x
ცხოველების განთავისუფლება
image
ერთ ქალაქში გაშენებული იყო ზოოპარკი, სადაც ბევრი ცხოველი იმყოფებოდა:ლომი, დათვი, ვეფხვი, მაიმუნები, მგელი, ბეჰემოთი, აქლემი და ა.შ. ყველას ცალ-ცალკე გალია ჰქონდა, აჭმევდნენ, უვლიდნენ. ყოველ საღამოს ასობით ბავშვი მიდიოდა მათ სანახავად, მაგრამ ისინი თავიანთ თავებს მაინც არ ჰგვანდნენ. მხოლოდ ერთი ფიქრი აწუხებდათ, თავი დაეღწიათ აქაურობისთვის და ტყეში გაენავარდათ. აქ მხოლოდ სანახაობებად თვლიდნენ თავს და მეტი არაფრად. სულ მოწყენილები იყვნენ.

image ამავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭი, ბექა, რომელსაც ცხოველები ძალიან უყვარდა. სათამაშოებიდანაც განსაკუთრებით ცხოველები ჰყავდა გამორჩეული, რომელთაც სულ ელაპარაკებოდა და ხატავდა. ბექაც სულ იმის ფიქრში იყო, როგორ დაეხსნა ცხოველები ზოოპარკიდან. ვერ იტანდა, გალიებში რომ იყვნენ გამომწყვდეულები.

ერთ დღეს ბექამ სიზმარში ნახა მოხუცი კაცი. მან უთხრა: "დადგა შენი ჩანაფიქრის ასრულების დრო. წადი ზოოპარკში, ფიქრით გადაეცი ცხოველებს, რასაც გააკეთებდი, ისინი შენს ფიქრს მიხვდებიან და ყველაფერი გამოგივა."

მეორე დღეს ბექა წავიდა ზოოპარკში. თითქოს ცხოველებიც მიხვდნენ რაღაცას, მოაწყდნენ გალიებს და გაირინდნენ. ბექამ გაიფიქრა: "მე გვიან ღამით მოვალ და ყველას გაგანთავისუფლებთ". ცხოველები გამხიარულდნენ.


ბექა დაბრუნდა სახლში. მოამზადა რკინის ხერხი გალიების კარის გადასახერხად. დაღამდა თუ არა, გაეშურა ზოოპარკისკენ. ყველა გალიის კარი გადახერხა. შემდეგ გაიფიქრა: "მომყევით ძალიან ჩუმად". ცხოველები ფრთხილად გამოვიდნენ გალიებიდან. გავიდნენ ქალაქში. წინ ბექა მიდიოდა, უკან ცხოველები მისდევდნენ ძალიან ჩუმად. ვინმეს რომ გადმოეხედა, ალბათ საოცარიც და საშიშიც იქნებოდა ამის დანახვა. როგორც იქნა ტყეს მიაღწიეს. გახარებულმა ცხოველებმა იღრიალეს და ტყეში შევარდნენ. მერე მიხვდნენ, რომ ბექასთვის მადლობაც არ გადაუხდიათ, უცებ შედგნენ, ორ ფეხზე წამოიმართნენ და თათები დაუქნიეს. ბექა გახარებული დაბრუნდა სახლში.

მეორე დღეს ქალაქში აურზაური ატყდა. მარტო ბექა იყო მშვიდად. მართალია, ზოოპარკში ბავშვები რომ მივიდოდნენ, ვეღარ ნახავდნენ ცხოველებს, მაგრამ სამაგიეროდ ისინი თავისუფლები იყვნენ და ბექას ეს უხაროდა.

2
55
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
55
  
2012, 1 ივლისი, 17:47
რა კარგი იქნება ყველა ბავშვი რომ ასეთი იყოს!
2012, 13 აპრილი, 10:08
ისეთი საყვარელი ბავშვი ხარ... სიტყვები არ მყოფნის!
0 1 2