x
image
მანანა თურმანიძე
ფსიქიკური აშლილობა თუ ახალი ვირუსი
image

პანდემიის ადრეული ეტაპიდან მოყოლებული, ახალი კორონავირუსის თვითდიაგნოზირება ძნელია, იმ სიმპტომების წარმოუდგენლად ფართო სპექტრის გამო, რომლებიც მან შეიძლება გამოიწვიოს. დაავადება შეიძლება დაიწყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებით, სხვებს კი შესაძლოა დაეწყოთ მშრალი ხველა ან ტეხვის შეგრძნება, ხოლო ზოგიერთ ინფიცირებულს, საერთოდ არ აღენიშნება ავადმყოფობის ნიშნები - ნათქვამია ზაქარი მაკის 2020 წლის 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში Bestlife.com -ზე.


კლინიკური იმუნოლოგიისა და იმუნოთერაპიის ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, არსებობს ერთი უცნაური, საშინელი სიმპტომი, რომელიც შეიძლება იყოს კოვიდის ადრეული ნიშანი - ეს არის დელირიუმი. დელირიუმი ლათინური სიტყვაა (delirium) და ის ითარგმნება, როგორც სიგიჟე, ფსიქიური აშლილობა. სხვა სიტყვებით, ეს არის ნეიროკოგნიტიური აშლილობა, რომელიც ვლინდება ცნობიერების დაბინდვით, ყურადღების, აღქმის, აზროვნების და ემოციების დაქვეითებით, შესაძლო ჰალუცინაციებით. ახასიათებს რთული ორიენტაცია გარესამყაროში, დროში დეზორიენტაცია. ამავე დროს, ნარჩუნდება თვითშემეცნება და საფრთხეების განცდა. პაციენტის ემოციური მდგომარეობა დამოკიდებულია მიმდინარე ჰალუცინაციების ხასიათზე. პაციენტი შეიძლება საშიში იყოს საკუთარი თავისა და სხვებისთვის. დელირიუმიდან გამოსვლის შემდეგ აღინიშნება - ნაწილობრივი ან სრული ამნეზია (ამნეზირებულია რეალური მოვლენები და მტკივნეული მოგონებები).


ცნობიერების დაბინდვის სინდრომი ფსიქიატრიაში არის სინდრომების ჯგუფი, რომელიც მოიცავს ფსიქიკურ მდგომარეობებს გარემოს ძალიან დამახინჯებული აღქმით (საგნები, ფენომენი და მათი ურთიერთმიმართება), აბსტრაქტული აზროვნების და გარემო რეალობის შემეცნების უნარის დაკარგვა.



კარლ იასპერსი აღწერს გონების დაბინდვის სინდრომის შემდეგ გავრცელებულ ნიშნებს:

  • დაშორება არსებულ რეალობასთან (გარემოს აღქმის დარღვევა);
  • აზროვნების აშლილობა (შეზღუდულია განსჯის ფორმირებაში, სრულ შეუსაბამობამდეც კი);
  • დეზორიენტაცია (ადგილზე, ადამიანებში, დროში, გარშემომყოფებში, საკუთარი თავში);
  • ამნეზია (ნაწილობრივი ან სრული) იმ პერიოდში, როდესაც ცნობიერების დაბინდვა მოხდა;
  • და სხვა.

ბარსელონაში, კატალონიის უნივერსიტეტის (Universitat Oberta de Catalunya-UOC) მკვლევარებმა მიმოიხილეს კვლევების ანგარიშების ვრცელი ნაწილი კოვიდ-19- სა და მისი გავლენის შესახებ პაციენტებზე. მათ აღმოაჩინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვლევების უმრავლესობა ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსი ფილტვებზე, გულსა და თირკმელებზე, დამადასტურებელმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ კოვიდი ასევე იწვევს ნევროლოგიურ ცვლილებებს, როგორიცაა "ტვინის დაბინდვა" და დელირიუმი, თუნდაც ადრეულ ეტაპზე, როდესაც თან ახლავს მაღალი სიცხე.


”დელირიუმი არის დაბნეულობა, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს რეალობასთან შეუსაბამოდ, თითქოს ის ოცნებობს”, - აღნიშნავს მკვლევარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ხავიერ კორეა. ”ჩვენ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში, განსაკუთრებით ასეთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, რადგან ინდივიდი, რომელსაც აღენიშნება გარკვეული დაბნეულობა, შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი.”


კვლევა ასევე ნათელს ხდის იმას, თუ რატომ შეუძლია ვირუსს ასეთი ძლიერი ნევროლოგიური ზემოქმედება. "ძირითადი ჰიპოთეზები, რომლებიც ხსნის იმას, თუ როგორ მოქმედებს ახალი კორონავირუსი (SARS-CoV-2) თავის ტვინზე, სამი შესაძლო მიზეზია: ჰიპოქსია ან ნეირონული ჟანგბადის უკმარისობა, ტვინის ქსოვილის ანთება ციტოკინის შტორმის გამო და ის ფაქტი, რომ ვირუსს აქვს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადაკვეთის და პირდაპირ ტვინში შეჭრის უნარი ”, - განმარტა კორეამ.


