x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გერმანიის იმპერია და ოტო ფონ ბისმარკი

მსოფლიოს დღესდღეობით მრავალი ლიდერი ახსოვს, რომლებმაც შეცვალეს და სხვადასხვა კუთხით განავითარეს თავიანი ქვეყნები. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ოტო ფონ ბისმარკი. უშუალოდ გერმანიის იმპერიის გახსენებაზე შესაძლოა ყველას ადოლფ ჰიტლერი გაახსენდეს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ისტორიაში აქვს ბისმარკსაც, რომელმაც შექმნა გერმანიის იმპერია და ამასთანავე იყო პირველი რაიხსკანცლერი[1]. გერმანიის ლიდერს, რომლისაც ყველა ევროპელ დიპლომატს ეშინოდა უწოდებდნენ რკინის კანცლერს და გერმანიის უდიდეს სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევდნენ.

image

ბისმარკი წარმოშობით პრუსიიდან იყო, სადაც დაიბადა 1815 წელს. ამ პერიოდში გერმანიის კონფედერაცია 39 სახელმწიფოსგან შედგებოდა. იგი წარჩინებული მიწათმფლობელთა კლასიდან იყო და თავდაპირველად სამართალზე სწავლობდა, მოგვიანებით სამხედრო და პოლიტიკური კარიერა წამოიწყო.[2]

ოტო ფონ ბისმარკი თავდაპირველად ასპარეზზე გამოჩნდა 1848 წელს, რა დროსაც კონტინენტზე რევოლუციები მიმდინარეობდა. მათ შორის პრუსიაც არ ყოფილა გამონაკლისი, მაგრამ იგი რევოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა. ბისმარკი ამ დროს საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო. იგი წინააღმდეგი იყო გერმანიის გაერთიანების პრუსიის გარშემო, რაც იმ პერიოდში აქტიურად განიხილებოდა. ბისმარკი ფიქრობდა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ამ ყველაფრის დრო, თუმცა ამ ყველაფრის წინააღმდეგი არ ყოფილა, რადგან შემდგომ თავად მოახერხა გერმანიის გაერთიანება.

რევოლუციების დასრულების შემდგომ პრუსია მნიშვნელოვნად შეიცვალა და პირველად ისტორიაში ქვეყანას ჰყავდა პარლამენტი. ბისმარკი კარგად უღებდა ალღოს ამ ყოველივეს და მალევე მან შეუვალი კონსერვატორის სახელი მოიპოვა. იგი სწორედ ამის ფონზე დაინიშნა პრუსიის წარმომადგენლად გერმანიის კონფედერაციის პარლამენტში. მისგან ელოდნენ, რომ მთელ თავის ძალისხმევას ამ პოსტზე ავსტრიასთან შერიგებას მოახმარდა, თუმცა ავსტრიას სხვა ამბიციები ჰქონდა. მათ 1848 წლისთვის სურდათ გერმანიის გაერთიანება, სადაც წამყვანი ძალა თავად იქნებოდნენ და სწორედ ამის გამო დაეძაბათ ურთიერთობები პრუსიასთან. ბისმარკი ავსტრიასთან შერიგების ნაცვლად ქვეყანას დაუპირისპირდა და გააძლიერა პრუსიის პოზიციები. მას არ მოსწონდა, რომ პრუსიას ისე უყურებდნენ, როგორც ავსტრიის უმცროს პარტნიორს.[3] პრუსიელებს ბისმარკის მსგავსი აზრი არ მოსწონდათ, რადგან ავსტრია მოკავშირედ მიაჩნდათ. მისი ქცევა და დიპლომატია ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო ქვეყნის წამყვანი პირებისთვის მოსაწონი, თუმცა ნათლად ჩანდა ის ფაქტი, რომ იგი პრუსიის ერთგული იყო.

ამის შემდგომ, ბისმარკის მისია რუსეთში ელჩობა გახდა და მან ეს იმდენად კარგად გააკეთა, რომ რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ[4] იგი თავის სამსახურში მიიწვია, თუმცა მან ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა. ამის შემდგომ იგი საფრანგეთში იყო ელჩი, სადაც ლუი-ნაპოლეონს[5] დაუახლოვდა. ლუიმ იგი ჩვეულებრივ დიპლომატად მიიჩნია და ეს შეცდომა საბოლოოდ ძვირად დაუჯდა.

