x
image
არჩილ ვერულიძე
ებრაელი ბავშვების გადარჩენა ბუხენვალდში
image

მიწისქვეშა ბანაკის ორგანიზაციას მიაჩნდა, რომ იმ ბლოკის ხელმძღვანელად, რომელშიც ბავშვები იყვნენ მოთავსებულნი, უნდა დანიშნულიყო ადამიანი, რომელსაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდა პედაგოგიკის დარგში. ზედმიწევნით შერჩევის შემდეგ არჩევანი ჩვენს მეგობარ ვილჰელმ გამანზე შეჩერდა.


იგი პროფესიით სკოლის პედაგოგი იყო და ფლობდა აუცილებელ თვისებებს იმისთვის, რომ ამ არც თუ ისე მარტივი დავალებისთვის თავი გაერთმია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი ვილჰელმი დაბალი იყო, ის ძალიან დაჟინებული და ენერგიული პიროვნება გახლდათ. სირთულეებთან შეჯახება გვიხდებოდა, მაგრამ საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრების რომელ სფეროში არ იყვნენ ისინი!


დიდი ხნის განმავლობაში ვილჰელმი იყო "ბავშვთა ბლოკის" ხელმძღვანელი. ბავშვებისადმი მოთმინებისა და სიყვარულის წყალობით, ის გახდა ბავშვების თანამოაზრე და მეგობარი, მოიპოვა მათი ნდობა.



ერთ-ერთ ბოლო დღეს, განთავისუფლების წინ, ბავშვთა ბლოკში SS-ის ოთხი წარმომადგენელი გამოჩნდა და ბლოკის ხელმძღვანელისგან მოითხოვა, რომ მას ყველა ებრაელი ბავშვი შეეკრიბა. კანცელარიიდან ვილჰელმმა უკვე მიიღო მინიშნება იმის შესახებ, რომ ებრაელი ბავშვების განადგურება იგეგმებოდა. ამრიგად, მან უკვე იცოდა, რომ SS-ი აპირებდა საზარელი დანაშაულის ჩადენას. ბლოკში მრავალენოვანი ბავშვები იყვნენ, ვილჰელმი, შეძლებისდაგვარად, შეეცადა აეხსნა მათთვის, რომ კითხვაზე: «ვინ არის აქ ებრაელი?» - არავითარ შემთხვევაში არ ეპასუხათ.


თავიდან მან სცადა SS-ის წარმომადგენლებითვის განემარტა, რომ ბლოკში აღარ იყვნენ ებრაელი ბავშვები. ამ გამბედავმა პასუხმა გამოიწვია SS- ის გაბრაზება, ცემისა და ჩამოხრჩობის მუქარა. მაგრამ, ამას გავლენა არ მოუხდენია ჩვენს პატარა ვილჰელმზე, რადგან მას ახალი არაფერი გაუგია, ტყუილად არ ჰქონდა თერთმეტწლიანი გამოცდილება SS-თან ურთიერთობაში. ხანგრძლივი ჩხუბის, შეურაცხყოფისა და ცემის შემდეგ, ოთხი ჯალათი ტოვებს ბლოკს და ჭიშკრისკენ მიემართება. დამქანცველი ლოდინი. დაბრუნდებიან ისინი?


დაუშვებელია, რომ დაუცველი ბავშვები ბოლო წუთს მოკლან. ვილჰელმი რამდენიმე მეგობართან ნაჩქარევად განიხილავდა საკითხს, თუ როგორ მოქცეულიყო ჯალათების დაბრუნების შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში არ გავხდებით ბავშვების მკვლელობის მონაწილეები! - ეს იყო განხილვის საბოლოო შედეგი. ”მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ებრაელი ბავშვების მკლელობის თანამონაწილედ ვიქცე.” - ეს არის ჩვენი მამაცი მეგობრის, ვილჰელმის სიტყვები. ამ საათებში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო "ბავშვთა ბლოკში". ვილჰელმის მტკიცე რწმენა და სიმშვიდე გვარწმუნებდა, რომ ბავშვები გადარჩებოდნენ.


