x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105201
  • ვიდეო:348771
  • სურათი:470569
" თომა და დიდი სიადუმლო" - გიორგი კეკელიძის ზღაპარი ხელის დაბანის საერთაშირისო დღესთან დაკავშირებით
ხელის დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიორგი კეკელიძემ პატარა ზღაპარი დავწერე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოსცა, მხატვარი კი სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ლოლაძეა.
image
" იცით?!
ერთ დღესაც თომას გაეღვიძა და ძაააალიან, ძალიან შიოდა. ისე, რომ ლამის სპილო სიპიტოს ხელა ნერწყვებს ყლაპავდა. სახლში არავინ იყო - დედა და მამა ადრიანად გაეშურნენ სამსახურში - ისინი შაბათსაც მუშაობდნენ უფროსების უზარმაზარ საამქროში. თომას კი შაბათობით სკოლაში წასვლა არ უწევდა. მოშივებული ბიჭუნა წამოხტა და პირდაპირ მაცივარს მიადგა, მაგრამ მაცივარი ცივყინულა პირს არაფრით აღებდა.
- ცივყინულა, გაიღვიძე! - დაუძახა თომამ, - გააღე პირი! ხაჭო, კარაქი და ყველი უნდა გამოვიღო!
- მღვიძავს, - უპასუხა ცივყინულამ, - მაგრამ ვერ გავაღებ!
- რატომ? - გაოცდა თომა.
- ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხის გაცემის უფლება!
- აბა ვის?! - წამოიძახა თომამ.
- მხოლოდ ადამიანებს. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს!
- უჰ, შე მატყუარა! - გაბრაზდა ბიჭუნა და კარადა კურკუნიტილას მივარდა.
კურკუნტილა საერთოდ უცნაურად მოიქცა. უცებ ახტა და ზურგით შეტრიალდა.
- კურკუნტილა! შენ რაღა დაგემართა?!
- მე? მე არაფერი!
- შემოტრიალდი, რა დროს ხუმრობაა ამ დილით!
- არა, არ შემოვტრიალდები!
- ერთი ნაჭერი ხაჭაპური მაინც გადმომიგდე და რაც გინდა, ის გიქნია! თუ გინდა, მთელი კვირა მაგ მძინარა კედელს ელაპარაკე! - გაბრაზდა თომა.
- არა, არ და ვერც გადმოგიგდებ!
- რატომ ვითომ?! - დაიყვირა თომამ.
- ეგ ადამიანებმა უნდა გითხრან, მე ჩემი საქმე მაქვს!
ბიჭუნას ტირილი უნდოდა, მაგრამ ცრემლებმა უთხრეს, სანამ ამ დილაადრიან ჩვენი თბილი აუზიდან გამოგვიშვებ, მანამდე ეგებ ლარნაკში რომ ვაშლი, მსხალი და ბანანი დევს, იმით გაისველო პირიო. თომა მაგიდისკენ გაიქცა, მაგრამ ლარნაკმა, რომლის სახელსაც ახლა მე ვერ ვიხსენებ და თქვენ შეგიძლიათ დაარქვათ, ისკუპა და ფანჯრის რაფაზე შეხტა. თომა გაედევნა, მაგრამ ჰოოოოოოპ! და ლარნაკი განჯინაზე გადახტა. იქიდან ლოგინზე. იქიდან ტელევიზორზე. იქიდან სავარძელზე. დასდევდა და ვერაფრით ეწეოდა თომა. ღამე მაინც ყოფილიყო, ჯუჯად გადაიქცეოდა. ეჰ! ღამე კი არა, მგონი მალე შუადღე დადგებოდა.
- ჩურჩხელა! - უცებ გაუნათდა გონება თომას, - ჩურჩხელა ბებოს კარადის მეხუთე უჯრაში, ჩემთვის შენახული ჩურჩხელა!
მივარდა კარადა კუნკულასთან და ჰოი, საოცრებავ! კუნკულა გაიჭიმა, გაიჭიმა, სახლმა სახურავი შეაღო და კარადა ათსართულიან შენობას დაემსგავსა. თომა კი არა, მეხუთე უჯრას აყლაყუდა ყინყილოც კი ვერ შესწვდებოდა.
აი, ახლა კი მართლა ატირდა თომა. იატაკზე დაჯდა და გახსნა აუზის კარი. მგონი, ერთი თუ ორი საათი ტიროდა. არც მას ახსოვს და არც მე. ამასობაში ბებია დაბრუნდა.
- თომა! ეს რა ხდება, სახლი ტბად გადაგიქცევია და უკვე ნავი მჭირდება, შენამდე რომ მოვიდე! ამდენი ტირილი სად გაგონილა!
თომამ სლუკუნით უამბო ბებოს დილის თავგადასავალი. ბებოს კი ეღიმებოდა.
- თომა, - უთხრა ბოლოს და თავზე ხელი გადაუსვა, - როგორი ბეჯითი და კარგი ბიჭი ხარ. და მაინცდამაინც ეს საიდუმლო დაგავიწყდა? ის ხომ მაშინ გასწავლეთ, სულ სამი წლისა რომ იყავი. სანამ საჭმელს მიირთმევ, აუცილებლად უნდა დაიბანო ... რა? ხელიიიიიი! ძალიან მარტივი ამბავია. დაიბან და მორჩა. კარადებიც, მაცივარიც და ლარნაკიც შეგირიგდებიან.
და მართლაც, აბაზანიდან გამოსულმა თომამ იმდენი ისუსნავა, რომ მგონი სულაც კარლსონს დაემსგავსა. შეიძლება მერე პროპელერიც კი იშოვა და აქვე, სადმე დაფრინავს. მე არ ვიცი და თქვენ ხომ არ მოგიკრავთ თვალი?"
0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0