x
image
რუსუდან ნადირაშვილი
სიგარეტის მოწევა კორონავირუსით ინფიცირების რისკფაქტორია - ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება
image


ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თამბაქოს მოხმარება კორონავირუსით ინფიცირების რისკფაქტორს წარმოადგენს.


„პანდემიის გავრცელებიდან 10 თვის თავზე მსოფლიო შეთანხმდა, რომ სიგარეტის მოწევა რისკფაქტორია. ის თავისთავად განაპირობებს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, რომ თუნდაც ეს შანსი, პანდემია, გამოვიყენოთ და თამბაქოს გამოყენება შევწყვიტოთ, ” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


დღეს საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 28431-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.



გამოჯანმრთელდა კიდევ 604 პაციენტი და საერთო რაოდენობა 10767-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს შეადგენს.


ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 201-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

* * *


მედიკოსების რაოდენობის სიმცირის პრობლემაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი:


„მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა, არა სასუნთქი აპარატები, არამედ ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.


„ჩვენ ეპიდსიტუაციის მსგავს განვითარებას ველოდით, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, რა არის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ წინა 14 დღის განმავლობაში დაფიქსირებული ინფექციის რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ მომდევნო ორი კვირის პროგნოზი. აქედან გამომდინარე, ვდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს, რითაც ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია, მიიღოს პაციენტები სამ სხვადასხვა დონეზე. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის ექიმების ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე კოვიდსასტუმროებს, სადაც ჩვენი მოქალაქეები გადიან მკურნალობას და თვითონ კოვიდკლინიკები.


ჩვენ ბოლო პერიოდში ხაზს ვუსვამთ, რომ ეს პროცესი ასევე დამოკიდებულია ადამიანების ქცევაზე. ამ მიდგომას მიმართავს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგების მხრიდან. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ პირბადეების ინტენსიურ გამოყენებას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, საკმარის ჰიგიენას და სოციალურ დისტანცირებას – ყოველივე ეს განსაზღვრავს, რა იქნება გავრცელების პიკი.


ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად მომზადებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა, არა სასუნთქი აპარატები, არამედ ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია. აქედან გამომდინარე, ამის ძალიან მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ყველა ის ზომა, რომელიც მოწოდებულია პანდემიის პერიოდში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0