მაგრამ, ეს რასაკვირველია არ არის ერთადერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება კოვიდ-19-ის ადრეული ნიშანი იყოს. მკვლევარების აზრით, კოვიდს ახასიათებს შემდეგი გავრცელებული სიმპტომატიკა:


1 - ცხელება

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი იმისა, რომ ზოგადად რაღაცით ავად ხართ, ნამდვილად სიცხეა. მაგრამ, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანიც, რომ თქვენ შეგეყარათ კოვიდ-19. 'Body Politic- ის COVID-19' დამხმარე ჯგუფის გამოკითხვამ აჩვენა, რომ პაციენტების 48 პროცენტს აღენიშნება ცხელება 100.1 °F (ფარენგეიტი) ზემოთ, რაც ცელსიუსის შკალაზე 37.8 °C მეტია.


2 - ყნოსვის დაკარგვა

საერთო გაციებასთან ერთად ზოგჯერ შეიძლება სუნის შეგრძნება დაკარგოთ, გაჭედილი სინუსების წყალობით. ოქტომბერში ჟურნალ PLoS Medicine- ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყნოსვის დაკარგვა არის კოვიდის სიმპტომი, რომელსაც პაციენტების 80 პროცენტი ავლენს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ შესაძლოა მართლაც გაქვთ კორონავირუსი, ამის დასადგენად კი უნდა გაიაროთ ტესტირება.


3 - გემოს დაკარგვა

მიუხედავად იმისა, რომ სუნი და გემოს რეცეპტორები ერთმანეთთან განუყოფლად არის დაკავშირებული, შეიძლება განსხვავებული მიზეზები იყოს ერთის ან მეორეს დაკარგვისას. ცნობილია, რომ კორონავირუსი უშუალოდ ახდენს გავლენას თქვენს გემოს შეგრძმების უნარზე. იმავე PLoS მედიცინის კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტების 78 პროცენტი, რომლებსაც გემოს შეგრძნება დაეკარგათ, მოგვიანებით დაინფიცირებული აღმოჩნდნენ კოვიდ–19-ით.


”ჩვენი დასკვნების თანახმად, სუნის და გემოს დაკარგვა არის ძალიან საიმედო მაჩვენებელი იმისა, რომ პაციენტს აქვს COVID-19”, - თქვა რეიჩელ ბატერჰემმა, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მედიცინის დოქტორმა და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის კვლევის ხელმძღვანელმა.


4 - თავის ტკივილი

სამწუხაროდ, თავის ტკივილი ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ბევრი ადამიანისთვის. მაგრამ, ასევე არსებობს შანსი, რომ ეს ტკივილი, შესაძლოა კოვიდ-19 -ის ადრეული ნიშანი იყოს. ოქტომბერში, კლინიკური და ტრანსლაციური ნეიროლოგიის ყოველწლიურ ჟურნალში (Annals of Clinical and Translational Neurology) გამოქვეყნებულმა კვლევამ, ჩატარებულმა ჩიკაგოს რაიონის სხვადასხვა საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებულ 509 პაციენტზე, დაადგინა, რომ ამ პაციენტთა თითქმის 38 პროცენტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა თავის ტკივილი. იმავე კვლევამ ასევე დაადგინა, რომ თავის ტკივილის სიმპტომი შეიძლება იყოს საიმედო მაჩვენებელი იმისა, რომ თქვენ შეიძლება საავადმყოფოში მოხვდეთ ამ დაავადებით.


კოვიდ--19– ის გავრცელებული სიპმტომების გარდა, როგორიც არის სიცხე, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ქოშინი და მშრალი ხველა, არსებობს მისი რამდენიმე სიმპტომი, რომელთა შესახებ შესაძლოა არ იცოდეთ. ქვემოთ მოცემულია ნიშნები, რომლებიც კვლევების თანახმად ხშირად არის აღმოჩენილი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებში. ასეთი ნიშნებია, მაგალითად გამონაყარი კანზე. კოვიდ ვირუსი იწვევს ორგანიზმში აქტიურ ანთებას. ეს კი თავის მხრივ იწვევს კანის ქავილს და გამონაყარს.


ასევე, კვლევების თანახმად, სხვა გავრცელებულ ნიშნებთან ერთად, კოვიდ-19 პაციენტებს აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გულისრევა, დაღლილობა, ჩაწითლებული თვალები, ტკივილი გულმკერდის არეში და სახსრებში, მადის ნაკლებობა ან სრული დაკარგვა. ეს არის საერთო სიმპტომები ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც კვლევების შედეგების თანახმად, დადებითი კოვიდ პაციენტების საკმაოდ დიდ რაოდენობას გამოუვლინდა, კლასიკურ სიმპტომებთან ერთად.


ინფექციისგან თავდაცვის და პრევენციის ერთადერთ საშუალებად კი ისევ რჩება პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა. მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, ამით ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ პანდემია და გადავარჩინოთ სიცოცხლე.




0
98
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0