x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ნიცშეს შეხედულება ქრისტიანობასა და ისლამზე
image


ქრისტიანობამ ანტიკური კულტურის მოსავალი წაგვართვა, მოგვიანებით მან ისლამის კულტურის მოსავალიც წაგვართვა.


ესპანეთის გასაოცარი მავრიტანული კულტურის სამყარო, არსებითად უფრო მეტად ახლობელი ჩვენთვის, მეტად შესაბამისი ჩვენი გემოვნებისა და გრძნობებისთვის, ვიდრე რომი და საბერძნეთი, გათელილ იქნა. რატომ? იმიტომ, რომ ის თავის წარმოშობას კეთილშობილ მამაკაცურ ინსტინქტებს უნდა უმადლოდეს, იმიტომ რომ ის ცხოვრებას განამტკიცებდა მავრიტანული ცხოვრების იშვიათი და დახვეწილი ძვირფასეულობებით!.. ჯვაროსნები მოგვიანებით ებრძოდნენ იმას, რის წინაშეც მათ მტვერში მუხლმოდრეკა უფრო მოუხდებოდათ, - კულტურას, რომელთან შედარებით ჩვენი მეცხრამეტე საუკუნეც მეტისმეტად ღარიბს, მეტისმეტად „დაგვიანებულს“ წარმოადგენს. - რასაკვირველია, მათ ნადავლი სურდათ. აღმოსავლეთი მდიდარი იყო.


მოდით, მიუკერძოებლები ვიყოთ! ჯვაროსნული ლაშქრობები სხვა არაფერი იყო, თუ არა უმაღლესი რანგის მეკობრეობა! გერმანული თავადაზნაურობა, თავის საფუძველში - ვიკინგური, ამგვარად, საკუთარ სტიქიაში იმყოფებოდა. ეკლესიამ ზედმიწევნით კარგად იცოდა, როგორ მოეგო გერმანული თავადაზნაურობის გული. გერმანული თავადაზნაურობა, - მუდმივად ეკლესიის „შვეიცარიული არმია“, - ყოველთვის ეკლესიის უვარგის ინსტინქტთა სამსახურში იდგნენ, მაგრამ კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ. სწორედ ეკლესია ეწეოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ომს სამყაროში ყოველივე კეთილშობილთან გერმანული მახვილის, გერმანული სისხლისა და მამაცობის მეშვეობით! ამ წერტილში ძალიან ბევრი მტკივნეული კითხვაა!



გერმანული თავადაზნაურობა თითქმის არ გვხვდება უმაღლესი კულტურის ისტორიაში. მიზეზი შეგვიძლია გამოვიცნოთ: ქრისტიანობა და ალკოჰოლი გახრწნის ორი დიადი საშუალებაა. თავისთავად, არ უნდა არსებობდეს არჩევანი ისლამსა და ქრისტიანობას შორის ისევე, როგორც არაბსა და იუდეველს შორის. გადაწყვეტილება მოცემულია, არავის აქვს არჩევანის ნება. ან ჩანდალა ხარ, ან არ ხარ ჩანდალა.


„სამკვდრო-სასიცოცხლო ომი რომთან! მშვიდობა და მეგობრობა ისლამთან!“ - ასე გრძნობდა, ასე მოქმედებდა ის თავისუფალი სული, გენიოსი გერმანელ იმპერატორთა შორის, ფრიდრიხ მეორე. როგორ? ნუთუ იმისთვის, რომ წესიერი გრძნობები ჰქონდეს, გერმანელი ჯერ გენიოსად, თავისუფალ სულად უნდა იქცეს? - ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეეძლო გერმანელს ოდესმე ქრისტიანული გრძნობები ჰქონოდა.


ფრიდრიხ ნიცშე – ანტიქრისტე


წყარო: ფეისბუქის გვერდი საუბრები ფილოსოფიაზე

0
281
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0