x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105301
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
დედოფლისწყაროში დამკვირვებლის ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
image


ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ საბათლოში. ლელოს აქტივისტები ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ეგონათ და მათ სოფლიდან გაძევებას ცდილობდნენ. მათთან ერთად სამუშაო პროცესში ხელი შეეშალა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კახეთის დამკვირვებელს.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 151-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.


წინასაარჩევნო შეხვედრის მოსაწყობად ადგილობრივებთან ლელოს კანდიდატი ეკა ქვლივიძე შტაბის წევრებთან ერთად დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოში მიემგზავრებოდა, რა დროსაც მათ სოფელში შესვლის პრობლემა შეუქმნა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სოფლის მაცხოვრებლებს ისინი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ეგონათ, პროტესტი ამიტომ გამოხატეს და მათ სოფელში შესვლას უკრძალავდნენ.



29 სექტემბერს, დედოფლისწყაროში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ოპოზიციური პარტიის შეხვედრის მონიტორინგისას, უცნობმა პირებმა საქმიანობაში ხელი შეუშალეს და თავისუფლად გადაადგილება შეუზღუდეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


.

ეკა ქვლივიძე: „გავემართეთ აღნიშნულ სოფელში კარდაკარ ჩამოსავლელად. საკმაოდ პოზიტიურად გავესაუბრეთ სოფლის რამდენიმე მკვიდრს და გავაცანით ჩვენი თავი, სწორედ ამ დროს, ადგილზე გამოცხადდა ორი ადამიანი, რომელნიც თავიდან აგრესიულად შეგვეკამათნენ და აგვიკრძალეს ჩემი პოსტერების გაკვრა სოფელში, მათ გვითხრეს, რომ სოფელი "ამ მთავრობის" მხარდამჭერია და არ გვაქვს უფლება აგიტაციის ჩატარებისა. ჩვენ ძალიან მშვიდობიანად ავუხსენით, რომ ყველა პოლიტიკური მოძრაობა თანაბარ პირობებშია და შესაბამისად გვაქვს უფლება გავიცნოთ სოფელი.


გვეგონა ეს ამბავი დასრულდა, მაგრამ მანქანებისკენ რომ გავემართეთ, დაგვხდა სოფლის მოსახლეობა და რატომღაც ისევ არასასურველი საუბარი შედგა.


შეხვედრას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია: "სამართლიანი არჩევნების" წევრი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა როცა რაიმე ექსცესს ექნება ადგილი, გააშუქოს და თუ საჭირო გახდა, გამოიძახოს პოლიციაც.


რამდენიმე წუთის შემდეგ გამოიკვეთა, რომ დიდი გაუგებრობა მოხდა. ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, რომელთაც არ მოგვცეს საშუალება გავცნობოდით, ვეგონეთ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები.
სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად სომეხია, ამიტომ ის კონფლიქტი, რაც დღეს მათ სამშობლოში ხდება, საკმაოდ მგრძნობიარე თემაა. როგორც საუბრის შემდეგ შევიტყვეთ, ისინი ძალიან გაღიზიანებულნი იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სადაც ის ამ კონფლიქტში მხარს აზერბაიჯანს უჭერს. სწორედ ამ ფაქტის გამო, ჩვენ გაუგებრობის მსხვერპლნი აღმოვჩნდით.


ყველაფერი დასრულდა ასე: მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, დიდი კეთილგანწყობა და საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ჩვენს შორის!


ერთ-ერთმა ქალბატომა, რომელიც თავიდან ძალიან გამიბრაზდა, საბოლოოდ ყავაზეც მიმიწვია, ჩამეხუტა და დიდი სითბოთი კვლავ დამპატიჟა სოფელში.
ჩვენ ყოველთვის კატეგორიულად ვემიჯნებით აგრესიის და ძალადობის თემას და შესაბამისად აუცილებლად დავბრუნდები სოფელ საბათლოში და დიდი პატივისცემით მინდა მოვიკითხო სოფლის თითოეული მკვიდრი და მადლობა გადავუხადო ასეთი თბილი დახვედრისათვის!, “ - აღნიშნავს ლელოს კანდიდატი.


მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმაც“:


29 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, სამართლიანი არჩევნების გრძელვადიანი დამკვირვებელი წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდა პოლიტიკური გაერთიანება ''ლელო საქართველოსთვის'' კანდიდატის შეხვედრას დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოში. პარტიის ავტომობილი გააჩერეს მათთვის უცნობმა პირებმა და ხელს უშლიდნენ თავისუფლად გადაადგილებაში. ISFED-ის დამკვირვებელი შეეცადა აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას, რაშიც მერის წარმომადგენლის ძმამ და ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველმა ხელი შეუშალეს - მოსთხოვეს გაურკვეველი დოკუმენტაცია, რითაც ის დაადასტურებდა საჯარო სივრცეში ვიდეოგადაღების უფლებას. ამასთან საქმის გარჩევის მიზნით, დაიბარეს სოფლის ცენტრში და უთხრეს, რომ ''სოფლიდან ვერ გავიდოდა''.


სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა 112-ში დარეკა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე ინციდენტის ადგილს განერიდა. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ მისულა. ორგანიზაციის დამკვირვებელი მოგვიანებით არხილოსკალოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში განცხადების დასაწერად დაიბარეს. განყოფილებიდან გამოსვლის შემდგომ, მას კვლავ დაუკავშირდა პოლიცია და განყოფილებაში მიბრუნება სთხოვა დეტალების დასაზუსტებლად, რადგან საკითხით პოლიციის განყოფილების უფროსი იყო დაინტერესებული. განყოფილების დატოვების შემდეგ, დამკვირვებელს მესამედ დაუკავშირდნენ და პოლიციის დედოფლისწყაროს განყოფილებაში მისვლა სთხოვეს.


გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ გამოძიება დროულად და ეფექტურად წარიმართება. სამართლიანი არჩევნები და მისი დამკვირვებელი მზად არიან გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.


სამართლიანი არჩევნები აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად მიუღებელია დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელისშეშლა და მის მიმართ მუქარა და/ან დაშინება.


ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ყველა ზომა მიიღონ, რომ მათმა მხარდამჭერებმა იმოქმედონ კანონის ფარგლებში და ხელი არ შეუშალონ დამკვირვებლებს საქმიანობის განხორციელებაში.

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0