x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348074
  • სურათი:468822
დიდი დიქტატორის სიტყვა
image


"მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა ვიყო იმპერატორი. ეს ჩემი საქმე არ არის. მე არ მსურს ვინმეს მმართველობა ან დაპყრობა. მე მინდა ყველას დავეხმარო, თუ ეს შესაძლებელია, იქნება ეს ებრაელი, წარმართი, შავი თუ თეთრი. ჩვენ ყველას გვსურს ერთმანეთის დახმარება. ადამიანი ასეთია. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ერთმანეთის ბედნიერებით, არა ერთმანეთის გაჭირვებით. ჩვენ არ გვსურს ერთმანეთის სიძულვილი და ზიზღი. ამ სამყაროში ყველასთვის მოიძებნება თავისუფალი ადგილი. კეთილი დედამიწა მდიდარია და ყველაზე შეუძლია იზრუნოს. ცხოვრების გზა შეიძლება იყოს ლაღი და ლამაზი, მაგრამ ჩვენ ეს გზა დავკარგეთ.


სიხარბემ ადამიანთა სულები მოწამლა, სიძულვილის ბარიკადებმა ჩახერგა სამყარო, ჩაგვაგდო სიდუხჭირესა და სისხლისღვრაში. ჩვენ განვავითარეთ სიჩქარე, მაგრამ ჩავიკეტეთ მასში. ტექნოლოგიებმა, რომლებიც დოვლათს ქმნის, საჭიროებები გაგვიჩინა. ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ჭკუა-გონებამ, გულქვა და არაკეთილსინდისიერი. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ძალიან ცოტას ვგრძნობთ. მანქანებზე მეტად ჰუმანურობა გვჭირდება, ჭკუაზე მეტად კი - სიკეთე და გულმოწყალება. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ულმობელი გახდება და ყველაფერი დაიკარგება.


თვითმფრინავმა და რადიომ დაგვაახლოვა. ამ გამოგონებების ბუნება ღაღადებს ადამიანთა სიკეთეზე - ჩვენს სწრაფვაზე საყოველთაო ძმობისკენ - ყველას ერთიანობისკენ. ახლაც, ჩემი ხმა მილიონებს ესმით მთელს მსოფლიოში, მილიონობით სასოწარკვეთილ კაცს, ქალსა და პატარა ბავშვს - იმ სისტემის მსხვერპლთ, რომელიც აიძულებს აწამონ და დააპატიმრონ უდანაშაულო ადამიანები.



მათ, ვისაც ესმის, მივმართავ - არ იდარდოთ. განსაცდელი, რაც ახლა ჩვენს თავზეა, არის სიხარბის შედეგი - ადამიანების გამწარება, რომელთაც შიში იპყრობთ ადამიანური პროგრესის გამო. ეს სიძულვილი გაივლის და დიქტატორები მოკვდებიან, ხალხისგან მიღებული ძალაუფლება კი ისევ ხალხს დაბრუნდება. ადამიანები იღუპებიან, თავისუფლება კი არასოდეს დაიღუპება.


ჯარისკაცებო! ნუ ჩაუვარდებით ხელში პირუტყვებს, ადამიანებს, რომლებსაც სძულხართ, გამონებენ, ვინც მართავს თქვენს ცხოვრებას, გკარნახობთ რა უნდა გააკეთოთ, რაზე იფიქროთ და რას უნდა გრძნობდეთ! ვინც წვრთნებს და დიეტას გიწესებთ - პირუტყვივით გექცევათ, საზარბაზნე ხორცად გიყენებთ. ნუ ჩაუგდებთ თავს ხელში ამ არაადამიანებს, მანქანებს, მანქანური გონებით და მანქანის გულებით! თქვენ არ ხართ მანქანები! თქვენ პირუტყვები არ ხართ! თქვენ ადამიანები ხართ! თქვენ გულში კაცობრიობის სიყვარული გაქვთ! თქვენ არ გძულთ! სძულთ მხოლოდ მათ, ვისაც სიყვარული არ აქვთ, ვინც არაადამიანები არიან! ჯარისკაცებო, არ იბრძოლოთ მონობისათვის, იბრძოლეთ თავისუფლებისათვის!


წმინდა ლუკას (სახარების) მე -17 თავში წერია: ”ღვთის სამეფო არის ადამიანში” - არა ერთ კაცში და არც კაცთა ჯგუფში, არამედ ყველა ადამიანში, თქვენში! თქვენ, ხალხს გაქვთ ძალა - ძალა, შექმნათ მანქანები, ბედნიერების შექმნის ძალა! თქვენ, ხალხს, გაქვთ ძალა, გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი, აქციეთ ეს ცხოვრება მშვენიერ თავგადასავლად.