უკვე 1862 წელს, პრუსიის მეფემ ოტო ფონ ბისმარკი კანცლერად დანიშნა. მას მეფის პარლამენტთან წარმოქმნილი უთანხმოება უნდა მოეგვარებინა. უთანხმოება შეეხებოდა იმას, რომ მეფე ვილჰელმ I-ს[6] სურდა არმიის გაძლიერება და მისი რიცხვობრივად მომატება, თუმცა პარლამენტი ამაზე უარს აცხადებდა. ბისმარკს ამჯერადაც ჰქონდა საკუთარი გეგმები და მან სწრაფადვე მოაგვარა პარლამენტთან არსებული უთანხმოება. ამის შემდგომ მთლიანად ხელთ იგდო საგარეო პოლიტიკაზე კონტროლი, რაც მანამდე არც ერთ კანცლერს არ გაუკეთებია. მისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო ნაციონალისტური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც პარლამენტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ.

ამის მიუხედავად გერმანიის გაერთიანების მისია ჩანდა შეუძლებელი, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის ინტერესებსაც, რომლის ხარჯზე XVII საუკუნიდან მოყოლებული გერმანია ძლიერდებოდა. აგრეთვე, ეს არ აწყობდა ავსტრიასაც და გაერთიანების წინააღმდეგი იყო რუსეთიც.

დაფინანსების გასაზრდელად იდეალური იყო დანიასთან ომი, სადაც 1864 წელს მის წინააღმდეგ იბრძოლეს პრუსიამ და ავსტრიამ, რადგან მან დაარღვია საერთაშორისო შეთანხმებები და მოინდომა გერმანული მხარის თავის ტერიტორიაში მთლიანი ინტეგრაცია. დანია საბოლოოდ დამარცხდა და ორი მხარე, შლეზვიგისა და ჰოლშტაინის საჰერცოგოები პრუსიასთან ერთად, ავსტრიამ გაინაწილა. ბისმარკმა არ დათმო თავისი პოზიცია მას შემდეგ, რაც საქმე ტერიტორიის გაყოფაზე მივიდა. ავსტრია ამ შემთხვევაშიც ცდილობდა თავისი მოთხოვნების წამოყენებას, თუმცა პრუსია არაფრის დათმობას არ აპირებდა. ბისმარკს სურდა, რომ ავსტრიელებს ქვეყანა თანასწორუფლებიანად ეღიარებინა, თუმცა ისინი ამას არ აპირებდნენ. იგი ამ მიზნის მისაღწევად მზად იყო წასულიყო პირდაპირ კონფრონტაციაზე.

ავსტრიის და პრუსიის დაპირისპირება 1866 წელს ომამდე მივიდა, რაც ბისმარკისთვის ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან ბევრი პრუსიელი აკრიტიკებდა მას ამისთვის. ამის მიუხედავად მან ყველაფერი გააკეთა, რათა პრუსია ამ ომში გამარჯვებული გამოსულიყო და მოკავშირე იპოვა იტალიის სახით. ამ ყველაფერმა ლუი-ნაპოლეონი დაარწმუნა, რომ არ უნდა ჩაბმულიყო ომში, რადგან ეს კონფლიქტი გაიწელებოდა და ორივე მხარეს დაასუსტებდა. სინამდვილეში ეს ასე არ მოხდა და პრუსიელებმა ავსტრია მალევე დაამარცხეს. საბოლოოდ მათ არ აიღეს ვენა და გააფორმეს ზავი[7] მოწინააღმდეგე მხარესთან. ბისმარკს კარგად ესმოდა, რომ ავსტრია მომავალში შეიძლება მოკავშირის სახით დასჭირვებოდა და სწორედ ამიტომ მოერიდა მის დამცირებას. რაც შეეხება ზავს, მასში მხოლოდ ერთი პირობა იყო, რომ ავსტრია გერმანიის საქმეებს ჩამოშორებოდა, რითაც ბისმარკმა გაერთიანებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მისი მიზანი იყო ისიც, რომ ბრიტანეთი, რუსეთი და საფრანგეთი პრუსია-ავსტრიის ომის დროს ნეიტრალურნი ყოფილიყვნენ, რაც მას ძალიან კარგად გამოუვიდა.

