x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348712
  • სურათი:470416
კოალიციას გამოვრიცხავთ, საშუალოდ 100 მანდატი გვექნება და სოლიდური უმრავლესობით მოვალთ – ივანიშვილი
image


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში მისი პარტია „სოლიდური უმრავლესობით მოვა და საშუალოდ 100 მანდატს მოიპოვებს“. ამის შესახებ ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.


„ჩვენ მუდამ კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. ვფიქრობთ, რომ არანაკლებ 55, არანაკლებ 60%-ის, ამ შუალედში ავიღებთ. თუ ადევნებთ თვალს, გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს, თუმცა ორი-სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. სხვა დანარჩენი კვლევები სწორედ ამაზე მიანიშნებს.


კოალიციას გამოვრიცხავთ. ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს 2 მანდატი“, – განაცხადა ივანიშვილმა.



„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, დღეს, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას.


„მე, პირადად, ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვას. ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებები, რომლებიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული. ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს – საკანონმდებლო ორგანოს 150 წევრიდან 120 არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარტიებისთვის დაწესებულია 1%-იანი ბარიერი, ხოლო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტია შევა ბლოკში. თუ არჩევნებში პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას, ის ვერ მოიპოვებს პარლამენტში უმრავლესობას და ვერ მოახდენს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას.


არჩევნებში 50 საარჩევნო სუბიექტი (48 პარტია და 2 ბლოკი) და 30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ.

0
82
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0