მაშ, დემოკრატიის სახელით - გამოვიყენოთ ეს ძალა, ყველანი გავერთიანდეთ. მოდით ვიბრძოლოთ ახალი სამყაროსთვის - ღირსეული სამყაროსთვის, რომელიც მისცემს ადამიანებს შანსს იმუშაონ, მისცემს ახალგაზრდებს მომავალს და ხანდაზმულებს - უსაფრთხოებას. ამ დაპირებებით, პირუტყვები ხელისუფლებაში მოვიდნენ. მაგრამ ისინი იტყუებიან! ისინი არ ასრულებენ იმ დაპირებას. ისინი არც არასოდეს შეასრულებენ!


დიქტატორები ათავისუფლებენ საკუთარ თავს, მაგრამ მონობაში ამყოფებენ ხალხს! მოდით ვიბრძოლოთ ამ დაპირების შესასრულებლად! მოდით ვიბრძოლოთ მსოფლიოს გასათავისუფლებლად, ეროვნული ბარიერებისგან გასათავისუფლებლად, სიხარბის მოსაშორებლად, სიძულვილისა და შეუწყნარებლობისგან გასათავისუფლებლად. მოდით ვიბრძოლოთ გონივრული სამყაროსათვის, სამყაროსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი მოიტანს ყველა ადამიანის ბედნიერებას. ჯარისკაცებო! დემოკრატიის სახელით, ყველანი გავერთიანდეთ!"


"დიდი დიქტატორი" ამერიკული კინოხელოვნების ერთ-ერთი უძველესი მარგალიტია და ის ზუსტად 80 წლის არის. ფილმი წარმოადგენს პოლიტიკურ სატირას და საინტერესოა მრავალი თვალსაზრისით. ჩარლი ჩაპლინი თავად არის სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი და ორი მთავარი როლის შემსრულებელი.


ალბათ ყველაზე პოპულარულ, ხუთწუთიან გამოსვლაში, რითაც სრულდება აღნიშნული ფილმი, ჩაპლინი იხსნის კომიკურ ნიღაბს და პირდაპირ მიმართავს ხალხს. მის ამ ცნობილ, პაციფიზმით გამსჭვალულ სიტყვაში, იგი მსოფლიოს გადასცემს უმნიშვნელოვანეს მესიჯებს. ის მიმართავს სრულიად კაცობრიობას და უზიარებს მათ თავის შეხედულებებს თანამედროვე ცხოვრების შესახებ. ის გმობს ძალადობას და ამბობს, რომ ხალხი არის ძალა და ისინი უნდა დადგნენ დიქტატორების წინააღმდეგ, მშვიდობიანად გაერთიანდნენ უკეთესი მომავლის ასაშენებლად. ეს იყო განცხადება ფაშიზმის წინააღმდეგ, ღირსეული ადამიანის მოწოდება ჰუმანურობისაკენ, კეთილსინდისიერებისკენ, ლოიალურობისკენ, გულმოწყალებისკენ, ხალხთა შორის ძმობისა და სოლიდარობისაკენ. ამბობენ, რომ ჩარლი ჩაპლინმა ფილმს თავისი 5 წუთიანი დასკვნითი გამოსვლა დაამატა მხოლოდ ჰიტლერის მიერ 1940 წელს საფრანგეთში შეჭრის შემდეგ.


ფილმი აქტუალურ მოვლენებს ეხმიანება და გმობს ფაშიზმის და დიქტატურის იდეას. როგორც ამბობენ, მან გამოიწვია ადოლფ ჰიტლერის, ბენიტო მუსოლინის, ფაშიზმის იდეოლოგების და ნაცისტების აღშფოთება. ამ დროს შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ფორმალურად მშვიდობიან ურთიერთობაში იყო ნაცისტურ გერმანიასთან, ის ნეიტრალურობას ინარჩუნებდა მეორე მსოფლიო ომის პირველ პერიოდში. არსებობს მოსაზრება, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ აშშ-ში გააქტიურდა მსჯელობა ომში ჩართვის გადაწვეტილების შესახებ.


ჩაპლინი ჰოლივუდის ერთადერთი კინორეჟისორი იყო, რომელიც აგრძელებდა მუნჯი ფილმების გადაღებას ხმოვანი ფილმების ეპოქაში, ეს კი მისი პირველი, ნამდვილი ხმოვანი ფილმი იყო, სადაც ის ასრულებს ორივე მთავარ როლს: დაუნდობელი ფაშისტი დიქტატორის და დევნილი ებრაელი დალაქისას. „დიდი დიქტატორი“ იყო ჩაპლინის პირველი სრულმეტრაჟიანი ნაწარმოები, რომელმაც დაიმსახურა ხუთი ნომინაცია ოსკარის პრემიაზე. ფილმი ძალიან წარმატებული გამოდგა კომერციული თვალსაზრისითაც.



0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0