x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქუჩაში აგრესიულ ძაღლს შეხვდებით
imageძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია - ამ ფრაზას მაშინ ვამბობთ, როცა ის ადამიანთან ერთად ცხოვრობს. ხოლო თუ ძაღლი სახიფათო გარემოში იზრდება, მას შეიძლება მგელთან ჰქონდეს ბევრი რამ საერთო. უპატრონო ძაღლები ერთიანდებიან, საცხოვრებლად ირჩევენ გარკვეულ ტერიტორიას და იცავენ მას. ბევრ მათგანს ადამიანის არ ეშინია.


სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე საშიშ სიტუაციას და გეტყვით, როგორ უნდა მოიქცეთ თითოეულ მათგანში.






თუ უპატრონო ძაღლს შეხვდებით, არ გაიქცეთ და არც იფიქროთ მისთვის რამის სროლა.

თუ ძაღლს დაინახავთ, არ სცადოთ მისგან გაქცევა ან სწრაფად წასვლა. ცხოველმა შესაძლოა მონადირული ინსტინქტი იგრძნოს და იფიქროს, რომ კარგი ნადავლი ხართ.


რა უნდა გააკეთოთ:


⬤ დარჩით უსაფრთხო დისტანციაზე და დაელოდეთ, სანამ ცხოველი თავად გაგეცლებათ.

⬤ ნელა გადადგით უკან ნაბიჯი და დააკვირდით ძაღლის რეაქციას. თუ გამოგყვებათ, გაჩერდით. თუ არ გაინძრევა, განაგრძეთ სიარული უკან. როგორც კი ძაღლი შეტრიალდება, ჩვეულებრივად განაგრძეთ გზა.


შეგიძლიათ, ძაღლს ყურადღება გადაატანინოთ, თუ მასსა და თქვენს შორის რამეს დადებთ. შეიძლება ეს იყოს თქვენი ზურგჩანთა, ქოლგა, ან ჟაკეტი. ვიმედოვნოთ, რომ ძაღლი ამ საგანს ბარიერად აღიქვამს და გაგეცლებათ.

image






თუ ველოსიპედს ან სკეიტბორდს ატარებთ, ძაღლისთვის მეტად "მიმზიდველი" ხდებით.

უპატრონო ძაღლები მოძრაობაზე რეაგირებენ და აგრესიით გამოირჩევიან ველოსიპედის, მოტოციკლის, მანქანებისა და სხვა ტრანსპორტის მიმართ. თუ ძაღლი ეცდება გამოგეკიდოთ, უბრალოდ, გაჩერდით და ის თქვენს ინტერესს დაკარგავს.


შეგიძლიათ, გზა ისევ განაგრძოთ ველოსიპედით, როცა ძაღლი გაგეცლებათ. თუმცა, არ სცადოთ უფრო სწრაფად წასვლა, რადგან შეიძლება ისევ გამოგეკიდოთ და დაგეწიოთ კიდეც.

image






თუ თქვენს ძაღლთან ერთად სეირნობთ, ორი არჩევანი გაქვთ: ან თავად გარისკოთ, ან თქვენს ოთხფეხა მეგობარს გაარისკინოთ.

თუ უპატრონო ძაღლი უყეფს ან უღრენს თქვენს ძაღლს, ბუნებრივია, თქვენი ოთხფეხა მეგობრის ხელში აყვანა მოგინდეთ. თუმცა, უპატრონო ძაღლს შესაძლოა რეაქცია ჰქონდეს ამ მოძრაობაზე და თქვენ დაგესხათ თავს. სხვა შემთხვევაში, თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს გზაზე დატოვებთ, შესაძლოა მას დაესხას თავს და დაშავდეს.


აქ სწორი გამოსავალი არ არსებობს. თუ მეგობარს გზაზე ვერ დატოვებთ, უმჯობესია, ის ბარიერად გამოიყენოთ თქვენსა და გარეულ ძაღლს შორის, ან ხეზე აუშვათ (თუ კატაა).


არსებობს კიდევ ერთი ხერხი. დატოვეთ თქვენი ძაღლი ადგილზე და სცადეთ, უპატრონოს ყურადღება გადაატანინოთ. თუ თან საჭმელი გაქვთ, მიეცით მას. ძალიან ხშირად ქუჩის ძაღლები მშივრები არიან და საკვებზე უარს არ ამბობენ. იდეალურ შემთხვევაში, ესროლეთ საჭმელი რაც შეიძლება შორს: ძაღლი მას გაეკიდება, თქვენ კი ადგილის დატოვების შანსი გეძლევათ.


წიწაკის სპრეის გამოყენება კარგი აზრი არ არის: ძაღლი მეტად აგრესიული გახდება, მისი შეტევა კი - მეტად სახიფათო.

image






თუ ძაღლი შეტევაზე გადმოსვლას აპირებს, თვალებში არ უყუროთ: ეს აგრესიის ნიშნად აღიქმება.

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სიტუაცია, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეთ, იქნება, თუ ძაღლი მოგიახლოვდათ და გიღრენთ.

ასეთ შემთხვევაში გაიყინეთ ადგილზე და არ უყუროთ მას თვალებში. თვალის კონტაქტი ძაღლისთვის ჩხუბის დაწყების ნიშანია. თუ ადგილზე გაშეშდებით, მან შეიძლება მოსაწყენად აღგიქვათ, დაგიყეფოთ და მალევე გაგეცალოთ.


თუ ძაღლი მოგიახლოვდებათ და დაგსუნავთ, მიუშვით. არ გაინძრეთ და არ სცადოთ მისი შეხება, ეს თავდასხმის ნიშნად აღიქმება.


ზოგი რეკომენდაციის მიხედვით, ძაღლს ცხვირში უნდა დაარტყათ, თუმცა გირჩევთ, ეს არ სცადოთ, რადგან ის ძალიან სწრაფია და დიდი ალბათობით, ააცილებთ. ამ მცდელობის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ის უფრო გაბრაზებული იქნება.

image

რა თქმა უნდა, აგრესიული ცხოველისგან თავის დაცვის საუკეთესო ვარიანტია, მასთან ახლოს არ მიხვიდეთ. თუ ხმამაღალი ყეფა გესმით ან ერთად შეყრილ ძაღლების ხროვას ნახავთ, მოერიდეთ ამ ადგილას გავლას. ნუ დაგეზარებათ შორი გზიდან მოვლა, თქვენი უსაფრთხოება უმთავრესია!





ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გადავრჩეთ კრიტიკულ სიტუაციებში - 10 ხერხი, რასაც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჯარისკაცები იყენებენ

image


2. რას გეტყოდათ თქვენი ლეკვი, ლაპარაკი რომ შეეძლოს

image


3. რჩევები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გამოგადგებათ

image


4. როგორ მოვიშოროთ მწერები სახლიდან - 3 სასარგებლო და უსაფრთხო ხერხი

image


5. როგორ გადავურჩეთ გარეულ ცხოველებს - ეს უნდა იცოდეთ!

image

1
1138
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1138
  
2020, 13 ნოემბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1