x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
კარუსელი

ყველაფერს, რასაც ირგვლივ ვხედავთ თავისი საკუთარი ისტორია აქვს. ეს არის შექმნის, განვითარების, ფორმირების ისტორია, სადაც არაერთ საინტერესო ფაქტს ვხვდებით. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ ნივთებს, თუმცა ხშირად არ ვიცით მიზეზები, რამაც მათ შექმნას ჩაუყარეს საფუძველი, ამიტომ საგნებს აღვიქვამთ მხოლოდ იმ მდგომარეობაში და დანიშნულებისამებრ, რა მდგომარეობაშიც მათ ჩვენამდე მოაღწიეს და როგორც მხოლოდ ახლა არსებობენ, მეორე მხარე კი სრულიად უცნობია ხოლმე ჩვენთვის. ასევე შესაძლოა დღეს უკვე სრულიად უვნებელ და სახალისო თამაშებს, საკმაოდ დრამატული ფაქტები ედოს საფუძვლად. მაგალითად გასართობი ატრაქციონები, ბავშვების გამხიარულების საოცარი საშუალება, რომელთა შორისაც ყველაზე პოპულარულია კარუსელი.ბავშვებმა კარგად იციან მის შესახებ, ეს არის მბრუნავი სცენა, სადაც ძირითადად დამაგრებულია ხისგან გამოთლილი ცხენები ან სხვა ცხოველები, რომლებიც მოძრაობისას ზემოთ და ქვემოთ იწევიან. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ერთი შეხედვით ეს სახალისო თამაში მეფის სიკვდილით დაიწყო.

ანრი მეორე -ს (საფრანგეთის მეფე 1547-1559წ) ბევრი ლამაზი და დახვეწილი აბჯარი ჰქონდა, რომელთაც არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ თავის საყვარელ რაინდულ შეჯიბრებებზეც იცვამდა. შუა საუკუნეების ყველაზე პოპულარული რაინდული შეჯიბრი იყო "Jousting", სადაც ორი მხედარი ერთმანეთისკენ მიემართება, მათ ხელში მძიმე ხისგან დამზადებული ოთხ მეტრიანი შუბები უჭირავთ, რომელთა ბოლოებშიც ერთი ან რამდენიმე წვეტიანი მახვილია დამაგრებული. მიზანი მოწინააღმდეგისთვის რაც შეიძლება ძლიერად დარტყმა, ჯავშნის დამსხვრევა და ცხენიდან გადმოგდებაა. ცნობილია, რომ აბჯარი თვალებთან ოდნავ ღია ჰქონდათ, რის გამოც უსაფრთხოება გარანტირებული არ იყო. ანრი მეორე გატაცებული იყო რაინდული შეჯიბრებებით, ამიტომ ხშირად მართავდა ტურნირებს. როგორც ვიცით რაინდებს ბავშვობიდან ამზადებდნენ და წრთვნიდნენ ბრძოლისთვის. ისინი საოცრად ფლობდნენ ბრძოლის ხელოვნებას.იყო შემთხვევები, როდესაც ომის გარეშე ათი ან ოცი წელი გრძელდებოდა, ამიტომ მშვიდობის დროს თავის გამოჩენა ყველაზე კარგად სწორედ რაინდულ ტურნირებზე შეიძლებოდა.აღსანიშნავია, რომ რაინდულ შეჯიბრში(Jousting) მონაწილეობა რომანტიკული შუა საუკუნეების რაინდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. ანრიმ, რომელსაც დინასტიური ქორწილით საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დამყარებული მშვიდობის განმტკიცება სურდა, 1559 წლის 22 ივნისს თავისი ქალიშვილი ელიზაბეტი ესპანეთის მეფეს ფილიპ მეორეს მიათხოვა. ჯვრისწერა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაიმართა. 30 ივნისს კი ამ ფაქტის აღსანიშნავად მოეწყო რაინდული ტურნირი, სადაც ანრი მეორე ლორდ მონტგომერს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ეს შეჯიბრი საფრანგეთის მეფისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მან სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. მოწინააღმდეგის შუბი პირდაპირ თვალში მოხვდა. ვითარება დაამძიმა იმ გარემოებამ, რომ იარაღი ძალიან ჭუჭყიანი იყო, მიწიდან და ცხენისგან ბევრი ბაქტერია ჰქონდა, რამაც ინფექციის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი. სამეფო კარი მღელვარებამ მოიცვა. ანრის სამკურნალოდ გამოჩენილი ექიმები ამბრუა პარე( საუკეთესო ქირურგი) და ანდრე ვესალიე( მისი ნაშრომები ანატომიის შესახებ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა) მოიწვიეს. ჭრილობამ ტვინის უკანა ნაწილში სისხლჩაქცევა გამოიწვია. ინფექციის გავრცელება სწრაფად დაიწყო და პროცესის შედეგად ტვინის უკანა ნაწილში კიდევ უფრო იმატა სისხლჩაქცევებმა. როგორც ჩანდა ჭრილობამ ტვინი მნიშვნელოვნად დააზიანა. მეორეს მხრივ წნევა, რომელიც ზედმეტად აწვება ტვინს სიკვდილს იწვევს. მდგომარეობა ძალიან რთული იყო, ექიმები ექსპერიმენტებს ატარებდნენ თავმოკვეთილ ადამიანებზე, თუმცა ვერაფერი მოიფიქრეს. წნევის დასაწევად თავის ქალის ახდას გეგმავდნენ. თანამედროვე ექიმები, რომლებმაც შეისწავლეს ანრი მეორეს ჭრილობა აღნიშნავენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში წნევას დროებით დასწევდნენ, სისხლჩაქცევა დაჩირქდებოდა, თუმცა განკურნებას კი ვერ შეძლებდნენ, ვინაიდან მედიცინაში არ არსებობდა ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები როგორიც დღეს არსებობს. ჭრილობის გამო ანრი მეორე 11 დღის შემდეგ, 1559 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა. პარიზში, ლუვრის მუზეუმში ინახება ანრი მეორეს სრულიად ახალი აბჯარი. ჩაცმა ვერ მოასწრო ვინაიდან, როგორც ამბობენ მისი სიკვდილის დროს ჯერ კიდევ არ იყო აბჯარი დასრულებული. ამის შემდეგ რაინდულ შეჯიბრებებსაც დაესვა წერტილი. თამაში უსაფრთხო გახდა და რაინდების მოწინააღმდეგეებს ხის ბოძები წარმოადგენდნენ. წლების შემდეგ კი რაინდული შეჯიბრი სრულიად შეიცვალა და მონაწილეებმა ხისგან დამზადებული (მექანიკური) ცხენების ჯირითი დაიწყეს. ასე გაჩნდა კარუსელი, ამიტომ ყოველთვის, როდესაც ამ მხიარულ ატრაქციონს დავინახავთ უნდა გვახსოვდეს, რომ სახალისო გართობა მეფის სიკვდილით დაიწყო.

ავტორი: გიორგი ბოლქვაძე
image

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:GIORGI BOLKVA
GIORGI BOLKVA
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0