x
მეტი
  • 24.10.2020
  • სტატია:104323
  • ვიდეო:348106
  • სურათი:468919
რა ზეგავლენას ახდენს ომი ლიტერატურაზე? - წიგნები, რომლებიც ომის შთაგონებითაა შექმნილი
image


როცა ომი სრულდება, ლიტერატურა მის გააზრებაში გვეხმარება. ომის ქარცეცხლში იმ მოვლენათა ეპიცენტრში ვართ, რომელიც მისი დასრულების შემდეგ სისასტიკედ, შემზარავად, ყველაზე მტკივნეულ პერიოდად მოგვეჩვენება.


ის ადამიანური ისტორიები, რომელიც უმძიმესმა მოვლენებმა შექმნა ნათლად დაგვანახებს, რისი გავლა მოგვიწია თავად ან რა განიცადეს წლებისა და საუკუნეების წინ მათ, ვინც სიკვდილის შიშით იატაკქვეშ იმალებოდა, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე იყო, ვინც მტრის რიგებს მიაპობდა ან ვინც შვილსა თუ ძმას ომში აცილებდა.


საუკუნეებისწინანდელი ამბები იმდენად შორეულია, რომ გვიჭირს, იმ ადამიანების ტყავში შევძვრეთ, ვინც ომის ტანჯვა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით უახლეს ისტორიაზე. რატომ არის აფხაზეთის ომისა თუ 9 აპრილის მოვლენების გმირებზე დღემდე ასეთი ინტერესი? - ჩვენ ეს საშინელება საკუთარ თავზე გავიარეთ და გვახსოვს, ამიტომ, უკეთ გვესმის მათი ტკივილის, ტანჯვის, გამარჯვებისა თუ თავგანწირვის...



ხშირად, ლიტერატურა დიქტატორების ბუნებას, მათ რეჟიმს, სისტემის უკუღმართობას ერთი პერსონაჟითაც კი გახსნის-ხოლმე. მაგალითად, მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდში“ აღწერილია სისტემის სიმახინჯეთა უმეტესობა, რასაც ადამიანები ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ განადგურებამდე მიჰყავდა; დამოკიდებულება ყოველგვარი ნათელისა და ჰუმანურის მიმართ და ძალიან ცოტას ვკითხულობთ პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ჩვენ უბრალოდ ადამიანების ცხოვრებით ვხედავთ, რას წარმოადგენდა ფაშიზმი და მისი მხარდამჭერები.


იგივე შეგვიძლია ვთქვათ ერიხ მარია რემარკის „ტრიუმფალური თაღის“ მთავარ გმირ, გერმანელ ლტოლვილ ექიმ რავიკზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე პარიზში გამოიქცა. ეს არის მძიმე ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი ადამიანის ისტორია, რომელიც მეტწილად განცდებზე მოგვითხობს და გვაჩვენებს, როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე მძიმე დრო, რომელშიც ის ცხოვრობს.


ომისდროინდელი, ომგამოვლილი ადამიანის მიმართ ინტერესი არ წყდება. რაც დრო გადის, სხვანაირად ვუღრმავდებით მათ ისტორიებს. სწორედ ლიტერატურაა მათთვის საუკუნო სიცოცხლის შთაბერვის შესაძლებლობა, ისევე როგორც ეს გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის შემთხვევაში მოხდა.


ოსკარ შინდლერმა საკუთარი სისოცხლის ფასად, გაზის კამერებისგან იხსნა 1300 ებრაელი და წუხდა, რომ მეტის გადარჩენა ვერ შეძლო. ავსტრალიელმა მწერალმა თომას კენილიმ მისი სახელი მკითხველთა და კრიტიკოსთა მიერ აღიარებული რომანის „შინდლერის სიით“ უკვდავყო. ამავე რომანის მიხედვით ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებულმა ფილმმა კი შინდლერის სახელი და ჰუმანური აქტი მსოფლიოს გააცნო.


თომას კენილის „შინდლერის სია“ გამოსვლის შემდეგ, არაერთ ენაზე ითარგმნა და მილიონობით მკითხველმა გაიცნო, თუმცა ათობით წელია, პოპულარული ლიტერატურული ნაწარმოებების სიაშია და მის მიმართ ინტერესი ისევ არ ცხრება.


სწორედ ამიტომ, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, ახალი სერია - „ომებსა და ადამიანებზე“ სწორედ ამ ნაწარმოებით დაიწყოს. პროექტი ომის თემატიკაზე, ომის ეპოქასთან დაკავშირებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აერთიანებს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია და რომელიც მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. „პალიტრა L”-ში განმარტავენ, რომ გამომცემლობის მიზანია, თანამედროვე და აღიარებული ნაწარმოებები, რომელიც ომის თემატიკაზეა შექმნილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ამიტომ 1-ლი ოქტომბრიდან ჟურნალ „გზასთან" ერთად, ის სპეციალურ ფასად - 8 ლარად გაიყიდება (ჟურნალთან ერთად - 10 ლარი).


რატომ „შინდლერის სია“?


რედაქტორები მიიჩნევენ, რომ სწორედ „შინდლერის სია“ იმსახურებს პროექტის გახსნას, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, მძიმე, საინტერესო და პოპულარული ნაწარმოებია. ამავე პროექტის ფარგლებში, თავიდან დაიბეჭდება ნაწარმოებები, როგორიცაა მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“; ჰიზერ მორისის „აუშვიცის ტატუისტი“; ენტონი დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ და სხვა. ამასთან, სერიის ფარგლებში „პალიტრა L” გეგმავს, გამოსცეს ახალი წიგნებიც.


ყველა მათგანი მოგვცემს საშუალებას, შორიდან შევხედოთ და ადამიანური ისტორიებით აღვიქვათ ის უმძიმესი განსაცდელი, რისი გამოვლაც მაშინდელ მსოფლიოში მოუწიათ.

0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0