x
მეტი
  • 31.10.2020
  • სტატია:104513
  • ვიდეო:348261
  • სურათი:469291
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა დედოფლისწყაროში
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 29 სექტემბერს კიდევ სამი კოვიდ დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების ფაქტი კვლავაც სოფელ არხილოსკალოს უკავშირდება. ამ სოფელში ვირუსის შემოტანის პირველი შემთხვევა 25 სექტემბერს დადასტურდა, როცა არხილოსკალოს მკვიდრ ქალბატონს აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა და ბათუმიდან დედოფლისწყაროში დაბრუნების შემდეგ კორონა ვირუსი დაუდასტურდა.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, ახალ სამ შემთხვევას სოფელში დადასტურებულ პირველ შემთხვევასთან არავითარი კავშირი არ აქვს. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ამჯერად ინფიცირებულია დედა ორი შვილით, თუმცა ისინი ადგილობრივები არ არიან. ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი ამბობს, რომ სამივე მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი ქიზიყიTV-სთან საუბრისას ამბობს, რომ 30 სექტემბერს 57 ადამიანის ნიმუში გაიგზავნა, ჯამში კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე დედოფლისწყაროში COVID 19-ზე 1393 მოქალაქე შემოწმდა.



„ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები თბილისიდან ჩამოვიდნენ დედოფლისწყაროში. ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ სოფელ არხილოსკალოში. როცა სიმპტომები გამოუვლინდათ და თავი შეუძლოდ იგრძნეს, საკუთარი ავტომანქანით დაბრუნდნენ დედაქალაქში და გაიარეს ტესტირება. უკვე თბილისში დადასტურდა კორონავირუსის არსებობა. მაგრამ რაკი აქ იმყოფებოდნენ, ჩვენც ჩავერთეთ. მათ კონტაქტი ჰქონდათ არხილოსკალოში მასპინძელ ოჯახთან, სადაც სამი პირი იმყოფებოდა. სამივე მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა 12 დღის განმავლობაში რისკი ისევ არსებობს და ისინი თვითიზოლაციაში რჩებიან და დავაკვირდებით. ამავე სოფელში პირველი ინფიცირებულის კონტაქტირებული 32 პირია დადგენილი, მათი ნიმუშებიც აღებულია, ამჟამად ჯანმრთელები არიან, მაგრამ თვითიზოლაციაში რჩებიან. მისი სამი ახლო მეგობრის ტესტის ნიმუში დღეს გავგზავნეთ თბილისში და ველოდებით პასუხს. ეს სამი შემთხვევა მაინც არ აღირიცხა დედოფლისწყაროში, რადგან შემოვიდნენ და გავიდნენ. ამ დრომდე დედოფლისწყაროში COVID 19-ის ორი შემთხვევა ითვლება. ერთი 1 ივნისის სატვირთოს მძღოლის შემთხვევა და ერთიც ბათუმიდან დაბრუნებული ქალბატონი, “ - აღნიშნავს დედოფლისწყაროს მთავარი ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი.


დედოფლისწყაროს მერიის ინიციატივით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პერიოდულად თერმოსკრინინგი ტარდება. სათანადო ზომებია მიღებული ყველა სახელმწიფო დაწესებულების შენობაში.

0
206
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0