ამის შემდგომ გერმანიის გაერთიანების წინაღობად დარჩა მხოლოდ რუსეთი და საფრანგეთი. აღნიშნულთაგან პირველთან, ბისმარკს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო ლუი-ნაპოლეონი უკმაყოფილო იყო იმით, რომ პრუსიამ გერმანიაში პოზიციები გაიმყარა. საფრანგეთმა ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ ბისმარკს მოსთხოვა ბელგია, ხოლო მას შემდეგ, რაც მან ფრანგებს გამოსტყუვა წერილობითი დოკუმენტი მათთან მოლაპარაკებები გაწყვიტა. ამ მოვლენებიდან მალევე, ფრანგებმა 1870 წელს პრუსიას ომი გამოუცხადეს. ამ ომში ფრანგები მარტო დაუპირისპირდნენ პრუსიას, რომელსაც გვერდში ყველა გერმანული სახელმწიფო დაუდგა. სწორედ აქ გამოიყენა ბისმარკმა დოკუმენტი, რომელშიც ეწერა თუ როგორ ითხოვდა საფრანგეთი ბელგიას და მოახერხა, რომ მტრულად განეწყო გერმანული სახელმწიფოები. პრუსიელთა ჯარმა მალევე დაამარცხა ფრანგები და ლუი-ნაპოლეონი ჩაიგდო ტყვედ. ამ მოვლენების შემდეგ გერმანიის გაერთიანებას წინ აღარაფერი ედგა. ბისმარკმა მოახერხა და 1871 წლის 18 იანვარს ვერსალის სასახლეში დაასრულა გერმანიის გაერთიანება, რითაც გერმანიის იმპერია გახდა ევროპაში დომინანტი ძალა. იგი ამ პერიოდიდან გახდა გაერთიანებული გერმანიის კანცლერი, ხოლო ვილჰელმ I-მა თავი გერმანიის იმპერიის იმპერატორად გამოაცხადა.

შემდგომი წლიდან ბისმარკის უმთავრესი საზრუნავი გახდა არსებული ვითარების შენარჩუნება, რადგან მან შექმნა გერმანია, რომელიც ევროპის უძლიერესი სახელმწიფო იყო და მის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა ძალთა ბალანსი. მას აღარ სჭირდებოდა ომები, რადგან საკმარისად იყო გაფართოებული და ეს მხოლოდ არეულობას მოიტანდა, შესაბამისად დაიწყო ზრუნვა მშვიდობისა და განვითარებისთვის.

ბისმარკმა ევროპაში ახალი სისტემა შექმნა, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავდა. მან რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულება[8], რომლის მიხედვით თუ სახელმწიფოებს ომი ექნებოდათ სხვა ქვეყანასთან, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. სამთა კავშირის სახით ერთიანდებოდნენ გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია. არსებობდა შეთანხმება ბრიტანეთთანაც, რაც მიზნად ისახავდა ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში სტატუს-კვოს დაცვას. აგრეთვე იყო გერმანულ-რუმინული ალიანსიც. აღნიშნული შეთანხმებებიდან ზოგიერთი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ბისმარკი კარგად ახერხებდა მის კონტროლს. ამავდროულად, ცდილობდა საფრანგეთის იზოლაციასაც, რომელიც მთავარ საფრთხედ აღიქმებოდა. შეიქმნა სამი იმპერატორის ლიგაც, რომელიც აერთიანებდა გერმანიის იმპერიის, რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთს. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა თავდაპირველად ალექსანდრე II-მ და ფრანც იოზეფ I-მა[9], ხოლო მოგვიანებით მათ შეუერთდა ვილჰელმ I. მსგავსი დიპლომატიის წყალობით კონტინენტის მასშტაბით იყო მშვიდობა, ხოლო გერმანია თანდათან ძლიერდებოდა. ბისმარკი ხვდებოდა, რომ მსგავსი ვითარება დიდხასნს არ გასტანდა და იგი წინასწარმეტყველებდა კონფლიქტს, რომელიც ბალკანეთზე დაიწყებოდა, თუმცა აღნიშნავდა, რომ თვითონ სხვის გამო არ გაეხვეოდა შარში.

მოგვიანებით, 1890 წელს ბისმარკი თანამდებობიდან გერმანიის ახალმა იმპერატორმა ვილჰელმ II-მ[10] გადააყენა, რადგან ისინი ვერ შეეწყვნენ.[11] ვილჰელმს მიაჩნდა, რომ ბისმარკი ზედმეტად ფრთხილი იყო და გერმანიის იმპერია უფრო მეტს იმსახურებდა. ოტო ფონ ბისმარკის წასვლიდან მალევე ჩამოიშალა აღმოსავლეთის ბლოკი, საფრანგეთმა განაგრძო გაძლიერება, ხოლო რუსეთმა დამოუკიდებლად დაიწყო მანევრირება ბალკანეთში. ახალმა ხელისუფლებამ ბისმარკის სისტემა მთლიანად მოშალა და 1914 წლისთვის[12] გერმანია ომში ჩართული აღმოჩნდა რუსეთთან, საფრანგეთთან და ბრიტანეთთან, რომელთაც მალევე შეუერთდა იტალია და ამერკია.