მალე SS-ის ჯალათები დაბრუნდნენ. ამჯერად სიტუაცია უფრო გართულდა. მკვლელებმა ბევრი დალიეს და ამ მდგომარეობაში მათგან კიდევ უფრო დიდ არაადამიანობას ველოდით. სიბრაზითა და შეძახილებით შევიდნენ ბავშვთა ბლოკში. შეშინებული ბავშვები კუთხეებში იმალებოდნენ. ვილჰელმ გამანი კვლავ ცდილობდა გავლენა მოეხდინა SS– ის წევრებზე, იმ ტაქტიკით, რიმელიც უკვე არაერთხელ გამოიყენებოდა SS– ის წინააღმდეგ ბანაკში.


არაფერი მოქმედებდა. ყველა ბავშვი უნდა გამოვიდეს ბლოკის წინ. "ებრაელები გამოდიან წინ!" - ყვიროდა ერთ-ერთი შარფიურერთაგანი. ბავშვები დუმდნენ, ჩამოწვა ყრუ სიჩუმე.

image

ბავშვებმა იცოდნენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მათ ბლოკის ხელმძღვანელმა ხომ უკვე აუხსნა რაშიც იყო საქმე. ვილჰელმ გამანი კიდევ ერთხელ ცდილობდა გაეპროტესტებინა: « ბავშვებს არ ესმით გერმანული». მაშინ ჯალათებმა თარჯიმანს უხმეს. კანცელარია მომზადებული იყო ასეთი შემთხვევისთვის. ბანაკში არავის სურდა გამხდარიყო SS-ის მკვლელების თარჯიმანი. ნასვამი SS-ის ჯარისკაცები ძალიან გაბრაზდნენ.


ამასთან, ვილჰელმი სიტყვას ასრულებდა, ის მზად იყო ველაფერი გაეკეთებინა ბავშვების გადასარჩენად. ჯალათები კვლავ ყვიროდნენ: «ებრაელები გამოვიდნენ წინ!» გული გვიჩერდებოდა, პატარა ებრაელი ბიჭი გამოვიდა წინ. ვილჰელმი მაშინვე მივარდა მასთან ყვირილი დაუწყო:« შენ მითხარი, რომ არ ხარ ებრაელი!» მან ბიჭი რიგში დააბრუნა. ეჭვგარეშეა, რომ სხვებიც გაჰყვებოდნენ ამ პატარა ებრაელს, რომ არა ვილჰელმ გამანის ეს უაღრესად გაბედული საქციელი.


ჩვენი მეგობრის ვილჰელმის მამაცური, სიცოცხლისათვის საშიში ქმედების შედეგად, აგრეთვე თარჯიმნის არარსებობის გამო, SS-ის წარმომადგენლებში გაურკვევლობა და დაბნეულობა გაჩნდა. ისინი კვალვ გაემართნენ ჭიშკრისკენ, ახალი ინსტრუქციების მისაღებად. ებრაელი ბავშვების მკვლელობის მცდელობა მეორედ იქნა აღკვეთილი.


მაგრამ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა, რადგან SS- ის წარმომადგენლებს შეიძლება კვლავ ეცადათ თავიანთი საშინელი გეგმის განხორციელება. ჩვენი ნებისყოფა წინააღმდეგობის გაწევისკენ ძლიერდებოდა. ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა ბავშვები ბანაკში დაგვემალა. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდით ებრაელი ბავშვების ბოლო წუთს სიკვდილს.


საბედნიეროდ, დღის მეორე ნახევარში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ასეთ მომენტში ფაშისტები მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. მოკლე დროით ბავშვებისთვის საშიშროების აღმოფხვრა მოხდა. ყველაფერი მოვამზადეთ, რომ ბავშვები ღამით ბანაკში დაგვემალა.


SS-ი ღამით დაბრუნდა ბანაკში. მეორე დღეს მოკავშირეთა ჯარები მოუახლოვდნენ ბანაკს და გერმანელები ვერ ბედავდნენ პატიმრებთან თავის გამოჩენას. ჩვენმა დაუვიწყარმა ვილჰელმ გამანმა ბოლო მომენტში შეძლო მრავალი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა თავისი გადამწყვეტი ქმედებით. არაადამიანურობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის პიროვნების უგულებელყოფის დროს ჩადენილ უამრავ საგმირო საქმეს მან დაამატა კიდევ ერთი გმირული საქციელი.

0
216
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0