხვლეტია (ჩიტი)

image

ახალი გვინეის ტყეებში მცხოვრები მაყვლისჩხვლეტია ჩიტის კანი და ბუმბული შეიცავს შხამს, ბათრაქოტოქსინს. ჩიტის სხეულში საშიში ნივთიერება ხვდება ხოჭოებით კვების გზით. შხამის მიმართ მაყვლისჩხვლეტიას გამოუმუშავდება იმუნიტეტი. ამ ჩიტთან კონტაქტის შედეგად ადამიანმა შეიძლება, მიიღოს ქიმიური დამწვრობა, ხოლო მცირე ზომის ცხოველებისათვის მასთან შეხება სრულდება სიკვდილით.

10.კონუსი (ლოკოკინას სახეობა)

image

მსოფლიოში ყველაზე საშიში ლოკოკინას სახეობას კონუსის ფორმის სხეულის გარსი აქვს. მტაცებლის კბილები დაკავშირებულია შხამიან ჯირკვალთან. ლოკოკინა კონუსი მოიხელთებს მსხვერპლს და ესვრის შხამს. შედეგად პატარა თევზები ადგილზე ქვავდებიან. ზოგიერთი კონუსი შეიძლება, ადამიანისათვისაც იყოს საშიში და მისმა შხამმა რამდენიმე წუთში მოკლას მსხვერპლი.

0
148
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0