ბისმარკი წასვლის მიუხედავად მაინც ახდენდა ზეგავლენას მიმდინარე პროცესებზე და ცდილობდა დაბრუნებას, თუმცა ეს არ გამოუვიდა და გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1897 წელს იწინასწარმეტყველა: „იენის ბრძოლა ფრიდრიხ დიდის გარდაცვალებიდან სულ რაღაც 20 წელიწადში შედგა. მსგავსი უბედურება გველის ჩემი გარდაცვალებიდან 20 წელიწადში, თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდა“.[13]

image


საბოლოო ჯამში, ოტო ფონ ბისმარკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო გერმანიის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი დაუდო გერმანიის იმპერიის ჩამოყალიბებას. მის სახელთან ასოცირდება რეალპოლიტიკა[14], რომელსაც იგი იყენებდა ძალიან წარმატებულად. სწორედ ბისმარკი შეიძლება მივიჩნიოთ იმ პიროვნებად, რომელმაც ჩამოაყალიბა ერთიანი გერმანიის იმპერია რეალპოლიტიკის გამოყენებით. იგი კარგად სარგებლობდა იმ წინააღმდეგობებით, რომლებიც არსებობდა ევროპის დიდ სახელმწიფოებში და მოქმედებდა საჭიროებიებიდან გამომდინარე, რაც ეხმარებოდა საკმაოდ რთულ სიტუაციებში მოენახა საუკეთესო გამოსავალი. მისი მოღვაწეობის პერიოდში გერმანია ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოდ იქცა, რომელიც განვითარდა ეკონომიკურადაც და შეცვალა ბალანსი ევროპაში. მანამ სანამ, ოტო ფონ ბისმარკი იყო გერმანიის იმპერიის მთავრობის სათავეში, ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობები ჰქონოდა სახელმწიფოებთან და არც სურდა ზღვისგადაღმა კოლონიების დაპყრობა. მისი წასვლის შემდგომ ნათლად გამოჩნდა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ადამიანის არსებობას სახელმწიფოს სათავეში, რომელიც იქნება კარგი დიპლომატი და ბისმარკი გერმანიის იმპერიისთვის ამაზე ბევრად მეტს წარმოადგენდა.


სქოლიო

[1] რაიხსკანცლერი - მთავრობის მეთაური გერმანიაში 1945 წლამდე.


[2] გამოჩენილი ადამიანები, რკინის კანცლერის საიდუმლო.

[3] ოტო ფონ ბისმარკი (1915-1989), რატი თვალავაძე; 4 ნოემბერი. 2016 წელი.

[4] ალექსანდრე II - რუსეთის იმპერატორი 1855 - 1881 წლებში.

[5] ნაპოლეონ III, შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი - საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი (1848 – 1852), საფრანგეთის იმპერატორი (1852 – 1870).

[6] ვილჰელმ I (ვილჰელმ ფრიდრიხ ლუდვიგ ფონ ჰოენცოლერნი) - პრუსიის მეფე 1861 - 1888 წლებში და გერმანიის კაიზერი 1871 - 1888 წლებში.

[7] პრაღის ზავი - დაასრულა ავსტრო-პრუსო-იტალიური ომი.

[8] 1887 წლის რუსეთ-გერმანიის “გადაზღვევის“ ხელშეკრულება.

[9] ფრანც იოზეფ I - ავსტრიის მესამე იმპერატორი და უნგრეთის მეფე 1848 - 1916 წლებში.

[10] ვილჰელმ II - გერმანიის კაიზერი და პრუსიის მეფე 1888 - 1918 წლებში.

[11] Otto von Bismarck (1815 - 1898), BBC.

[12] 1914 - 1918 წლები - პირველი მსოფლიო ომი.

[13] დიპლომატიის ისტორია XIX საუკუნე, თორნიკე შარაშენიძე; 21 დეკემბერი, 2015 წელი.

[14] რეალპოლიტიკა - პოლიტიკა ან დიპლომატია, რომელიც დაფუძნებულია მოცემული სიტუაციისა და ფაქტორების განსაზღვრით.


გამოყენებული ლიტერატურა

Otto von Bismarck (1815-1898). (n.d.). Retrieved from http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/bismarck_otto_von.shtml

Realpolitik: Definition, Meaning & Diplomacy. (n.d.). Retrieved from https://study.com/academy/lesson/realpolitik-definition-meaning-diplomacy.html

თვალავაძე, რ. (2016 წლის 4 ნოემბერი). ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898). მოპოვებული https://politicalreviewer.wordpress.com/2016/11/04/bismarck-germany/-დან

ნინო კიღურიძე, რ. გ. (2012). ისტორია 12. თბილისი: ბაკურ სულაკაური.

ფონდი, ს. ს. (2015). გამოჩენილი ადამიანები - რკინის კანცლერის საიდუმლო. მოპოვებული https://www.gfsis.org/files/my-world/10/gamochenili%20adamianebi.pdf-დან

შარაშენიძე, თ. (2013). დიპლომატიის ისტორია XIX საუკუნე. თბილისი: ბაკურ სულაკაური.


0
292
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ჩოგოვაძე
თამარ ჩოგოვაძე
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0